რამდენიმე წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის სხვადასხვა დარგის სტიმულირება სხვადასხვა ფორმით გადაწყვიტა და ამ მიზნით არაერთი პროექტი დანერგა. ქვემოთ მოყვანილია არასრული სია პროგრამებისა, რომლებშიც სახელმწიფო ჯამში 100 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს. ამას ემატება ხარჯები იმ ბიუროკრატიული აპარატის შესანახად, რომელიც აღნიშნული პროექტების განხორციელებასა და კონტროლს უზრუნველყოფს.
აღნიშნულ პროგრამებს არაერთი მხარდამჭერი ჰყავს. თუმცა ვრცელია იმ ადამიანებისა თუ ორგანიზაციების სიაც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მთავრობა ფულს არაეფექტიანად ხარჯავს. მაშინ როცა მთავრობა სიამაყით ითვლის დაფინანსებული საწარმოების რაოდენობას, ოპონენტები მას თავისუფალ ბაზარში უხეშ ჩარევასა და სახელმწიფო რესურსების არასწორ გამოყენებაში სდებენ ბრალს. დისკუსია ამ საკითხზე, ძირითადად, პოლიტიკურ ან იდეოლოგიურ კონტექსტში მიმდინარეობს. პროექტების ეფექტიანობის საფუძვლიანი, მეცნიერულად დასაბუთებული შეფასება კი თითქმის არ ხდება.
საინტერესოა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 2013 წლიდან დანერგილი აქვს ეფექტიანობის აუდიტი სახელმწიფო მმართველობის ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შესაფასებლად. ეფექტიანობის აუდიტი იმის შეფასებაზეა კონცენტრირებული, თუ რამდენად იქნა მიღწეული გადახდილი ფასის შესაბამისი ღირებულება, რისთვისაც სხვადასხვა რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდი გამოიყენება. 2013-2016 წლებში აუდიტის სამსახურმა ჯამში ეფექტიანობის 30 აუდიტი ჩაატარა. თუმცა იმ პროგრამებიდან, რომლებზეც დასაწყისში იყო საუბარი, სიაში ვერც ერთი ვერ მოხვდა. აუდიტის სამსახური აპირებს, ეფექტიანობის აუდიტის გაზრდის ხარჯზე, დროთა განმავლობაში შესაბამისობის აუდიტების რაოდენობა შეამციროს.
საკუთარი პროექტების ეფექტიანობა ჯერ არ შეუფასებია მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, თუმცა ამ მიზნით აუდიტორული კომპანიის შერჩევა იგეგმება. არც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ფლობს ეფექტიანობის შეფასების მექანიზმებს და მხოლოდ სტატისტიკის შეგროვებასა და დახარჯული თანხების მონიტორინგს აწარმოებს. დაფინანსებული პროექტების ეფექტიანობა არც საპარტნიორო ფონდში ფასდება, სადაც ყოველწლიურად გამოიყოფა თანხები სტარტაპ-პროექტებისთვის.
ეფექტიანობის შეფასების მექანიზმები ახალი არ არის საერთაშორისო პრაქტიკისთვის. თითქმის ყველა ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო ეკონომიკის სტიმულირების პროგრამებს ახორციელებს, არსებობს ამ პროგრამების შეფასების მექანიზმებიც. მაგალითად, პოლონეთში შეფასებას სახელმწიფოს დაკვეთით სპეციალიზებული კერძო კომპანიები ახორციელებენ, მონიტორინგს კი მათ სახელმწიფო სტრუქტურები უწევენ. კვლევების დროს ხშირად იყენებენ ე.წ. გავლენის კონტრაფაქტული შეფასების (Counterfactual Impact Evaluation) მეთოდოლოგიას, რომელიც აფასებს ჰიპოთეზურ სცენარს, აღნიშნული პროგრამის გარეშეც რომ იარსებებდა. ამ მეთოდით ხდება პროგრამის რეალური ეფექტის დადგენა. გამოიყენებენ ე.წ. თეორიაზე დაფუძნებულ შეფასებასაც (Theory Based Evaluation), რომლის საშუალებითაც პროგრამების წარმატება- წარუმატებლობის მიზეზებს ადგენენ. მიღებული შედეგების საფუძველზე მიმდინარე პროგრამების მოდიფიცირება ხდება. არსებობს შეფასების სხვა მეთოდებიც.
დავუბრუნდეთ საქართველოს, სადაც წლიდან წლამდე სახელმწიფო პროექტების რაოდენობისა და მათში დახარჯული თანხების ზრდასთან ერთად, იზრდება სახელმწიფო თანხების არაეფექტიანად დახარჯვისა და სახელმწიფო ინტერვენციების ნეგატიური ეფექტების რისკი. მთავარი კითხვა, რაც სესხის, დაზღვევისა თუ სხვა პროდუქტების სუბსიდირების ან გრანტების გაცემის დროს ჩნდება, არის ის, ხომ არ განხორციელდებოდა მხარდაჭერილი პროექტი სახელმწიფო დაფინანსების გარეშეც. შესაბამისად, რამდენად აუცილებელი იყო სახელმწიფოს თანამონაწილეობა. ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალურია პროგრამაში მონაწილე ფინანსურად ძლიერი სუბიექტების მიმართ, რომლებიც ხშირად იღებენ დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან. ასევე საინტერესოა, თუ რა როლი ითამაშა სახელმწიფო მხარდაჭერამ ბენეფიციარის განვითარებაში და იყო თუ არა ეს როლი გადამწყვეტი. გარდა ამისა, სახელმწიფოს მზარდმა აქტიურობამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს კონკურენციაზეც. თუ ბაზრის მოთამაშეთა ერთი ნაწილი სახელმწიფოს მხრიდან პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება და ამით უპირატესობას მოიპოვებს სხვებთან შედარებით, ამან შესაძლოა არაჯანსაღ კონკურენციას ჩაუყაროს საფუძველი. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი სახის ჩარევა თავისუფალ ბაზარზე მკაცრად უნდა ფასდებოდეს კონკურენციის ჭრილშიც.
კითხვებს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამების მიმართ მრავლად არსებობს, დასაბუთებული და პოლიტიკური კონიუნქტურისგან თავისუფალი პასუხის გაცემა სჭირდება, რისთვისაც შესაბამისი მექანიზმები უნდა არსებობდეს. ეფექტიანობის შეფასების ინსტიტუციური მექანიზმის ორი მოდელია გავრცელებული:
1. შეფასებას ახორციელებს რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურა, რისთვისაც შესაძლოა, სპეციალური სამსახურის შექმნა გახდეს საჭირო;
2. შეფასებას, სახელმწიფო დაკვეთით, ახორციელებს დამოუკიდებელი კვლევითი არასამთავრობო ორგანიზაცია.
მართალია, საერთაშორისო გამოცდილება ორივე ვარიანტს იცნობს, მაგრამ მყიფე სახელმწიფო ინსტიტუტების პირობებში რთული იქნება კვლევების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, თუ მას სახელმწიფო უწყებები განახორციელებენ. ამიტომ უმჯობესია, შეფასება სახელმწიფოსგან მაქსიმალურად დისტანცირებულმა ჯგუფმა გააკეთოს. სახელმწიფომ კვლევები, კონკურსის გზით, დამოუკიდებელ ორგანიზაციებს უნდა შეუკვეთოს. კვლევების outsourcing- ზე გატანა გაზრდის კვლევითი ორგანიზაციების ფინანსურ მდგრადობას, რასაც ისინი, სავარაუდოდ, საკუთარი მატერიალური და ინტელექტუალური შესაძლებლობების გაზრდისთვის გამოიყენებენ. ეს კი მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოში კვლევით საქმიანობას, რომელიც ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების ხარჯზე არსებობს.
საყურადღებოა ისიც, რომ ზემოხსენებული კვლევების მასშტაბურობა მნიშვნელოვან ფინანსურ და ადამიანურ რესურსებთან არის დაკავშირებული, რაც შესაძლოა დღეისათვის გადაულახავ ბარიერად დასახელდეს. ასევე არ არის სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემები, რაც ხშირად ართულებს სიღრმისეულ ანალიზს. თუმცა, თუ სახელმწიფო დღესვე დაიწყებს ფიქრს ამ საკითხზე და შექმნის შესაბამის წინაპირობებს, სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის კვლევების ჩატარება რამდენიმე წელიწადში რეალობად იქცევა, რაშიც, დიდი ალბათობით, დონორი ორგანიზაციებიც მიიღებენ მონაწილეობას.
შეჯამებისთვის, თუკი საქართველოში სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის შეფასების ინსტიტუციური მექანიზმები დაინერგება და მას დამოუკიდებელი ორგანიზაციები განახორციელებენ, აღმასრულებელ ხელისუფლებას მიეცემა შესაძლებლობა, უკეთესი შედეგების მიღწევის მიზნით, მიღებული შედეგების საფუძველზე დახვეწოს და გააუმჯობესოს მის მიერ განხორციელებული პროგრამები. აღნიშნული ხელს შეუწყობს საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაციას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.
დატოვე კომენტარი