საიმედო პროგნოზი

საიმედო პროგნოზი

დოქტორი არვინდ ლალი ათნიშნა ხალხის კლუბს უერთდება, მისი ლაბორატორიები კი Covid-19-ის ათასობით ტესტს ატარებს ყოველდღე მთელი ინდოეთის მასშტაბით. 

 

მარტის მიწურულს, როცა კორონავირუსმა ინდოეთში ეროვნული მასშტაბის იზოლაცია გამოიწვია, 70 წლის დოქტორ არვინდ ლალმა მოქმედება დაიწყო. მისმა Dr. Lal PathLabs-მა – ინდოეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა დიაგნოსტიკურმა ცენტრმა – მალევე მოიპოვა რეგულაციური სანქცია Covid-19-ის ტესტების ჩასატარებლად და პირველ კერძო ლაბორატორიადაც იქცა, რომელიც ქვეყანაში მასობრივ ტესტირებას ეწევა.

ამ საჯარო ბაზარზე მბრუნავი კომპანიისთვის, რომელიც დღეს რამდენიმე ათას Covid-ტესტს ატარებს თავის ნიუ-დელის, კოლკატასა და ინდორის ლაბორატორიებში, ეს ნამდვილი მადლი იყო. მართალია, საკუთრივ ტესტები შემოსავალს ბევრს არაფერს მატებს, კომპანია იმ დადებითი სენტიმენტით პოულობს სარგებელს, რომელიც ახლა დიაგნოსტიკური სექტორის მიმართ არსებობს. მას მერე, რაც ინდოეთის პრემიერ- მინისტრმა ნარენდრა მოდიმ 24 მარტს ქვეყანაში კარანტინი გამოაცხადა, კომპანიის აქციათა ფასი 19%-ით ავარდა, ეს კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ლალი – თავმჯდომარე და ქსელის 57%-იანი წილის მფლობელი – ახალ მილიარდერად ქცეულიყო.

ტესტებთან ერთად, რომლებიც, კომპანიის თქმით, ცხვირიდან და ყელიდან ნაცხის აღებას საჭიროებს და შედეგებს 48 საათის განმავლობაში იძლევა, მათ, პროცესის დასაჩქარებლად, სინჯების მოსაგროვებელი ფურგონებიც გამოუშვეს და პერსონალი ინფიცირებისთვის თავის არიდებაში გაწვრთნეს. “რეგულარულად ვატარებთ ტრენინგებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ უსაფრთხოების პროტოკოლები დაცულია“, – ამბობს ლალის ცოლი, პათომორფოლოგი ვანდანა ლალი, რომელიც ლაბორატორიებში კლინიკურ კვლევებსა და კვლევისა და განვითარების განყოფილებას თაოსნობს. მიუხედავად ამისა, მაისში დელის მთავრობას, რომელიც იქ კოვიდის ტესტირებას უწევს მონიტორინგს, კომპანიის ტესტების წინააღმდეგობრივ შედეგებთან დაკავშირებით გაუჩნდა კითხვები. კომპანია ამ საკითხზე კომენტარისთვის არ გამოგვეხმაურა.

Lal PathLabs-ი ინდოეთში 200-ზე მეტ კლინიკურ ლაბორატორიასა და სინჯების მოგროვების თითქმის 6,5000 პუნქტს ამუშავებს, გასულ წელს კი მისმა შემოსავალმა $174 მილიონი შეადგინა.

ლალის გზა მილიარდერობისკენ 1977 წელს დაიწყო, როცა 28 წლისა იყო. სამედიცინო ხარისხის მოპოვების შემდეგ პათოლოგიის გაღრმავებულ კურსს გადიოდა ქალაქ პუნაში, ინდოეთის Armed Forces Medical College-ში. მამის უეცარი გარდაცვალების გამო ლალს შინ მოუხდა დაბრუნება და დიაგნოსტიკური ლაბორატორიისა და სისხლის ბანკის მართვის სადავეები გადაბარება, რომლებიც მამამისს დაეარსებინა 1949 წელს. შესყიდვათა მეშვეობით ბიზნესი გააფართოვა და 2015 წელს საჯარო ბაზარზე გაიტანა.

მისი ქალიშვილი, გენეტიკოსი არქანა ლალ ერდმანი Lal PathLabs-ის არააღმასრულებელი დირექტორია, ხოლო მისი ვაჟი, ანჯანეია ლალი თავისუფალ განაკვეთზე მუშაობს, როგორც ველური ბუნების ფოტოგრაფი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *