ტურიზმის სექტორის აღდგენის შეფერხებამ ბუნებრივად იმოქმედა შემოსავლების საერთო რაოდენობაზეც. მთელი წლის განმავლობაში უწყვეტი გაუმჯობესების შემდეგ, 2021 წლის აგვისტოს ჩავარდნამ შემოსავლებში უმნიშვნელო გაუარესება აჩვენა. თუმცა საერთო შემოსავლები 2019 წელთან შედარებით 48%-ითაა გაზრდილი, რაც იმედის მომცემი ტენდენციის მაჩვენებელია. ყველაზე დიდი სხვაობა ამ მხრივ ივლისში იყო. ამ პერიოდში ტურისტული სეზონიც ზენიტში იმყოფებოდა და კოვიდ-19-ის შემთხვევების მატებაც ჯერჯერობით დაწყებული არ იყო.
ივლისის საკმაოდ ოპტიმისტური თვის შემდეგ, ციფრული არხების მეშვეობით არარეზიდენტების მიერ TBC ბანკის არხებში ფულის მიმოცვლა მნიშვნელოვნად შემცირდა. მაგალითად, 2021 წლის აგვისტოში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2019 წელთან შედარებით მხოლოდ 9%-იანი ზრდა აჩვენა. მაშინ როდესაც ივლისში იგივე მონაცემი 2019 წელთან შედარებით 26%-ით მაღალი იყო. TBC კაპიტალის მიერ მომზადებული კვლევის პროგნოზით, აღნიშნული დაღმავალი ტენდენცია კოვიდ-19-ის შემთხვევებისა და ტურისტული სეზონის მილევის გათვალისწინებით კიდევ გაგრძელდება.
საინტერესოა ისიც, რომ წელს მნიშვნელოვნადაა შემცირებული მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების მიერ დახარჯული თანხის რაოდენობაც საერთო შემოსავლებთან შედარებით. 2021 წლის აგვისტოში მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების მიერ დახარჯული თანხა საერთო წილის მხოლოდ 24%-ს უდრის, მაშინ როდესაც 2019 წლის იმავე პერიოდში ეს მონაცემი 46%-ს უტოლდებოდა.
თუმცა, მხარჯველობითი მატება შეინიშნება ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და საუდის არაბეთის დამსვენებელთა მხრიდან.
ფოტო: ტობავარჩხილის ტბა / Max Richter