საქართველოში 2021 წლის პირველ ნახევარში საგარეო ვაჭრობის ბრუნვა გაიზარდა და მაჩვენებელი 2019 წლის პოსტპანდემიური პერიოდის თითქმის ანალოგიურია. PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემების თანახმად, 2021 წლის პირველ ნახევარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 62 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20.7%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 0.5% -ით მეტია 2019 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე.
აღნიშნულ პერიოდში საქართველოს მთლიანი ექსპორტი 1.9 მილიარდი იყო, რაც 25.2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 5.3%-ით აღემატება 2019 წლის იანვარ-ივნისის პერიოდის მაჩვენებელს. ქვეყნის მთლიანმა იმპორტმა კი 4.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 18.9%-ით მეტია ვიდრე 2020 წლის პირველ ნახევარში და 1.5%-ით ნაკლები ვიდრე 2019 წლის ანალოგიური პერიოდის განმავლობაში.
საანგარიშო პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან (9.9%), რუსეთთან (24.8%) და ჩინეთთან (22.7%). 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა რუსეთთან (12.3%) და ჩინეთთან (27.9%), თუმცა შემცირდა ევროკავშირთან (-14%).
2021 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ თურქეთი (15.2%), რუსეთი (11.8%) და ჩინეთი (10.5%). საექსპორტო პარტნიორების სამეულია: ჩინეთი (15.4%), რუსეთი (14%) და აზერბაიჯანი (8.4%). საიმპორტო სამეული კი ასე გამოიყურება: თურქეთი (18%), რუსეთი (10.8%) და ჩინეთი (8.4%). აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოს სამი ძირითადი საექსპორტო და საიმპორტო პარტნიორი არ შეცვლილა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2021 წლის პირველ ნახევარში, საქართველოს ექსპორტის 77.9% კონცენტრირებულია ათ ძირითად საექსპორტო პარტნიორთან. საქართველოს იმპორტის დივერსიფიკაცია უმნიშვნელოდ აღემატება ექსპორტისას და ძირითადი ათი საიმპორტო პარტნიორი მთლიანი იმპორტის 68.5%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ თუ 2020 წელს იმპორტის პარტნიორთა ათეულში ევროკავშირში შემავალი მხოლოდ ორი ქვეყანა იყო (გერმანია და იტალია), 2021 წლის პირველ ნახევარში ათეულში უკვე სამი წევრი ქვეყანაა (გერმანია, იტალია და რუმინეთი).
2021 წლის პირველ ნახევარში, 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ძირითადი პროდუქციის ჯგუფების იმპორტსა და ექსპორტში არ შეინიშნება მნიშვნელოვანი ცვლილებები. სპილენძის მადნებისა და მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ტიპები გვხვდება როგორც უმსხვილეს საექსპორტო, ისე საიმპორტო საქონლის სიაში. ყველაზე მსხვილ საექსპორტო საქონელს შორის სპილენძის მადნები (391 მლნ USD) პირველ ადგილს იკავებს, ხოლო მსუბუქი ავტომობილები (205.4 მლნ USD) მეორეს. ყველაზე მსხვილ საიმპორტო საქონელს შორის კი ავტომობილები იკავებს პირველ ადგილს (371.4 მლნ USD), ხოლო მეორეს – სპილენძის მადნები (335.5 მლნ USD). ეს შეიძლება აიხსნას ამ ორი ტიპის საქონლის რეექსპორტით. საქართველოს ხელსაყრელი ინსტიტუციური და საკანონმდებლო გარემო მნიშვნელოვნად ამცირებს ექსპორტისა და იმპორტის ხარჯებს, რაც საქართველოს რეექსპორტის რეგიონალურ ცენტრად აქცევს.
დატოვე კომენტარი