ინტერნეტის სიჩქარე განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა ტიპის მოწყობილობით გამოვიყენებთ მას, ან მსოფლიოს რომელ წერტილში ვიმყოფებით. ინტერნეტის საშუალო სიჩქარე ქვეყნების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება.
Speedtest Global Index-მა სულ ახლახან გამოაქვეყნა ინტერნეტის საშუალო სიჩქარის განახლებული მონაცემები, რომლებიც საკმაოდ საინტერესო დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. მონაცემები მოიცავს როგორც ყველაზე სწრაფ, ისე ნელ ინტერნეტკავშირს ფიჭური კაბელისა და მობილური ოპერატორის ინტერნეტპაკეტის არსებობის შემთხვევაში.
რა ფაქტორები ახდენენ ზეგავლენას ინტერნეტის სიჩქარეზე?
მანამ, სანამ უშუალოდ კლასიფიკაციაზე გადავიდოდეთ, აუცილებელია მიმოვიხილოთ ის მიზეზები, რომლებიც გავლენას ახდენენ ქვეყნის ინტერნეტის სიჩქარეზე.
- ინფრასტრუქტურა – ინტერნეტის კავშირის სიჩქარეს მნიშვნელოვანწილად უახლესი ინფრასტრუქტურა განაპირობებს. შეიძლება ითქვას, რომ რაც უფრო ახალი თაობის ტექნოლოგიებს იყენებს სახელმწიფო, მით უფრო ჩქარია ქვეყანაში ინტერნეტიც. აქ საუბარია ოპტიკურ-ბოჭკოვანი თუ სპილენძის სადენების ნაირსახეობაზე .
- ზღვისქვეშა სადენებთან კავშირი – მსოფლიო კომუნიკაციების 97% სწორედ ზღვისქვეშა სადენებით მიმოიცვლება, შესაბამისად, სახელმწიფოს ეს საკითხიც მოგვარებული უნდა ჰქონდეს.
- ქვეყნის სიდიდე – ინფრასტრუქტურას განახლება ესაჭიროება. შესაბამისად, რაც უფრო პატარაა სახელმწიფო, მით უფრო იაფი ჯდება ეს უკანასკნელიც.
- ინვესტიციები – აქ საუბარია იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მთავრობისათვის ინტერნეტკავშირგაბმულობის საკითხი.
Speedtest Global Index-ი ინტერნეტის სიჩქარის გასაზომად ასეულობით მილიონი ადამიანის გამოცდილებას ენდობა 190-მდე ქვეყანაში. მისი მონაცემები ორი სახისაა და გვთავაზობს როგორც საკაბელო ინტერნეტის სიჩქარეს, ისე მობილური ოპერატორების მიერ შემოთავაზებული სერვისის სისწრაფეს.
გადმოქაჩვის სიჩქარით მსოფლიოში პირველ ადგილზე სინგაპურია. სინგაპურში ინტერნეტის სიჩქარე 262.2 მეგაბიტი წამშია. საინტერესოა, რომ აღნიშნული მონაცემი მსოფლიო საშუალო სიჩქარეზე ორჯერ მეტია. თუმცა სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ სინგაპურის ამგვარი დაწინაურება მისი ტერიტორიული სიმცირით იხსნება.
თუმცა, გარდა ამისა, ქვეყნის მთავრობის პრიორიტეტი სახელმწიფოს გაციფრულება მრავალი წლის განმავლობაში იყო. მაგალითად, 2020 წელს სინგაპურის მთავრობამ განაცხადა, რომ ციფრულ ინოვაციებში 2.52 მილიარდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებდნენ. ამ თანხიდან დიდი წილი კი ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.
საკაბელო ინტერნეტის სიჩქარით ყველაზე ცუდი მაჩვენებელი კუბას აქვს. ქვეყანაში ინტერნეტის სიჩქარე 3.46 მეგაბიტი წამშია, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ეს კი სახელმწიფოს მიერ ინვესტირების სიმცირითა და ზღვისქვეშა სადენებთან კავშირის ნაკლებობით აიხსნება.
ინტერნეტის კავშირის სიჩქარის საუკეთესო ათეულში სინგაპური, ჰონგ-კონგი, მონაკო, შვეიცარია, ტაილანდი, რუმინეთი, სამხრეთი კორეა, დანია, ჩილე და საფრანგეთი შედის.
მობილური ინტერნეტის სიჩქარე
რაც შეეხება მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, აქ პირველი ადგილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს უკავია. ქვეყანაში მობილური ინტერნეტის გადმოქაჩვის სიჩქარე 195.5 მეგაბიტი წამშია. 1 GB ინტერნეტის ღირებულება კი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 3.78 დოლარია. მობილური ინტერნეტის სიჩქარის საუკეთესო ათეულში საინტერესო ტენდენცია შეინიშნება იმ კუთხით, რომ ათეულში ოთხ ადგილს არაბული სახელმწიფოები: არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, საუდის არაბეთი და ქუვეითი იკავებენ.
5G მომავალი
ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები მკაფიოდ ცვლიან ციფრულ ლანდშაფტს. 5G ქსელის მსგავსი ინოვაციები სულ უფრო მეტად იპყრობენ მთელი მსოფლიოს ყურადღებას. ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ ციფრულ ერაში ინტერნეტის მომავალი სწორედ 5G-ს უკავშირდება.
დატოვე კომენტარი