კოვიდ-19-ის შემთხვევების გახშირებამ ტურისტები საქართველოში ვიზიტის შესახებ კიდევ ერთხელ დააეჭვა. 2021 წლის აგვისტოში საქართველოში შემოსული საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ 266 544 ადამიანი შეადგინა, რაც დაახლოებით 75% ნაკლებია 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ სექტორში აღდგენის პროცესი ძალიან შორსაა 2019 წლის მაჩვენებლისგან, წლიური შედარება საკმაოდ დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით, 2021 წლის აგვისტოში ვიზიტორთა რაოდენობა 511%-ით გაიზარდა.
აღნიშნული აღმავალი ტენდენცია კი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ მიმდინარე წელს, 2020 წელთან შედარებით, ტურისტული სექტორის საკმაოდ სწრაფი ტემპით აღდგენის ტენდენცია შეინიშნება. თუმცა, რამდენად შენარჩუნდება ეს მდგომარეობა, სრულად იმაზეა დამოკიდებული, თუ რა რისკები იქნება საქართველოში კოვიდ-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით.
ტურისტული სეზონი თითქმის მიილია, შესაბამისად, მომდევნო თვეების განმავლობაში ყოველთვიურ მონაცემებში დიდი კლებაა მოსალოდნელი. 2021 წლის პირველ შვიდ თვეში დაყოვნებული მოთხოვნის ფონზე 2019 წელთან შედარებით საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, არსებული ტენდენცია ეკონომისტებსაც ოპტიმისტური დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას აძლევდა. თუმცა აგვისტოში გაზრდილი კოვიდშემთხვევების ფონზე, სამწუხაროდ, ვითარება რადიკალურად შეიცვალა და შედარებითი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად დაეცა.