2021 წლის პირველი თვე საქართველოში პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებით დაიწყო, რაც ექსპრემიერისა და უმდიდრესი მოქალაქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა. შედეგად, პარტია „ქართული ოცნება“ უკვე ხელმეორედ დარჩა ივანიშვილის ფორმალური ხელმძღვანელობის მიღმა. უცნობია, მესამედ გადაწყვეტს თუ არა ივანიშვილი თავის პარტიაში დაბრუნებას, მანამდე კი განვიხილოთ ის გზა, რომელიც საქართველოს ეკონომიკამ უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში, თვითდინებით თუ პერიოდული მკაფიო ხედვით განვლო.
ამ რვა წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ ორი კრიზისი გადაიტანა, პირველი იყო 2014-2015 წლების რეგიონალური სავალუტო კრიზისი, რომლის შედეგადაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდა შემცირდა. ექსპორტისა და სხვა სავალუტო შემოდინებების შემცირების გამო დაიწყო ეროვნული ვალუტის გაუფასურება, შედეგად ათიათასობით მსესხებელს უცხოურ ვალუტაში აღებული კრედიტების მომსახურება გაუძვირდა.
შემდგომში გაცვლითი კურსის კიდევ უფრო მეტად გაუფასურების დროს მთავრობამ „გალარების“ პროგრამაც შექმნა და იპოთეკურ მსესხებლებს სუბსიდირების გზით ვალუტის ჩანაცვლებაც შესთავაზა.
ეკონომიკურ ზრდაზე ამ რეგიონალური კრიზისის გავლენა 2016 წლამდე გაგრძელდა, რის შემდეგაც ზრდა შედარებით გაჯანსაღდა, თუმცა ლარის გაცვლითი კურსი რეგიონალურ კრიზისამდე არსებულ ნიშნულს აღარ დაჰბრუნებია და 2017, 2018 და 2019 წლებ ში თანდათანობით გაუფასურდა. ამ პერიოდში გააქტიურდა „დედოლარიზაციის“ სახელმწიფო პოლიტიკა. შედეგად მივიღეთ რეალობა, რომ სავალუტო სესხები შეიზღუდა და 200,000 ლარამდე მოცულობის კრედიტის აღება მხოლოდ ლარში არის შესაძლებელი.
ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გაუფასურების მიუხედავად, 2017-2019 წლებში საქართველოს საშუალოდ 4.9%-იანი ზრდა ჰქონდა, რაც „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში საუკეთესო სამწლიანი მაჩვენებელი იყო.
ეკონომიკურ განვითარებას ხელს მზარდი საერთაშორისო ტურიზმი და მსხვილი ინფრასტრუქტული პროექტების მშენებლობაც უწყობდა. 2020 წელს კი COVID-19-ის კრიზისმა როგორც საქართველო, ასევე მთელი მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დააყენა. 2020 წელი საქართველომ 6.1%-იანი რეცესიით დაასრულა. IMF-ის პროგნოზით, 2021-ში ეკონომიკა 4.3%-ით აღდგება – ეს კი ნიშნავს, რომ 2019 წლის ეკონომიკური აქტივობის დონეს საქართველო წელს ვერ დაუბრუნდება.
როგორ შეიცვალა ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოსახლეზე?
გარღვევა არ მომხდარა – იმ ეკონომიკური ზრდით, რაც გასული რვა წლის განმავლობაში საქართველოს ჰქონდა, მართალია, ქვეყნის მოქალაქეთა საშუალო შემოსავლები გაიზარდა, თუმცა დიდად არ შეცვლილა ის, რისთვისაც საერთოდ ეკონომიკური ზრდა გვჭირდება. შედეგად, შემოსავლების თანაფარდობით „სტატუს კვო“ უცვლელია. საქართველო 2012 წელსაც ასწრებდა სომხეთს ერთ მოსახლეზე შემოსავლების მოცულობით და 2020 წელსაც ასწრებს, თუმცა მანძილი EU-ს თუნდაც ყველაზე ღარიბ სახელმწიფომდე კვლავ შორია.
მეტიც, სავალუტო კრიზისმა კიდევ უფრო გააბუნდოვნა იმ ეკონომიკური ზრდის შედეგები, რაც საქართველოს ბოლო რვა წლის განმავლობაში ჰქონდა. ამის უკეთ დანახვა მიმდინარე ფასებში აშშ დოლარში გამოხატული მთლიანი შიდა პროდუქტითაც არის შესაძლებელი. IMF-ის მონაცემებით, 2012 წელს მშპ ერთ მოსახლეზე $4,409 დოლარი იყო. ამ მაჩვენებელმა მაქსიმუმს 2014 წელს, ლარის გაუფასურებამდე მიაღწია და $4,742 გახდა, შემდეგ კი $4,017-მდე შემცირდა. 2019 წლისთვის კვლავ $4,765-მდე გაიზარდა, 2020 წლის რეცესიის შედეგად კი $4,405 დოლარს დაუბრუნდა, რაც თითქმის იმდენივეა, რამდენიც 2020 წელს იყო.
თუმცა დოლარში, მიმდინარე ფასებში წარმოდგენილი მშპ-ის მაჩვენებლები ბოლომდე სრულ სურათს არ ასახავს, რადგან როგორც IMF-ი ქვეყნების შესაფასებლად, მსყიდველობითი პარიტეტის გათანაბრების წესს (Purchasing Power Parity) იყენებენ, რა სახითაც წარმოდგენილი მშპ ერთ მოსახლეზე სხვადასხვა ქვეყანას შორის შედარების უკეთეს შესაძლებლობას იძლევა. ამ სახით საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე $15,142 დოლარს შეადგენს, 2012 წელს კი $9,798 დოლარი იყო.
თუმცა მსოფლიო ბანკი ქვეყნებს შემოსავლიანობის ჯგუფების მიხედვით არა PPP დოლარების, არამედ მიმდინარე ფასებში დათვლილი მშპ-ის საფუძველზე აჯგუფებს. საქართველო ამჟამად „ზედა საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფშია“, სადაც მოსახვედრად ერთ მოსახლეზე მშპ-ის მოცულობა მინიმუმ $4,046 უნდა იყოს (საქართველოში $4,405-ია).
უმუშევრობა და საშუალო ხელფასი
უმუშევრობა საქართველოს მოსახლეობის მიერ უკვე არაერთი წელია, #1 ეკონომიკურ პრობლემად სახელდება. როდესაც საუბარია უმუშევრო ბის სტატისტიკურ მაჩვენებლებზე, როგორც წესი, გონივრულია, სწორად ჩათვალო უმუშევრობის ოფიციალური დონე. თუმცა საქართველოს შემთხვევაში უმუშევრობის ოფიციალური რიცხვები რეალობას იყო მოწყვეტილი, რასაც მისი დათვლის მოძველებული მეთოდოლოგია განაპირობებდა. 2020 წლის დეკემბერში დაინერგა ახალი მეთოდოლოგია, რომელიც ავტომატურად თვითდასაქმებულებად აღარ აღრიცხავს იმ ადამიანებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ და პროდუქტები მხოლოდ საკუთარი თავის რჩენისთვის მოჰყავთ. ამ ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, 2019 წლის უმუშევრობის დონე, რაც იქამდე 11.6% იყო, 17.6% გახდა. გადაითვალა წინა წლების შედეგებიც და გაირკვა, რომ 2012 წელს უმუშევრობა, 17.2%-ის ნაცვლად, სინამდვილეში 26.7% იყო.
განახლებული სტატისტიკაც მეტყველებს იმაზე, რომ უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი ახალგაზრდებშია. 15- 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში უმუშევრობა 27.8%-ია, 25-34 წლების ჯგუფში კი 21.3%.
ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველოს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 222 ათასით გაიზარდა და 2019 წელს 756 ათა სი გახდა (2020 წელს 100 ათასით შემცირდა).
ამ რვა წელიწადში ყველაზე მეტი დასაქმებული ვაჭრობის სექტორს შეემატა, სადაც 96 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა (2020 წელს 30 ათასით შემცირდა). რესტორნებისა და სასტუმროების სექტორში 2019 წლისთვის 48 ათასი ადამიანი საქმიანობდა, რაც 2012 წელთან შედარებით 21 ათასით მეტი იყო. სამწუხაროდ, ამ სფეროში სამუშაო ადგილები 2020 წელს 18 ათასით შემცირდა.
2012 წლის შემდეგ 25 ათასი დასაქმებულით გაიზარდა კადრების რაოდენობა კერძო ჯანდაცვის კომპანიებში, მშენებლობის სექტორში კი მატება 11 ათასია.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის მატებასთან ერთად გაზრდილია საშუალო ხელფასიც. 2012 წელს დაქირავებით დასაქმებულის საშუალო ხელფასი თვეში 712 ლარი იყო, 2019 წელს კი საშუალო ხელფასი 1129 ლარამდე გაიზარდა, რაც 58%-იანი მატებაა. თუმცა ისეთ სექტორებში, როგორიცაა განათლება და ჯანდაცვა, საშუალო ხელფასები კვლავ ეროვნულ საშუალო ხელფასს ჩამორჩება. განათლების სფეროში საშუალო ხელფასი 798 ლარი, ჯანდაცვის სფეროში კი 1036 ლარია.
საქართველოს საკრედიტო რეიტინგი
ნაბიჯი წინ – ქვეყნის სუვერენული რეიტინგი განსაზღვრავს იმ რისკ- პრემიას, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ინვესტორები ადგილობრივ ეკონომიკას აკისრებენ. რეიტინგის გაუარესება ინვესტიციების შემცირებასა და უცხოეთიდან მოზიდული კაპიტალის გაძვირებაში აისახება, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში საკრედიტო რესურსის გაძვირებას იწვევს.
ქვეყნის რისკის დონეს აფასებენ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები, რომლებიც ფაქტორების ერთობლიობის მიხედვით ადგენენ საქართველოს რეიტინგს. 2011 წლიდან 2017 წლამდე საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელი იყო, 2017-ში კი Moody’s-მა ის „Ba2”-მდე გაზარდა. 2018 წელს მას მოჰყვა Fitch-ის შეფასების განახლება, 2019 წელს კი S&P-ის პოზიციის განახლება. შედეგად საქართველომ საკრედიტო სკალაზე ერთი საფეხურით წინ წაიწია. ამჟამად როგორც Fitch-ის, ასევე S&P-ის მოსაზრებით, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB” -ია.
რეიტინგის შეფასებაში ნათქვამია, რომ საქართველოში საბანკო და საფინანსო სისტემის განვითარებამ და მდგრადმა მაკროეკონომიკურმა გარემომ ქვეყნის რისკის დონის შემცირება განაპირობა. ეს ცვლილება, რა თქმა უნდა, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე დადებითად მოქმედებს, თუმცა ის ჯერ კიდევ არ არის „საინვესტიციო“ კატეგორიის რეიტინგი, სადამდეც საქართველოს ჯერ კიდევ ორი ნაბიჯი რჩება. იმის გათვალისწინებით, რომ ერთი საფეხურით წინსვლას შვიდი წელი დასჭირდა, ათ წელიწადზე ნაკლებ დროში საქართველოს რეიტინგის განახლება გაუჭირდება.
როგორც Fitch-ი, ასევე S&P-ი აღნიშნავენ, რომ რეიტინგის გაუმჯობესება მოხდება მაშინ, თუ ქვეყანა, სხვა ფაქტორებთან ერთად, ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის დონის გაუმჯობესებას მოახერხებს. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა არის მთავარი საჭიროება, რაც რეიტინგში წინსვლისთვის არის აუცილებელი.
საბიუჯეტო პრიორიტეტი
საბიუჯეტო პოლიტიკა „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პირველივე წელს საგრძნობლად შეიცვალა. გაიზარდა მთლიან ხარჯებში სოციალური მიმართულებების წილი. ასევე გაფართოვდა სუბსიდირების პროგრამები, რომლებიც თავდაპირველად უმეტესად სოფლის მეურნეობის სექტორზე იყო მიმართული, შემდეგ კი პროგრამა „აწარმოე საქართველოშის” მეშვეობით სხვა სფეროებზეც გავრცელდა. ამასთანავე გაიზარდა სახელმწიფო აპარატის ზომა და ბიუროკრატიული ხარჯები. ფინანსთა სამინისტროს ანგარიშიდან ჩანს, რომ მხოლოდ შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურება 2012 წელს 99 მილიონი ლარი იყო, 2020 წელს კი 240 მილიონ ლარს გადააჭარბა. შტატში დასაქმებულთა ხელფასების ფონდმა 600 მილიონი ლარით, 1.6 მილიარდ ლარამდე იმატა (დანამატების გარეშე).
ცალკეული მიმართულებების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა ყოველწლიურად ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის გამოიყოფა. 2021 წლიდან ამოქმედდა რეფორმა, რომლის თანახმადაც ხანდაზმულთა ასაკობრივი პენსიები სპეციალური ინდექსაციის ფორმულით ყოველწლიურად მინიმუმ 20 ლარით უნდა გაიზარდოს. ეს ცვლილება პენსიების ზრდის წინასაარჩევნო ციკლებისგან ჩამოცილებას ისახავდა მიზნად. დღეისთვის საბაზისო პენსია 240 ლარს შეადგენს. 2012 წლის შემდგომ პენსია 115 ლარით გაიზარდა. თუმცა აშშ დოლარში მისი მსყიდველუნარიანობა თითქმის არ შეცვლილა.
ჯანდაცვის მიმართულებით უკანასკნელი წლების უმთავრესი რეფორმა „საყოველთაო ჯანდაცვის” პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფომ ყველა მოქალაქეს, ვისაც კერძო დაზღვევა არ ჰქონდა, გარკვეული კატეგორიის ჰოსპიტალური სერვისების სუბსიდირება შესთავაზა. ეს პროგრამა ჯანდაცვაში მოქალაქეთა ჯიბიდან გადახდების და კატასტროფული დანახარჯების შემცირებაზე არის ორიენტირებული. 2017 წელს მთავრობამ მასში ცვლილება შეიტანა და საყოველთაობის კომპონენტი ჩამოაცილა, რათა ხარჯების ოპტიმიზება მოეხდინა. თუმცა, როგორც 2015; 2016; 2017; 2018; 2019 და 2020 წლების შედეგები აჩვენებს, მთავრობას ამ პროგრამაში დანახარჯების კონტროლი უჭირს და ის ყოველწლიურად უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე ბიუჯეტით არის განსაზღვრული. მაგალითად, გასულ წელს პროგრამის დაფინანსება დაგეგმილზე 146 მილიონი ლარით მეტი, 948 მილიონი ლარი დაჯდა.
ჯანდაცვის შემდეგ მეორე ყველაზე მაღალი ბიუჯეტის მქონე მიმართულება უკვე წლებია, ინფრასტრუქტურის სამინისტროა. მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებული პროექტი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაა, რაზეც 2012-2020 წლებში 4 მილიარდი ლარი დაიხარჯა და მისი დასრულებისთვის 2025 წლის ბოლომდე კიდევ ამაზე მეტი თანხის დახარჯვა არის აუცილებელი.
ინფრასტრუქტურული პროექტებიდან, აღმოსავლეთ- დასავლეთის მაგისტრალის გარდა, ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროექტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი იყო, რომელიც არსებული მდგომარეობით გაყინული და დაკონსერვებულია, რადგან 2020 წლის დასაწყისში მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება მოშალა. ამას ინვესტორის მხრიდან საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვა მოჰყვა. მთავრობის განცხადებით, ისინი ანაკლიასთან დაკავშირებით ეკონომიკური დასაბუთების ხელახალ დოკუმენტსა და ახალ ტენდერზე მუშაობენ, თუმცა, როგორც 2021 წლის ბიუჯეტის პროგრამულ ნაწილში არის მითითებული, მთავრობას არა აქვს იმედი, რომ მომხდარის შემდეგ, პროექტით შესაბამისი რეპუტაციის მქონე ინვესტორი დაინტერესდება და ტენდერი წარმატებული აღმოჩნდება.
სახელმწიფო ვალი
კანონით დადგენილი ლიმიტი გადაჭარბებულია – 2021 წლის ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, წელს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 60.1%-ს მიაღწევს, რაც ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონით გათვალისწინებულ ლიმიტზე მეტია. მთავრობა დებს პირობას, რომ როგორც დეფიციტის, ასევე ვალის ნიშნულს მომდევნო სამი წლის განმავლობაში შეამცირებს.
2021 წელსაც გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯების დაფინანსების მთავარი წყარო უცხოეთიდან მოზიდული საგარეო კრედიტები იქნება. ჯამურად, წელს 5.27 მილიარდი ლარის მოცულობის ახალი საგარეო ვალების აღება იგეგმება. აქედან 1.45 მილიარდი ლარი საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიიმართება, ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები 2.17 მილიარდი ლარი იქნება, ხოლო 1.65 მილიარდი ლარით მთავრობა $500-მილიონიანი ევრობონდების რეფინანსირებას გეგმავს.
0 ლარზე არის წელს შიდა ვალი დაგეგმილი, რაც, სავარაუდოდ, ვალის მთლიანი ნიშნულის კიდევ უფრო მეტად გაზრდისგან თავის არიდებას ემსახურება, 2020 წელს კი შიდა ვალის სახით მთავრობამ 2 მილიარდი ლარი მოიზიდა. 2020 წლის დეკემბრის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის მოცულობა 30.8 მილიარდი ლარი იყო. აქედან 24.7 მილიარდი ($7.5 მლრდ) საგარეო ვალს, 6.14 მილიარდი კი შიდა ვალს შეადგენდა.
ბიუჯეტის თანდართული დოკუმენტის – „ვალის მდგრადობის ანალიზის” თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი 2021 წელს ლარის გაცვლითი კურსი კიდევ ერთი შოკის წინაშე აღმოჩნდება და 30%-ით გაუფასურდება, სახელმწიფო ვალის მოცულობა მშპ-ის 75%-ს გადააჭარბებს.
საქართველოს სახელმწიფო ვალის ნაშთის ზრდა უკანასკნელი წლების განმავლობაში ახალი საინვესტიციო კრედიტების აღებასთან ერთად ლარის გაუფასურებას უკავშირდება. COVID-19- ის კრიზისის გამო კი ის 2020 წელს და მატებით თითქმის 8 მილიარდი ლარით გაიზარდა.
შედარებისთვის, 2012 წელს სახელმწიფო ვალის მოცულობა მხოლოდ 9.1 მილიარდი ლარი და მთლიანი შიდა პროდუქტის 34% იყო. 2021 წელს კი ვა ლის მოცულობა რიცხვებში სამჯერ მაღალი, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით კი თითქმის ორჯერ მაღალია.
დღეისთვის სახელმწიფო ვალის ზრდაზე უფრო აქტუალური და მყისიერი გამოწვევა ეკონომიკური კრიზისის პერიოდში დაკარგული ათიათასობით სამუშაო ადგილის აღდგენაა, წინააღმდეგ შემთხვევაში სიღარიბის შემცირებისა და უმუშევრობის შემცირების მიმართულებით გასული წლების განმავლობაში მიღწეული შედეგები წარსულის ნაწილად იქცევა.
დატოვე კომენტარი