თურქული დრონები საბერძნეთისათვის ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული უთანხმოების ფონზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ოფიციალურმა ათენმა კი ამ გამოწვევასთან გამკლავება ისრაელის მიერ წარმოებული სისტემებით დაიწყო. ბოლო ორი თვის განმავლობაში საბერძნეთმა საკუთარ კუნძულებსა და სტრატეგიულ ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებისაგან დამცავი „ქოლგა“ განათავსა.
აღნიშნული სისტემა დრონების „დასაბრმავებლად“ და საფრენი მიმართულების ასარევად ისრაელის მიერ წარმოებულ ტექნოლოგიას იყენებს. საკითხთან დაახლოებული პირების ინფორმაციით, საბერძნეთისათვის მიწოდებული სისტემა უპილოტო საფრენის აპარატების საწინააღმდეგო ისრაელური დანადგარის, Drone Dome-ის მსგავსი ტექნოლოგიაა. უბრალოდ, სისტემა საბერძნეთის საჭიროებებზე, კუნძულოვან გეოგრაფიასა და სხვა სასაზღვრო თავისებურებებზეა მორგებული.
Rafael Advanced Defense Systems-ის მიერ წარმოებული Drone Dome მტრის უპილოტო საფრენი აპარატის გაუვნებელყოფაში სპეციალიზდება. ტექნოლოგია დრონებს მათი საკომუნიკაციო ქსელისა და GPS-ის განადგურებით ანეიტრალებს. სრულად ავტონომიური დრონების გასანადგურებლად კი 10 კილოვატიან ლაზერს იყენებს, რომელსაც დრონის ჩამოგდება 3 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია.
საკუთარ მომხმარებლებს Rafael Advanced Defense Systems-ი სხვადასხვა მოდიფიკაციის სისტემებს სთავაზობს. ისრაელი და საბერძნეთი თავდაცვით სფეროში უკვე დიდი ხანია თანამშრომლობენ. გასულ წელს ორმა ქვეყანამ ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო შეთანხმება გააფორმა, რომლის ღირებულებაც 1.68 მილიარდი აშშ დოლარი გახლდათ. შეთანხმება M-346 მოდელის საწვრთნელი თვითმფრინავისა და საბერძნეთში საავიაციო სკოლის გახსნას ითვალისწინებდა.
დატოვე კომენტარი