2017 წლის IVკვარტლის მდგომარეობით, საქართველოში კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათების რაოდენობამ შეადგინა 9.1 მილიონი. წინა კვარტალთან შედარებით, გამოშვებული ბარათების რაოდენობა 4%-ით შემცირდა. 1%-ული პუნქტით შემცირდა გამოშვებულ ბარათებში საკრედიტო ბარათების წილი და მან შეადგინა 8%.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის IV კვარტალთან შედარებით 3%-ით შემცირდა გამოშვებული ბარათების რაოდენობა.
საქართველოში 10 სულ მოსახლეზე გამოშვებულია 24 ბარათი.
საქართველოში ყველაზე პოპულარული MasterCard-ის ბარათებია. მთლიანი მოცულობის 47% სწორედ MC-ზე მოდის. მას მოსდევს Visa 28%-ით და Local 17%-ით.
სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში გადახდის ოპერაციების რაოდენობის წილმა სულ შესრულებულ ტრანზაქციებში შეადგინა 68%, ხოლო თანხის წილმა 24%. აღნიშნული მაჩვენებელი გაიზარდა 1%-ული პუნქტით როგორც რაოდენობრივად, ისე თანხობრივად გასული (მესამე) კვარტლის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით.
სულ ქართული საგადახდო ბარათებით შესრულებული ტრანზაქციები გაიზარდა 11%-ით რაოდენობრივად და 12%-ით თანხობრივად, წინა III კვარტლის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით.
2016 წლის IV კვარტალთან შედარებით ქართული საგადახდო ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციები გაიზარდა 37%-ით რაოდენობრივად და 26%-ით თანხობრივად. მათგან სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში გადახდის ოპერაციების რაოდენობა გაიზარდა 50% როგორც რაოდენობრივად, ისე თანხობრივად. ნაღდი ფულის გატანის ოპერაციების რაოდენობა კი გაიზარდა 15%-ით და თანხა 20%-ით.
2017 წლის IV კვარტალში საქართველოში გამოშვებული ბარათებით ქვეყნის შიგნით სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში არსებული პოს–ტერმინალებით (ვირტუალური ტერმინალების ჩათვლით) განხორციელდა 33.0 მლნ ოპერაცია, თანხობრივად კი 1.0 მილიარდი ლარი. შესრულებული ოპერაციების რაოდენობის აღნიშნული მაჩვენებელი 13%-ით, ხოლო თანხის 18%-ით მეტია წინა (III კვ.) კვარტლის შესაბამის მაჩვენებლებზე.
2017 წლის IV კვარტალში ქართული ბარათებით ქვეყნის შიგნით განხორციელდა 16.5 მლნ ნაღდი ფულის გატანის ოპერაცია, თანხობრივად – 4.1 მილიარდი ლარი. აღნიშნული ოპერაციების რაოდენობრივი მაჩვენებელი 8%-ით მეტია, ხოლო თანხობრივი 11%-ით, წინა (მესამე) კვარტლის შესაბამის მაჩვენებლებზე.
საანგარიშო პერიოდში ქართული ბარათებით შესრულდა 5.8 მლნ ინტერნეტ- გადახდა, თანხობრივად 329 მლნ ლარი. წინა (მესამე) კვარტალთან შედარებით ქართული ბარათებით შესრულებული ინტერნეტ–გადახდები გაიზარდა 26%-ით რაოდენობრივად და 29%- ით თანხობრივად.
2016 წლის IV კვარტლის მონაცემებთან შედარებით ინტერნეტ–გადახდების რაოდენობა გაიზარდა 52%-ით და თანხა 54%- ით.
დატოვე კომენტარი