კვირას საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ოპოზიციის დამარცხება შეძლო და საკუთარი ვადის 4 წლით გახანგრძლივებას ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა.
მიცოტაკისის მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ახალი დემოკრატიის“ პარტიამ ხმების 41% მიიღო, ხოლო ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ალექსის ციპრასის მემარცხენე პარტია “Syriza”-მ – 20%. შესაბამისად, საბერძნეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა გამარჯვების პირველივე ტურში გასაფორმებლად 48%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.
ცნობისათვის, საბერძნეთში არჩევნები ახალი, პროპორციული წარმომადგენლობითი სისტემით პირველად ჩატარდა. ახალი სისტემის მიხედვით, კანდიდატს ერთპარტიული მთავრობის ჩამოსაყალიბებლად ხმათა დაახლოებით 48% ესაჭიროება. არჩევნების მეორე ტურის არსებობის შემთხვევაში კი გამარჯვებული ბონუსად პარლამენტის 50 მანდატს მოიპოვებს, რაც ზღვარს დაახლოებით 38%-მდე სწევს. პირველი ტურის შემდეგ ხმათა უმრავლესობის მქონე სამ პარტიას 9-დღიანი ვადა ეძლევა, რათა პოტენციური კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი არჩევნების მეორე ტური ინიშნება. არსებული განწყობებით კოალიციის შესახებ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, რადგან მათ შორის ელექტორალური განსხვავება საკმაოდ დიდია და მეორე ტურში გამარჯვებას კირიაკოს მიცოტაკისი მარტივად შეძლებს.
„ახალ დემოკრატიას“ აქვს სახალხო ლეგიტიმაცია, რომ სახელმწიფო დამოუკიდებლად მართოს. ჩვენ გვჭირდება მთავრობა, რომელსაც გულწრფელად სჯერა რეფორმების და აქვს მათი შესრულების შესაძლებლობა“, – განაცხადა ქვეყნის მოქმედმა პრემიერმა. საბერძნეთის ამჟამინდელი პრემიერი ქვეყნის განვითარების მთავარ გზას უცხოური ინვესტიციების წახალისებაში ხედავს.