ივნისის ბოლოს განვითარებული ცნობილი პოლიტიკური მოვლენების გამო, რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო ფრენები აკრძალა და რამდენიმე კომპანიას ქართული ღვინის რუსეთში შეტანის უფლება შეუჩერა. შესაძლოა, ეს პირველი ნაბიჯებია და რუსეთმა საქართველოს უფრო მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესოს.
ამიტომ მნიშვნელოვანია, ვნახოთ, დღეს საქართველოს ეკონომიკა რამდენად არის დამოკიდებული რუსეთზე და მკაცრი სანქციების პირობებში, რა ზარალი შეიძლება მივიღოთ. რუსეთზე დამოკიდებულების ძირითადი სფეროებია: საგარეო ვაჭრობა, ტურიზმი და ემიგრანტების მიერ გადმორიცხული ფული. ბოლო წლებში აქტუალური აღარ არის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება, რადგან ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის იმპორტში რუსეთს მნიშვნელოვანი წილი აღარ უჭირავს.
საგარეო ვაჭრობა
ბოლო წლებში საქართველო საკმაოდ დამოკიდებული გახდა რუსულ ბაზარზე. 2018 წელს რუსეთში 437 მლნ დოლარის პროდუქცია გავიტანეთ, რაც მთლიანი ექსპორტის 13%-ია, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2.7%.
2006 წელს, როდესაც რუსეთმა საქართველოს ემბარგო დაუწესა, რუსეთის წილი ექსპორტში 18% იყო (154 მლნ დოლარი). ამის შემდეგ რუსეთში ექსპორტი ფაქტობრივად შეწყდა, 2008-2012 წლებში მისი წილი 2%-მდე იყო (საშუალოდ 34 მლნ დოლარი).
რუსეთში ქართული პროდუქციის შეტანა 2013 წლიდან აღდგა, რაც ცალსახად საქართველოს ხელისუფლების ცვლილებით იყო განპირობებული. 2013-2014 წლებში, 2012 წელთან შედარებით რუსეთში ექსპორტი 487%-ით გაიზარდა და 275 მლნ დოლარი შეადგინა. 2015-2016 წლებში ექსპორტი შემცირდა რუსეთში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის გამო, მაგრამ 2017 წლიდან ისევ სწრაფი ზრდა დაიწყო.
საქართველოდან რუსეთში საქონლის ექსპორტში პირველ ადგილზე ფეროშენადნობებია, 2018 წელს 128 მლნ დოლარის გავიტანეთ (რუსეთში ექსპორტის 29%). ასევე უმსხვილესი პროდუქტებია: ღვინო – 115 მლნ დოლარი, მინერალური და მტკნარი წლები – 50 მლნ დოლარი, სპირტიანი სასმელები – 21 მლნ დოლარი. ჯამში, ამ ოთხ პროდუქტზე მთლიანი ექსპორტის 72% მოდის.
2019 წლის იანვარ-მაისში რუსეთში ექსპორტი 28%-ით გაიზარდა და მთლიანი ექსპორტის 14.9% შეადგინა. ცალკე აღებული ღვინის ექსპორტი იანვარ-მაისში 13%-ით გაიზარდა.
ყველაზე მკაცრი სავაჭრო ემბარგოს პირობებში, 2019 წელს საქართველო რუსეთის ბაზრიდან დაახლოებით 300 მლნ დოლარის შემოსავალს დაკარგავს. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ 2006 წლის ემბარგოს და 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი არ განულებულა.
საქართველოს რუსეთთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს: უფრო მეტი პროდუქცია შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს. 2018 წელს რუსეთიდან იმპორტმა 936 მლნ დოლარი შეადგინა (მთლიანი იმპორტის 10%). რუსეთიდან იმპორტში ყველაზე დიდი წილი (21%) ბენზინს უჭირავს. შემდეგ მოდის ხორბალი – 2018 წელს 96 მლნ დოლარის შემოვიტანეთ. ხორბალზე ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში მოხმარებული ხორბლის 90%-მდე რუსეთზე მოდის.
ტურიზმი
ვაჭრობით რუსეთზე დამოკიდებულება ახალი არ არის, მაგრამ ტურიზმით რუსეთზე დამოკიდებულება ნამდვილად ბოლო წლებმა მოიტანა. მეტიც, შემოსავლის მხრივ თუ შევადარებთ, რუსი ტურისტებისგან მეტი ფული შემოდის საქართველოში, ვიდრე რუსეთში საქონლის ექსპორტისგან. 2011 წელს რუსი ტურისტების წილი მთლიან ტურიზმში 7.1% იყო, სულ 220 ათასი ადამიანი შემოვიდა. 2018 წელს 1.4 მლნ ადამიანი შემოვიდა, წილი კი 16.2%-მდე გაიზარდა. 2019 წლის პირველ ხუთ თვეში რუსეთიდან ტურიზმი 31%-ით გაიზარდა და წილმა 18.1%-ს მიაღწია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევის მიხედვით, 2018 წელს ერთმა რუსმა ტურისტმა საქართველოში საშუალოდ 1326 ლარი დახარჯა, რაც 2018 წელს დაახლოებით 500 დოლარი იყო. გამოდის, რომ ყველა რუსმა ტურისტმა ერთად 2018 წელს საქართველოში დაახლოებით 700 მლნ დოლარი დახარჯა (საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 4%). რუსეთიდან საქართველოში შემოსული ტურისტების 70 სახმელეთო ტრანსპორტით, 1% საზღვაო გზით და 29% საჰაერო გზით შემოდის.
თუ დავუშვებთ, რომ რუსეთიდან ტურიზმის შეზღუდვა მხოლოდ საჰაერო ტრანსპორტით შემოსვლას შეეხება და საჰაერო ტრანსპორტით შემომსვლელები სახმელეთო გზით არ ისარგებლებენ, 2019 წლის მეორე ნახევარში დაახლოებით 250 ათასი ტურისტით ნაკლები შემოვა, ვიდრე სანქციების არარსებობის პირობებში შემოვიდოდა. რადგან ერთი ტურისტი საშუალოდ 500 დოლარს ხარჯავს, მთლიანი დანაკარგი 125 მლნ დოლარი იქნება. თუ რუსეთი მოახერხებს და სრულად შეაჩერებს ტურიზმს (თუმცა ამის ალბათობა ძალიან დაბალია), მაშინ წელს დანაკლისი 400 მლნ დოლარამდე გაიზრდება.
ემიგრანტების გადმორიცხული ფული
რუსეთიდან ემიგრანტების გადმორიცხულ თანხაზე საქართველო 1990-იანი წლებიდან მოყოლებული მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. ბოლო წლებში რუსეთიდან ფულადი გზავნილების წილს მთლიან გზავნილებში შემცირების ტენდენცია აქვს, მაგრამ 2018 წელს მისი წილი მაინც მაღალი იყო – 45%. რუსეთიდან გზავნილებმა შემცირება 2014 წლიდან დაიწყო, როდესაც ნავთობის ფასის დაცემამ და უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის ქვეყნებისგან დაწესებულმა სანქციებმა რუსეთში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. 2018 წელს 1.8-ჯერ ნაკლები თანხა გადმოირიცხა საქართველოში, ვიდრე 2013 წელს.
მიუხედავად შემცირებისა, 2018 წელს გადმორიცხული 457 მლნ დოლარი მნიშვნელოვანი თანხაა, თუმცა ფულადი გზავნილების აკრძალვა პრაქტიკულად შეუძლებელია. რუსეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ან რუსეთის მოქალაქეები არიან, ან კანონის დაცვით აქვთ მოპოვებული რუსეთში ცხოვრების უფლება და, შესაბამისად, 2006 წლის მსგავსად მათი დეპორტაცია, ფაქტობრივად, შეუძლებელია. 2006 წელსაც კი, ქართველების გარკვეული ნაწილის დეპორტაციის მიუხედავად, 2005 წელთან შედარებით რუსეთიდან ფულადი გზავნილები 78%-ით გაიზარდა, ხოლო 2007 წელს 2006 წელთან შედარებით – 48%-ით. ეს გამოწვეული იყო აღნიშნულ წლებში რუსეთის ეკონომიკის მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპით.
2019 წლის იანვარ-მაისში, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უკვე შემცირდა რუსეთიდან გზავნილები 6.2%-ით (11 მლნ დოლარით) და რომ არა ივნისის ცნობილი მოვლენები, გზავნილების შემცირება ისედაც მოსალოდნელი იყო. ზოგადად კი ამ მიმართულებით საქართველოს სანქცირება თითქმის შეუძლებელია და, შესაბამისად, ფულადი ნაკადების მნიშვნელოვნად შემცირებასაც არ უნდა ველოდოთ.
შეჯამება
სანამ სავარაუდო დანაკარგებს შევაჯამებთ, უნდა გავიხსენოთ 2015 წელი, როდესაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობები არ გართულებულა, მაგრამ რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო საქართველოს ექსპორტი რუსეთში 41%-ით (112 მლნ დოლარით) შემცირდა, ხოლო რუსეთიდან ფულადი გზავნილები – 46%-ით (369 მლნ დოლარით). ჯამში, აღნიშნული ორი წყაროდან საქართველოში დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარით ნაკლები თანხა შემოვიდა. ეს აისახა კიდევაც საქართველოს ეკონომიკაზე, განსაკუთრებით ლარის კურსზე. თუმცა 2015 წელს ეკონომიკას ზრდა არ შეუწყვეტია და 4.8%-ით გაიზარდა, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ყველზე მაღალი წლიური ეკონომიკური ზრდაა.
ყველაზე მკაცრი სანქციების პირობებში (ექსპორტისა და ტურიზმის სრულად შეჩერება), 2019 წელს საქართველოს შემოსავლები რუსეთში ექსპორტიდან და რუსული ტურიზმიდან 700 მლნ დოლარით შემცირდება, რაც ცოტა არ არის, მაგრამ ასეთი მკაცრი სცენარის განვითარების ალბათობა ნულთან ახლოსაა, თუნდაც იმიტომ, რომ ამის პრაქტიკაში აღსრულება ფაქტობრივად შეუძლებელია.
რთულია, შეაფასო რეალური სცენარი, რადგან მას პოლიტიკური კონტექსტი განსაზღვრავს, რომელიც ნებისმიერ წუთს შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ საჰაერო ფრენების შეჩერებისგან მოსალოდნელ $125-მილიონიან ზარალს, წლის მეორე ნახევარში ექსპორტის 50%-იან კლებას (ესეც საკმაოდ რადიკალური სცენარია) და ფულადი გზავნილების შემცირების ტენდენციის გაგრძელებას თუ დავუშვებთ, ჯამური ზარალი დაახლოებით 300 მლნ დოლარი იქნება, რაც მნიშვნელოვანი თანხაა, მაგრამ საქართველოს ეკონომიკის 2%-მდეა.
დატოვე კომენტარი