2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, პროპორციული წესით პარლამენტის მანდატები გადაუნაწილდებათ “ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს”, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” 6-სუბიექტიან საარჩევნო ბლოკს. ქართული პოლიტიკის ეროვნულ სცენაზე რუსეთისადმი მკვეთრად ლოიალური დამოკიდებულების მქონე ახალი სუბიექტი დაფიქსირდა. პროდასავლური ორიენტაციის პარტიებმა კი ამომრჩეველთა საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს, 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს და მომდევნო 4 წლისთვის პარლამენტს გარეთ მოუწევთ მოსახლეობასთან მუშაობა.
საპარლამენტო არჩევნებმა ორი მთავარი სიახლე წარმოაჩინა: მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ მოპოვებული საკონსტიტუციო უმრავლესობა, მისი საპარლამენტო ძალაუფლების გაძლიერება და პარლამენტში ერთი ფრაქციის შექმნისთვის საკმარისი, 6 დეპუტატით წარმოდგენილი ღიად პრორუსული ახალი პოლიტიკური ძალა. 2012-2016 წლების პარლამენტში, მმართველი საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში მყოფი პოლიტიკური გაერთიანება “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, შეცვალა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა”. ორივე გაერთიანება პარლამენტში ერთი, 6 დეპუტატისგან შემდგარი ფრაქციით არის წარმოდგენილი.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან” მმართველი პოლიტიკური ძალის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური თანამშრომლობა გაფორმდეს და მათი ფრაქცია ვიხილოთ საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში. “ქართულ ოცნებას” ღიად პრორუსულ მრეწველთა ფრაქციასთან ერთად უმრავლესობაში ყოფნისა და მათი ლიდერების პრორუსული გამოსვლებით გამოწვეული პრობლემების საკმარისი გამოცდილება დაუგროვდა. ამასთან, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში “ქართულ ოცნებას” გადაწყვეტილებების მისაღებად არ დასჭირდება პარლამენტში წარმოდგენილი სხვა პარტიების დახმარება. “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერთა მკვეთრად ნეგატიური, ანტაგონისტური განწყობის გათვალისწინებით გამორიცხულია საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში მათი თანამშრომლობა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთანაც”. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ პარლამენტში წარმოდგენილ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” 2020 წლამდე პარლამენტში პოლიტიკურ პროცესებსა თუ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მცირეოდენი შანსიც არ ექნებათ.
2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად არჩევნები ჩატარდა საქართველოს უმსხვილეს ტერიტორიულ-პოლიტიკურ ერთეულში – აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სადაც მოსახლეობა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ირჩევდა. აქ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ბლოკის გარეშე, ერთპარტიულად მონაწილეობდა არჩევნებში. არჩევნების წინასწარი შედეგებით “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოშიც მოკრძალებულად, მხოლოდ ერთი დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. ეს კი ნიშნავს, რომ პარლამენტისგან განსხვავებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში “პატრიოტთა ალიანსს” ფრაქცია არ ექნება და, შესაბამისად, პროცესებსა და გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერც ამ ასპარეზზე მოახდენს.
ეს არის შედეგები, რომლებიც განაპირობებს მომდევნო ოთხი წლისთვის წარმომადგენლობით ორგანოებში ძალთა განლაგებას, პოლიტიკურ პროცესებს, გადაწყვეტილებებს, მთავრობის ფორმირებასა და სამთავრობო პოლიტიკის შემუშავება-განხორციელებას. თუმცა აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ პოლიტიკური პროცესები არ წარიმართება მხოლოდ საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, უფრო დიდი ასპარეზი სწორედ ამ ორგანოებს გარეთ არის. მოსახლეობასთან კავშირი და არჩევნებს შორის პერიოდში საზოგადოების განწყობების ადეკვატურად წარმოდგენა არჩევით პოლიტიკურ ორგანოებში არის ის ამოცანა, რომელიც დიდწილად განაპირობებს მომდევნო საარჩევნო ციკლის შედეგებს, პოლიტიკური ძალების სასტარტო პოზიციებსა და წარმატებას. სწორედ ეს შეიძლება იყოს “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” დღის წესრიგი: შეინარჩუნოს რუსეთისადმი ლოიალური დამოკიდებულების ნიში, საკანონმდებლო ორგანოებში წარმოადგინოს ამ ორიენტაციის მქონე მოსახლეობის თუ ორგანიზაციების განწყობები და სწორედ ამ უკუკავშირის მეშვეობით იქცეს ლიდერად ან სულაც მონოპოლისტად პრორუსული ორიენტაციის ძალთა შორის.
“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ისტორია და გამოცდილება მხოლოდ სამ წელს ითვლის. შექმნიდან ერთი წლის თავზე, 2014 წელს, მან უკვე მოიპოვა პირველი წარმატება – თვითმმართველობის არჩევნებში დაახლოებით 67 ათასი ამომრჩევლის მხარდაჭერა და 4.72%. საგულისხმოა, რომ ამ ახლად შექმნილ ორგანიზაციას თბილისში საშუალოდ 5%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა. მართალია, წელს საპარლამენტო არჩევნები ტარდება და “პატრიოტთა ალიანსი” დამოუკიდებლად აღარ მონაწილეობს, მაგრამ შედარებისთვის და ტენდენციის დასანახად შესაძლებელია შევადაროთ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მიღებული შედეგი და 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებში მიღებული შედეგი. თვითმმართველობის არჩევნებში, 2014 წელს “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” მხარი დაუჭირა 66 805 ამომრჩეველმა, ხოლო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” 6-სუბიექტიან საარჩევნო ბლოკს – 88 097 ამომრჩეველმა. მართალია, ეს არ არის მკვეთრად მზარდი მხარდაჭერის ტენდენცია, მაგრამ აქ კვლავ უნდა გავიხსენოთ, რომ ალიანსი მხოლოდ სამი წლის შექმნილია და უკვე წარმოდგენილია უმაღლეს პოლიტიკურ ასპარეზზე.
ახლად შექმნილი პარტიისთვის დროის მცირე, 3-წლიან მონაკვეთში ძალიან რთულია წარმატების მიღწევა ადამიანური და მატერიალური რესურსის, პარტიული ინფრასტრუქტურის გარეშე. “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” რესურსებზე მსჯელობისას პირველ რიგში გვახსენდება მედიარესურსი, ტელე- და რადიომაუწყებლობა “ობიექტივი”, რომელიც არის 2010 წელს დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია “არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის” მფლობელობაში და ამ ორგანიზაციის დამფუძნებლები და გამგეობის წევრები იყვნენ დღეს უკვე “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” 2014 წელს შემოწირულების სახით მიიღო 237 351 ლარი, ხოლო 2016 წელს – 1 098 207 ლარი. თუკი აღნიშნულს დავუმატებთ საბიუჯეტო დაფინანსებას და სარეკლამო დროს ტელე- და რადიოეთერებში, რომელიც გადაეცემა კვალიფიციურ პოლიტიკურ სუბიექტებს, დავინახავთ, რომ პრორუსული განწყობის მქონე მოსახლეობის მხარდაჭერით “პატრიოტთა ალიანსის” წარმატებაში დიდი წვლილი სწორედ მობილიზებულმა ფინანსებმა შეიტანა. იმის გათვალისწინებით, რომ აუდიტის სამსახური მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიისას მიღებული შემოწირულებების წარმომავლობას იკვლევს, შეუძლებელია დაზუსტებით თქმა, მაგრამ სავარაუდოა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე გაცილებით ადრე პრორუსული თუ რუსული წარმომავლობის რესურსების საქართველოში მობილიზებამ და ალიანსის დასახმარებლად მიმართვამ დიდწილად განაპირობა არჩევნების შედეგი. საქართველოში არსებული პრორუსული რესურსების “პატრიოტთა ალიანსზე” კონცენტრირებისა და მხარდაჭერის გაფართოების შემთხვევაში მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე წლევანდელი შედეგის გაზრდის შესაძლებლობაც გაიზრდება.
რუსეთის გავლენის ზრდა და “პატრიოტთა ალიანსის” დღევანდელი შედეგის განჭვრეტის შესაძლებლობას თვითმმართველობის არჩევნებზე მოპოვებული წარმატების გარდა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევებიც იძლეოდა. 2015 წლის აპრილში ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” 5%-ით მე-3 ადგილზე დასახელდა ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიების სამეულში, სადაც პირველი ადგილი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ხოლო მეორე ადგილი – “თავისუფალ დემოკრატებს” ერგოთ. ამავე კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 55% თვლიდა, რომ უახლოესი ორი წლის განმავლობაში მოსალოდნელია რუსეთის გავლენის ზრდა საქართველოზე. 2016 წლის აპრილში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) და ივლისში ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევებით “პატრიოტთა ალიანსს” გამოკითხულთა 6-7% უჭერდა მხარს.
მართალია, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პარლამენტში წარმოდგენილია პრორუსული ორიენტაციის, რუსეთისადმი მკვეთრად ლოიალურად განწყობილი სუბიექტი, მაგრამ დროის მოკლე პერიოდში გავლილი გზა და მიღწეული შედეგი დაფიქრებად ღირს.
დღეს “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” არ შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა პოლიტიკურ პროცესებზე. მისი ძალისხმევით შეუძლებელია სახელმწიფო პოლიტიკის კორექტირება, მაგრამ რთულია თქმა, რომ ეს შეუძლებელი იქნება საშუალოვადიან პერიოდში, თუკი პირველ რიგში საქართველოს მთავრობის, შემდეგ კი პროდასავლური ძალების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოების, საერთაშორისო პოლიტიკური თუ საფინანსო გაერთიანებებისა და ბიზნესის პოლიტიკა, ქცევა და გადაწყვეტილებები დარჩა უცვლელი, არ მოხდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის ინტენსივობისა და დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული დემოკრატიული აღმშენებლობის გაზრდა.
დატოვე კომენტარი