საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გასულ კვირას გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მთავრობებმა პანდემიასთან საბრძოლველად განხორციელებული მასტიმულირებელი ფისკალური პოლიტიკის შემდეგ, უფრო მდგრად განვითარებაზე დაფუძნებული ბიუჯეტის დაგეგმვა უნდა დაიწყონ. ამგვარი ნაბიჯით კი ინვესტორთა ნდობას უფრო მეტად მოიპოვებენ.
ფისკალური მონიტორინგის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ თითოეულმა სახელმწიფომ საკუთარი ფისკალური პოლიტიკა ინდივიდუალურად უნდა დაგეგმოს იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომელშიც მათი ეკონომიკა ამჟამად იმყოფება. ამგვარი ფისკალური გეგმების შედგენისას კი მთავრობებმა ყველაფერი უნდა მიიღონ მხედველობაში: პანდემიის არსებული სტადიები, ფისკალური ჩავარდნები, ეკონომიკის აღდგენის რისკები, მოსახლეობის დაბერების სტადიის წნეხი, განვითარების საჭიროებები და შემოსავლების შეგროვების ისტორიული სირთულეებიც.
ის ქვეყნები კი, რომელთა ეკონომიკაც უკვე აღდგენის საკმაოდ მზარდ სტადიებს ასრულებს, უნდა ორიენტირდნენ მთავრობის მიერ დახმარებების ეტაპობრივად შეზღუდვისაკენ, ფისკალური პოლიტიკის შემსუბუქებისაკენ, რათა თავისუფალმა ბაზარმა დამოუკიდებლად განაგრძოს ფუნქციონირება.
ხოლო უფრო რთულ მდგომარეობაში მყოფი, მეტწილად განვითარებადი ქვეყნებისათვის საერთაშორისო სავალუტო ფონდი საკუთარ ანგარიშში რეკომენდაციებსაც იძლევა: პირველ რიგში ასეთმა სახელმწიფოებმა უნდა დაგეგმონ საკუთარი ფისკალური პოლიტიკა შემდეგი სამი ან ხუთი წლის მიზნებით. მოკლევადიანი მიზნები ვითარებას, პირიქით, კიდევ უფრო გააუარესებს. გარდა ამისა, ქვეყნების მთავრობებმა უნდა შემოიღონ სპეციფიკური საგადასახადო და ხარჯვითი პოლიტიკაც, მაგალითად, გაზარდონ გადასახადები ან საპენსიო სარგებლის მიღების ასაკი.
ფოტო: REUTERS/Johannes P. Christo
დატოვე კომენტარი