საერთაშორისო კრედიტორთა ჯგუფის გადაწყვეტილებით, უკრაინას ვალების გადახდის განრიგი შეუმსუბუქდება. კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებით, უკრაინის მიერ მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს გადასახდელი ვალი 2023 წლის ბოლომდე გადავადდება. თუმცა, გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლოა, ეს პერიოდი კიდევ ერთი წლით გაიზარდოს.
ცნობისთვის, ვალის გადახდის ვადის გაგრძელება უკრაინული მხარის მოთხოვნით მოხდა.
საინტერესოა, რომ საერთაშორისო კრედიტორთა ჯგუფმა სხვა ოფიციალურ ორმხრივ კრედიტორებსაც სთხოვა, აღნიშნულ კამპანიას შეუერთდნენ. „მე მოვუწოდებ სხვა ორმხრივ ოფიციალურ და კერძო კრედიტორებს შემოუერთდნენ ამ ინიციატივას და მხარი დაუჭირონ უკრაინას რუსეთის ბრუტალურ ქმედებებთან გასამკლავებლად“, – განაცხადა შეერთებული შტატების მთავარმა ხაზინადარმა, ჯანეტ იელენმა დამოუკიდებელ განცხადებაში.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, 20 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ვალის გადავადების პროცედურა 9 აგვისტოსთვის დასრულდება. დამატებით 1.2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ვალის გადახდა უკრაინას სექტემბრისთვის უწევდა.
აღსანიშნავია, რომ აქამდე უკრაინა საერთაშორისო ფინანსურ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებდა. თუმცა, გახანგრძლივებული ომის პირობებში ქვეყანამ რესურსების გამოთავისუფლება ვეღარ შეძლო.
შეგახსენებთ, რომ თვის დასაწყისში უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიჰალის განცხადებით, რუსეთის შეჭრის შედეგად დანგრეული ქვეყნის თავიდან აშენებას დაახლოებით 750 მილიარდი აშშ დოლარი დასჭირდება.
დატოვე კომენტარი