თებერვლის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 136 ლარი შეადგინა. სამვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი დღიური განაკვეთი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დაფიქსირდა (საშუალოზე 56%-ით მაღალი).
4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა თებერვალში 198 ლარი შეადგინა. იანვრის მსგავსად, საშუალოდ ყველაზე ძვირი 4-ვარსკვლავიანი სასტუმროები მცხეთა-მთიანეთის რეგიონშია (საშუალოზე 52%-ით მაღალი).
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო დღიურმა განაკვეთმა 2018 წლის თებერვლის თვეში 363 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2 ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 591 ლარი შეადგინა, კახეთში – 297 ლარი, აჭარაში – 207 ლარი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 358 ლარი.
საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა თებერვალში 86 ლარი შეადგინა. თებერვალში ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში ქვემო ქართლის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში დაფიქსირდა.
PMCG-ის ინფორმაციით, სასტუმროების ფასების ინდექსი თებერვალში, იანვრის თვესთან შედარებით, 2.2%-ით შემცირდა. სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები, იანვრის ფასებთან შედარებით, ყველაზე მეტად შემცირდა რაჭაში და თბილისში, ფასების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში. დანარჩენ რეგიონებში ფასებმა სტაბილურობა შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რომ თებერვალში, იანვართან შედარებით საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა მხოლოდ 1%-ით შემცირდა, ხოლო 24 საათით და მეტი დროით (ტურისტი), თებერვალში იანვართან შედარებით, საქართველოში 6%-ით ნაკლები საერთაშორისო ვიზიტორი გაჩერდა.
დატოვე კომენტარი