2018 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან (სექტემბერთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) 232 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 46 მლნ დოლარით გაიზარდა.
ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 2.2 მილიარდი ლარით არის გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი 731 მლნ დოლარით. პირველი ნოემბრის მდგომარეობით, ორივე ვალუტაში ერთად 26 მილიარდი ლარის სესხია ბანკების მიერ გაცემული. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 56.5%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 57.4% იყო.
ოქტომბერში ბანკების მიერ გაცემული სამომხმარებლო სესხები 73 მლნ ლარით გაიზარდა. გრძელვადიანი სამომხმარებლო სესხები 85 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო მოკლევადიანი 12 მლნ ლარით შემცირდა.
მიმდინარე წლის ოქტომბერში ბანკების მიერ გაცემული სესხების საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 11.2% შეადგინა. სექტემბერში აღნიშნული განაკვეთი 11.5% იყო. ბოლო ერთ წელიწადში სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 1.9% პუნქტით არის შემცირებული.
ცალკე აღებულ ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 14.7%-ია. ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 2% პუნქტით შემცირდა. უცხოურ ვალუტაში (რეალურად დოლარში) გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 7.6%-ია. ბოლო ერთ წელიწადში დოლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 0.5% პუნქტით შემცირდა.
დატოვე კომენტარი