საქართველო 190 ქვეყანას შორის 22-ე ადგილზეა მსოფლიო ბანკისა და PwC-ის Paying Taxes 2018 ერთობლივი ანგარიშის თანახმად, რომელიც ახდენს ქვეყნების შედარებას იმის მიხედვით, თუ რამდენად მარტივია საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში ყოფნა. Paying Taxes 2018 წარმოადგენს მსოფლიო ბანკის “Doing Business 2018”-ის კვლევის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს, რომელშიც საქართველო მე-9 ადგილზეა.
Paying Taxes აფასებს, თუ როგორ ურთიერთქმედებს საშუალო ბიზნესის მქონე ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია საგადასახადო სისტემებთან 190 ქვეყნის ეკონომიკაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იგი აფასებს არა მხოლოდ გადახდილი გადასახადის თანხის ოდენობას, არამედ იმას, თუ რამდენი ხანი სჭირდება კომპანიას საგადასახადო ვალდებულებების შესასრულებლად. ამასთან კვლევა მოიცავს იმ დროს, რაც საჭიროა ძირითადი გადასახადების დეკლარაციების მოსამზადებლად, საგადასახადო სტრუქტურაში წარსადგენად და გადასახადის გადასახდელად.
გასული წლის რეიტინგშიც საქართველო 22-ე ადგილზე იყო.
Paying Taxes 2018-ის მონაცემების მიხედვით, კვლევაში მონაწილე კომპანიას საქართველოში ესაჭიროება 269 საათი საგადასახადო ვალდებულებების შესასრულებლად (ერთი საათით ნაკლები გასულ წელთან შედარებით). აღნიშნული კომპანია ახორციელებს 5 გადახდას (იგივე რაც გასულ წელს), ხოლო გადასახადის წილი მთლიან შემოსავალში შეადგენს 16.4% (იგივე რაც გასულ წელს).
კვლევაში მონაწილე კომპანიებს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები) და ცენტრალური აზიის ქვეყნებში საგადასახადო ვალდებულებების შესასრულებლად საშუალოდ ესაჭიროებათ 230 საათი, რაც საქართველოზე ნაკლებია. თუმცა, რეგიონის საშუალო გადასახადის წილი მთლიან შემოსავალში (TTCR) მეტია საქართველოს მაჩვენებლებზე და შეადგენს 33.4%-ს. ამასთან ერთად რეგიონალური საშუალო გადახდების რაოდენობაც აღემატება საქართველოს საშუალო გადახდების რაოდენობას და საშუალოდ 16 ერთეულის ტოლია.
დატოვე კომენტარი