ჩვენი საავტორო სვეტის თითოეული სტატიის მიზანს წარმოადგენს იმ ღონისძიებათა მიზანშეწონილობის დასაბუთება, რომელთა გატარება აუცილებელია სწრაფი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. სწორედ ამ მიზანს დაეთმო ჩვენი თორმეტი სტატია, რომლებიც 2019 წლის მაისიდან ქვეყნდება “ფორბსის“ მიერ.
[MAINPICTURE]
საქართველოში არსებული დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, წინამდებარე სტატია არ დაეთმობა სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. დღეს, ისე როგორც არასდროს, საქართველო დგას სრული ეკონომიკური და სოციალური კატასტროფის წინაშე. სწორედ ამიტომ, წინამდებარე სტატია, ერთი მხრივ, დაეთმობა იმ რისკებისა და საფრხეების შეფასებას, რომლებიც დგას ქვეყნის წინაშე; ხოლო მეორე მხრივ მკითხველს ვთავაზობთ ჩვენს მოსაზრებას იმ აუცილებელი ღონისძიებების შესახებ, რომელთა განხორციელება გარდაუვალია სრული ეკონომიკური და სოციალური კოლაფსის თავიდან ასაცილებლად.
ჩვენ არ ვაკეთებთ არსებული სიტუაციის პოლიტიკურ შეფასებას და არც იმ მიზეზთა კრიტიკულ ანალიზს, რომლებმაც ამ სიტუაციამდე მოგვიყვანა. საქართველო დღეს დგას კონკრეტული რეალობის წინაშე. ჩვენი მიზანია, კრიტიკულად გავიაზროთ არსებული მოცემულობა, რომ სრულად განვსაზღვროთ ქვეყნის წინაშე არსებული ყველა რისკი და ამავე დროს მივიღოთ სწორი ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის გადაწყვეტილებები ამ საფრთხეების დასაზღვევად.
არსებული მოცემულობის შეფასება
ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციასა და დინამიკას ყველაზე კარგად ასახავს ქვეყნის ბიუჯეტი და ქვეყნის ვალი.
2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკიდან სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღებს 10.4 მილიარდი ლარის საგადასახადო შემოსავლებს: 3 მილიარდი ლარი ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადია, 0.8 მილიარდი ლარი – მოგების გადასახადი, 3.8 მილიარდი ლარი – დღგ, 1.3 მილიარდი ლარი – აქციზის გადასახადი და 1.5 მილიარდი ლარი – გრანტებიდან და სხვა შემოსავლებიდან (ფინანსური და არაფინანსური აქტივების კლებიდან).
10.4 მილიარდი ლარი – ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტის ის შემოსავალი, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკა სახელმწიფოსათვის უზრუნველყოფს გადასახადების სახით. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ, როგორც ქვეყანა, დამოუკიდებლად და მხოლოდ ჩვენი წყაროებით 10.4 მილიარდი ლარის საბიუჯეტო შემოსავლის გენერირებას ვახდენთ.
თუ ჩვენ, როგორც ქვეყანას, დამოუკიდებლად ფუნქციონირება გვსურს ჩვენივე შემოსავლის ფარგლებში, ჩვენი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიც არ უნდა აღემატებოდეს 10.4 მილიარდ ლარს. ყოველი დამატებითი ლარი, რომელსაც ჩვენ მიერ გენერირებულ შემოსავლებზე მეტად დავხარჯავთ, უნდა დაფინანსდეს სხვა წყაროდან – არა შემოსავლებიდან. ეს სხვა წყარო, როგორც წესი, არის ვალი ანუ ის თანხები, რომლებსაც ქვეყანა ვერ გამოიმუშავებს და მაინც ხარჯავს.
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გარდა 10.4 მილიარდი საგადასახადო შემოსავლებისა, დამატებით გათვალისწინებულია 8 მილიარდი ლარის სხვა დამატებითი საბიუჯეტო შემოსავალი და, შესაბამისად, ჯამური შემოსავლები შეადგენს 18.4 მილიარდ ლარს.
ეს 8 მილიარდი ლარის ოდენობის სხვა დამატებითი შემოსავალი არ არის ქვეყნის მიერ გენერირებული შემოსავალი. ეს არის დამატებითი ვალი – შიდა და საგარეო ვალის ზრდა. ამ ახალი ვალიდან დაახლოებით 6 მილიარდი ლარი საქართველოს ბიუჯეტიდან დაიხარჯება 2020 წელს, ხოლო 2 მილიარდი ლარი – 2021 წელს. შესაბამისად, 6 მილიარდი ლარი არის ვალი, რომელსაც საქართველო იღებს მიმდინარე წლის საბიუჯეტო ხარჯების დასაფარად ანუ 2020 წელს დავხარჯავთ 60 პროცენტით მეტს, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკის მიერ გამომუშავებული ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებია.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, უკვე 2020 წლის აგვისტოსათვის, როდესაც ეს ახალი ვალები ჯერ კიდევ მხოლოდ ნაწილობრივ იყო აღებული, საქართველოს სახელმწიფო ვალი შეადგენდა 26.3 მილიარდ ლარს. აქედან 20.7 მილიარდი ლარი არის საგარეო ვალი, ხოლო 5.6 მილიარდი ლარი – საშინაო ვალი. 8 მილიარდი ლარის ახალი ვალი შედგება 1.8 მილიარდი ლარი შიდა ვალისა და 6.2 მილიარდი ლარი საგარეო ვალისაგან. შესაბამისად, წლის ბოლოსათვის გვექნება სახელმწიფო ვალი 34 მილიარდი ლარის ოდენობით, საიდანაც 26 მილიარდი არის საგარეო ვალი, ხოლო 8 მილიარდი – საშინაო ვალი.
შეჯამებისათვის: სახელმწიფოს მთლიანი ვალი არის 3-ჯერ მეტი, ვიდრე სახელმწიფოში გენერირებული საგადასახადო საბიუჯეტო შემოსავლები. ამავე დროს, მხოლოდ 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება ეკონომიკიდან გენერირებული საგადასახადო შემოსავლების 60 პროცენტზე მეტი.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი პროექტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო 2021-2024 წლებში გეგმავს სახელმწიფო ვალის ზრდას 7.5 მილიარდი ლარის ოდენობით (ახალი ვალების აღებისა და არსებული ვალების დაფარვის გათვალისწინებით).
საფრთხეები და რისკები
ვალი, კერძოდ კი საგარეო ვალი არის დღევანდელი საქართველოს ყველაზე რეალური და სერიოზული საფრთხე.
მთლიანი სახელმწიფო ვალის 79 პროცენტი არის უცხოურ ვალუტაში დენომინირებული საგარეო ვალი. გამოცხადებული ლარიზაციის პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფო, ერთი მხრივ, “ზრუნავს“ კომპანიებისა და ფიზიკური პირების სავალუტო რისკებზე, ამავე დროს, თვითონ სახელმწიფოს მთლიან ვალში დოლარიზაცია გაცილებით მაღალია, ვიდრე კომპანიებისა და ფიზიკური პირების სესხებში.
სწორედ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალი – საგარეო ვალი – არის უმთავრესი რისკ-ფაქტორი. საგარეო ვალის საფრთხეების სათანადოდ შესაფასებლად საჭიროა გავითვალისწინოთ შემდეგი მოცემულობები:
2019 წლის ჩათვლით საქართველომ ვერ მოახერხა მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. 2020 წლიდან რეგიონში არსებული დესტაბილიზაციისა და პოსტპანდემიური გლობალური ეკონომიკური პრობლემების გათვალისწინებით კიდევ უფრო გართულდება ინვესტიციების მოზიდვა და სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევა. ასევე არ უნდა გვქონდეს ილუზიური მოლოდინი იმისა, რომ საექსპორტო ბაზარზე ქართული პროდუქცია უახლოეს წლებში რაიმე გარღვევას მოახდენს და ამით გაზრდის ვალუტის შემოდინებას ქვეყანაში.
ეს ყველაფერი, ცხადია, გავლენას იქონიებს ლარის გაცვლით კურსზე და გამოიწვევს მის მომავალ გაუფასურებას.
დღევანდელი გლობალური, რეგიონალური და საქართველოს საშინაო ეკონომიკური მდგომარეობა გვაძლევს ყველანაირ საფუძველს იმისა, რომ მოვემზადოთ ლარის უახლოეს წლებში კიდევ უფრო მეტად გაუფასურებისათვის. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა 33 პროცენტით, რაც საშუალოდ წლიურ 5.8-პროცენტიან გაუფასურებას ნიშნავს.
რა საფუძველი არსებობს იმისა, რომ არ მოვემზადოთ ლარის, მაგალითად, 20 პროცენტით გაუფასურებისათვის შემდეგი 3-5 წლის განმავლობაში? რთულია, მოიძებნოს რაციონალური არგუმენტი, რომელიც დღევანდელი ეკონომიკური გარემოს გათვალისწინებით ლარის ასეთ გაუფასურებას გამორიცხავს.
აგვისტოს მდგომარეობით, ახალი ვალების აღებამდე სახელმწიფო საგარეო ვალი 20.7 მილიარდი ლარია. საგარეო ვალის 90% უცხოურ ვალუტაში არის დენომინირებული. შესაბამისად, ლარის ყოველი 5-პროცენტიანი გაუფასურება, მაგალითად, დოლართან მიმართებით 3.20-დან 3.36-მდე, ნიშნავს სახელმწიფო საგარეო ვალის ზრდას 900 მილიონი ლარით. ეს არის ვალის ზრდა და ბიუჯეტის დამატებითი ტვირთი მხოლოდ ლარის გაუფასურების გამო.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის მხოლოდ მეორე კვარტალში ლარის გაუფასურების გამო საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 600 მილიონ ლარზე მეტად – 202 მილიონი აშშ დოლარით – გაიზარდა.
გარდა ამისა, უკვე დღეის მდგომარეობით თითქმის 800 მილიონი ლარი 2020 წლის ბიუჯეტით გადასახდელია საგარეო და საშინაო ვალის მხოლოდ საპროცენტო ხარჯის დასაფარად.
ვალის ზრდასთან ერთად მომავალი წლიდან, ცხადია, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ვალის მომსახურების საპროცენტო ხარჯებიც.
სწორედ ამიტომ, საგარეო ვალის არსებული მოცულობა, მისი ზრდის ტენდენციები და ლარის მოსალოდნელი მომავალი გაუფასურება საქართველოს ეკონომიკური და სოციალური რეალობის ყველაზე დიდი და სერიოზული საფრთხეა.
თუ საქართველო გააგრძელებს ახალი ვალების აღებით მიმდინარე საბიუჯეტო ხარჯების დაფინანსებას, ჩვენი ქვეყანა – ისე როგორც ეს მსგავსი ფისკალური პოლიტიკის გამტარებელ ბევრ ქვეყანას მოსვლია – პირველ ეტაპზე ვეღარ შეძლებს ახალი ვალების აღებას არსებული ვადადამდგარი ფინანსური ვალდებულებების დასაფარად; ხოლო შემდეგ ეტაპზე ამ ვალდებულებების პროცენტის მომსახურებასაც.
არსებობს ქვეყნები, რომლებმაც მსგავს სიტუაციებში ვალების მომსახურება დეფოლტის გამოცხადებით და ვალების ჩამოწერა/ რესტრუქტურიზაციით არჩიეს. საგარეო ვალების მომსახურების მეორე გზა – რომელსაც ასევე მრავალმა გაკოტრებულმა ქვეყანამ მიმართა – არის ადგილობრივი ვალუტის ძლიერი გაუფასურება და ამ გზით საგარეო ვალების მომსახურება.
როგორც დეფოლტის, ასევე ლარის ხელოვნური გაუფასურების სტრატეგიაზე ფიქრისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ორივე შემთხვევაში დავდგებით ისეთი იძულებითი ფისკალური ღონისძიებების წინაშე, რომლებიც გარდაუვალ სოციალურ აფეთქებას იწვევენ.
საქართველოში უკვე არსებული მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით, ლარის ხელოვნური გაუფასურების და/ ან დეფოლტის გზა წარმოუდგენელი და გამოუსწორებელი დარტყმა იქნება ისედაც გაღარიბებული მოსახლეობისა და მძიმე ფინანსური პრობლემების წინაშე მდგარი კერძო ბიზნესისათვის. ამიტომ ვფიქრობთ, რომ დეფოლტი და ლარის გაუფასურება გამოსავალი არ არის.
სწორი საბიუჯეტო და ფისკალური პოლიტიკა
ისმის კითხვა, არსებული მოცემულობისა და საფრთხეების გათვალისწინებით, როგორი უნდა იყოს მომავალი წლისა და მომავალი წლების საბიუჯეტო პოლიტიკა იმისათვის, რომ საქართველომ მოახერხოს: 1. თავისი ღარიბი მოსახლეობის სათანადო სოციალური უზრუნველყოფა და შესაძლო სოციალური აფეთქების თავიდან აცილება; 2. შეინარჩუნოს ინფლაცია გონივრულ ფარგლებში; 3. თავიდან აიცილოს დეფოლტი და 4. მიაღწიოს მაქსიმალურ შესაძლო ეკონომიკურ ზრდას არსებულ პირობებში.
სწორ, მდგრად და გრძელვადიან გამოსავლად მიგვაჩნია: 1. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი შევუსაბამოთ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებს ანუ არ დავხარჯოთ იმაზე მეტი, ვიდრე ეკონომიკის მიერ გენერირებული საგადასახადო შემოსავლებია და 2. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის სტრუქტურა შევუსაბამოთ ქვეყნის წინაშე მდგარ ყველაზე პრიორიტეტულ ამოცანებს და კონსტიტუციით გაწერილ სახელმწიფო ფუნქციებს.
პირველი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ, რადგან 2021 წლისათვის ვგეგმავთ საბიუჯეტო საგადასახადო შემოსავლებს 10.4 მილიარდი ლარის ოდენობით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიც უნდა იყოს მაქსიმუმ 10.4 მილიარდი ლარი. როგორც სახელმწიფომ, უნდა ვისწავლოთ ჩვენი სახელმწიფო საჭიროებების დაკმაყოფილება ჩვენსავე შემოსავლების ფარგლებში.
საგადასახადო შემოსავალზე მეტი ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრივატიზაციით ან გრანტების სახით დონორებისაგან მივიღებთ დამატებით შემოსავლებს. შესაბამისად, უნდა შეჩერდეს ყოველგვარი ახალი შიდა თუ გარე ვალის აღება.
ბიუჯეტის ხარჯვითი სტრუქტურა უნდა პასუხობდეს ქვეყნის წინაშე არსებულ მთავარ და უპირველეს გამოწვევებს და სახელმწიფოს კონსტიტუციურ ფუნქციებს. სწორედ ეს უნდა იყოს ბიუჯეტის ხარჯვის ფუნდამენტური პრინციპი.
სწორედ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის სტრუქტურაში იმდენი პრობლემური საკითხი დევს ზედაპირზე, რომ მათი სრული ჩამოთვლა ამ ფორმატში შეუძლებელია. მკითხველის ყურადღებას შევაჩერებთ რამდენიმე ნიშანდობლივ მაგალითზე იმისათვის, რომ გასაგები გავხადოთ ის პრინციპები და ქვაკუთხედი, რომელზეც უნდა აიგოს დღევანდელი საქართველოს ბიუჯეტი მინიმუმ მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში.
მაშინ როცა 2020 წლის ბიუჯეტის შემოსავლები გადასახადების სახით 10.4 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული, დაახლოებით 1.55 მილიარდი ლარი დაიხარჯება სახელმწიფო სტრუქტურებში, სიპებსა და აიპებში დასაქმებულ პირთა ხელფასებზე. ხოლო 1.51 მილიარდი ლარი დაიხარჯება სახელმწიფო სტრუქტურების, სიპებისა და აიპების საქონლისა და მომსახურების შესასყიდად.
ჯამში 3 მილიარდ ლარზე მეტი – ბიუჯეტის მთელი საგადასახადო შემოსავლის 29% – იხარჯება თვითონ სახელმწიფო სტრუქტურების ხელფასებზე, საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე.
ეს რიცხვები წარმოდგენას გვიქმნის ჩვენი ეკონომიკის ზომაზე, იმ საგადასახადო შემოსავლებზე, რომელთაც ის აგენერირებს და ამავე დროს უზარმაზარ სახელმწიფო აპარატსა და სახელმწიფო სტრუქტურებზე, რომლებიც ტვირთად აწევს ისედაც მცირე ეკონომიკიდან გენერირებულ საგადასახადო შემოსავლებს.
გარდაუვალია მთლიანი სახელმწიფო სტრუქტურებისა და მათთან დაკავშირებული სიპებისა და აიპების მაქსიმალურად შეკვეცა, ისე რომ მათი დაფინანსება არ აღემატებოდეს საბიუჯეტო საგადასახადო შემოსავლების 15%-ს. ეს უნდა იყოს სახელმწიფო სტრუქტურების დაფინანსების წითელი ხაზი და პირდაპირ დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკის მიერ გენერირებულ საგადასახადო შემოსავლებზე.
გარდა ამისა, 2020 წელს 1.8 მილიარდი ლარი, რომელიც მთელი საგადასახადო შემოსავლების 25%-ია სხვადასხვა სამინისტროს მიერ გაიცემა გრანტებისა და სუბსიდიების სახით სხვადასხვა საგრანტო პროგრამის ფარგლებში, რომლებიც ყოველწლიურად სოკოებივით მრავლდებიან.
გამოდის, რომ უმძიმესი სოციალური პრობლემების წინაშე მდგარ ქვეყანაში ეკონომიკის მიერ გენერირებული საგადასახადო შემოსავლების 29% იხარჯება სახელმწიფო სტრუქტურებზე, ხოლო დამატებით 25% ამ სტრუქტურების მიერ გაცემულ გაურკვეველ გრანტებსა და სუბსიდიებზე.
ჩვენი საავტორო სვეტის წინა სტატიებში არაერთხელ დაგვიწერია სახელმწიფო სუბსიდიებისა და გრანტების არაეფექტიანობაზე სხვადასხვა სამინისტროს მაგალითზე. გარდა აბსოლუტური არაეფექტიანობისა, ეს პროგრამები კორუფციისა და ნეპოტიზმის დიდი რისკების შემცვლელია. აუცილებელი და გარდაუვალია ამ სახელმწიფო სუბსიდიებისა და გრანტების სრული განულება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ქვეყნის ბიუჯეტი უნდა ასახავდეს ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებსა და პრიორიტეტებს, განსაკუთრებით კი იმ პრობლემებს, რომლებიც მწვავედ დგას მოსახლეობის წინაშე. თუმცა ბიუჯეტში ვხედავთ ისეთ ანომალიებს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო საქართველოს დღევანდელ რეალობასთან და იქმნება წარმოდგენა, რომ ეს ბიუჯეტი სხვა ქვეყნისთვის არის შექმნილი. რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ:
საქართველოში არსებული კრიმინა ლური სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც სამართალდამცავი სტრუქტურები კვალიფიციური კადრების მწვავე დეფიციტს განიცდიან, გაუგებარია, რატომ ფინანსდება საქართველოს მთლიანი პროკურატურა 82 მილიონი ლარით, ხოლო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლობა – რომლის რეიტინგი 2 პროცენტზე ნაკლებია – ბიუჯეტიდან ფინანსდება 68 მილიონი ლარით.
სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, ასევე გაუგებარია, როგორ შეიძლება ქვეყნის მთელი სასამართლო სისტემის – საკონსტიტუციო, უზენაესი, საერთო სასამართლოები – უზრუნველსაყოფად ქვეყანა უფრო ნაკლებს ხარჯავდეს (167 მილიონი ლარი) ვიდრე სპორტსმენებზე, ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლებზე, რომელთა დაფინანსება ბიუჯეტიდან გაცემულ 211 მილიონ ლარს შეადგენს.
საქართველოს ბიუჯეტში უსასრულოდ არის მაგალითები იმისა, თუ რამდენადაა აცდენილი ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯვის პრინციპები ქვეყნის რეალურ პრობლემებს და სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებებს.
სამართლიანი სასამართლოს, კანონის აღსრულებისა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა არის საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულება; პროფესიული სპორტის თუ თანამედროვე კულტურის (საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ეთნოგრაფიული მატერიალური და არამატერიალური ძეგლების გამოკლებით) დაფინანსება არ არის სახელმწიფოს ფუნქცია.
ბიუჯეტის შემუშავების მეორე პრინციპი უნდა ემყარებოდეს სახელმწიფო უწყებების თითოეული მიმართულების ეფექტიანობის შეფასებას; უნდა განისაზღვროს, კონკრეტული მიმართულების დაფინანსებით რისი მიღწევა შეიძლება და რამდენი უნდა დაიხარჯოს.
სახელმწიფო ფუნქციებისა და სტრუქტურების კრიტიკული შეფასებისათვის პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: რომელ არსებულ წარმატებას ვერ მიაღწევდა საქართველო და რა პრობლემების წინაშე დადგებოდა ქვეყანა იმ შემთხვევაში, თუ ხუთი წლის წინ საერთოდ მთლიანად გავაუქმებდით კონკრეტულ სამინისტროს ან დეპარტამენტს?
საქართველოს მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფისათვის ყოველწლიურად ბიუჯეტიდან იხარჯება 5 მილიარდ ლარზე მეტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სოციალური უზრუნველყოფის ხარჯებს საფუძვლად დაედოს დახმარების მიმღების მატერიალური შესაძლებლობა. თითოეული მოქალაქე სახელმწიფო დახმარებას უნდა იღებდეს მისი მატერიალური მდგომარეობის მიხედვით.
მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯების ეფექტიანი გამოყენება და სიღარიბესთან ნამდვილი ბრძოლა. ყოვლად დაუშვებელია სოციალური უზრუნველყოფის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან განურჩევლად ყველა ერთნაირად ფინანსდებოდეს: ღატაკი, ღარიბი, მატერიალური თვალსაზრისით მეტ- ნაკლებად უზრუნველყოფილი თუ ძალიან მდიდარი.
დასკვნისათვის
მიგვაჩნია, რომ ქვეყნის მოსახლეობისათვის სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შემდეგი ძირითადი ფუნქციების შესრულება: თავდაცვა და უსაფრთხოება, მინიმალური სოციალური სტანდარტები და ჯანდაცვა, ეფექტიანი საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, და ხარისხიანი საბაზისო განათლების მიღების შესაძლებლობა. ვფიქრობთ, რომ ყველაფერი ის, რაც სახელმწიფოს ამ ფუნდამენტურ ფუნქციებს სცდება, უნდა შეფასდეს კრიტიკულად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დამატებითი ფუნქციების შესრულება ბიუჯეტის – ანუ გადასახადის გადამხდელების – თანხების ხარჯვას იწვევს.
ბიუჯეტის ამ პრინციპებზე აგებით მივაღწევთ რამდენიმე მიზანს: ქვეყნის ბიუჯეტს მთლიანად ჩამოვაცილებთ ახალი საშინაო თუ საგარეო ვალის აღების აუცილებლობას და, შესაბამისად, დეფოლტის საფრთხეს; ასევე, მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფისათვის გამოყოფილ საბიუჯეტო ხარჯების პროდუქტიულობას და თანამიმდევრულად გავაუმჯობესებთ მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას; ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად შევამცირებთ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ზომას, მათთან დაკავშირებულ საბიუჯეტო ხარჯებს, კორუფციისა და ნეპოტიზმის რისკებს და ამავე დროს მნიშვნელოვნად გავზრდით მათ კომპეტენციასა და ეფექტიანობას.
უმთავრესი არის ის, რომ, როგორც ქვეყანამ, შევიმუშაოთ დისციპლინა და ვისწავლოთ ვალების გარეშე ცხოვრება იმისათვის, რომ პირველ რიგში გადავრჩეთ და შემდეგ ეკონომიკურად განვვითარდეთ.
დატოვე კომენტარი