საბერძნეთი პირველი მართლმადიდებელი ქვეყანა გახდა, რომელმაც ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა. პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას მხარი ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის მძლავრი წინააღმდეგობის მიუხედავად დაუჭირა.
ლეგალიზების მომხრეთა შორის იყო ოთხი ცენტრისტული და მემარცხენე პარტია. გარდა ამისა, გამოკითხვების თანახმად, ბერძენთა უმრავლესობა პარლამენტის გადაწყვეტილებას მიესალმებოდა. „ხვალიდან ჩვენ შორის მოიხსნება კიდევ ერთი ბარიერი, რათა თავისუფალ სახელმწიფოში, თავისუფალ მოქალაქეებთან თანაცხოვრების ხიდი შეიქმნას“, – განაცხადა საბერძნეთის პრემიერმა კირიაკოს მიცოტაკისმა კენჭისყრამდე.
განხილვისას პარლამენტის გარეთ აქციები იმართებოდა. კანონპროექტის მომხრეები ლგბტ-დროშებით, ხოლო მოწინააღმდეგეები ხატებით ხელში გამოვიდნენ და ლოცულობდნენ. წმინდა სინოდმა მათი მოსაზრება ცალ-ცალკე, წერილობით აცნობა ყველა დეპუტატს. ეკლესია ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ტრადიციული ოჯახის მოდელისთვის საფრთხედ აღიქვამს და მიიჩნევს, რომ ეს ხელს შეუწყობს შობადობის შემცირებასაც.
საბოლოო გადაწყვეტილება 176 ხმით, 76 ხმის წინააღმდეგ იქნა მიღებული. კანონპროექტი ქორწინებაში მყოფ ერთნაირსქესიან პარტნიორებს ბავშვის აყვანის უფლებას აძლევს. თუმცა, არ აკანონებს შვილის ყოლისთვის სუროგატი დედის გამოყენებას. აღნიშნული საბერძნეთში ნებადართულია ქალებისთვის, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვილის გაჩენა არ შეუძლიათ.