Forbes-ის წინა ნომერში ლატარიის სახელმწიფო კომპანიის წარუმატებლობაზე ვისაუბრეთ. ის კი მხოლოდ ერთ-ერთია იმ 400-მდე საწარმოდან, რომელთაც სახელმწიფო დღემდე ფლობს და მართავს.
საბჭოთა კავშირის დაშლამ საქართველოში, პოლიტიკურ ცვლილებებთან ერთად, ძირეული ეკონომიკური ტრანსფორმაციაც გამოიწვია. კაპიტალისტურ სისტემაზე გადასვლის შედეგად სახელმწიფოს სამეწარმეო ფუნქცია ჩამოერთვა. პრივატიზაციის ხანგრძლივმა და ჯერ კიდევ დაუსრულებელმა პროცესმა ასობით სახელმწიფო საწარმოს განკერძოება გამოიწვია. თუმცა სახელმწიფო კომპანიების რაოდენობა კვლავინდებურად დიდია და ჩამონათვალს მუდმივად ემატება ახალი საწარმოები.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მართვაში ამჟამად სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული 178 საწარმო იმყოფება, ამ ჩამონათვალში გათვალისწინებული არ არის არასამეწარმეო იურიდიული პირები, ადგილობრივი თვითმმართველობების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და სსიპ-ების მიერ დაფუძნებული საწარმოები. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2013 წლის მდგომარეობით, 111 საწარმოს ადგილობრივი თვითმმართველობები ფლობდნენ, ხოლო 63 საწარმოს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. სახელმწიფო ასევე ფლობს წილებს სს საპარტნიორო ფონდის მეშვეობით. 2014 წლის მდგომარეობით ფონდი ფლობდა 100-პროცენტიან წილს 19 საწარმოში, ხოლო 50 პროცენტს ან უფრო ნაკლებს – სამ კომპანიაში.
იკვეთება, რომ სიაში ყველაზე დიდი წილი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს უჭირავთ. უცნაურია, რატომ ვერ მოხერხდა დღემდე ამ საწარმოების განკერძოება, მაშინ როცა ჯანდაცვის სექტორში პრივატიზაციის პროცესი დიდი ხნის წინ დაიწყო. კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს იმ სახელმწიფო საწარმოების არსებობა, რომელთაც არანაირი გამოკვეთილი სოციალური ფუნქცია არ გააჩნიათ და რომლებიც ხელს უშლიან კერძო ბიზნესის განვითარებას. სახელმწიფო წილებს ფლობს კომპანიებში მრეწველობის, ინფრასტრუქტურის, საკომუნიკაციო, სოფლის მეურნეობის და სხვა ბევრი სფეროდან, სადაც დიდი ხანია, საბაზრო ეკონომიკის თამაშის წესები მოქმედებს. მაშ, რა ესაქმება სახელმწიფოს ასეთ სექტორებში?
„სახელმწიფო საწარმოების მართვისა და განკარგვის ეფექტიანობის აუდიტის“ ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2015 წელს გამოაქვეყნა, წერია, რომ სახელმწიფოს მიერ საწარმოების ფლობისა და მართვის მთავარი მიზანი სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი ფუნქციების ეფექტიანად განხორციელება და/ან აღნიშნული საწარმოების საქმიანობიდან შემოსავლის მიღებაა. იმავე ანგარიშში, ფინანსური ანალიზის საფუძველზე 310 სახელმწიფო საწარმო (2014 წლის მდგომარეობით) დაყოფილია ხუთ კატეგორიად, რომელთაგან მხოლოდ ორი განისაზღვრა, როგორც „კარგ“ მდგომარეობაში მყოფი, ხოლო 231 მძიმე ფინანსურ მდგომარებაში იმყოფება.
გარდა ცუდი ფინანსური მაჩვენებლებისა, სახელმწიფო საწარმოებთან მიმართებით იკვეთება მთელი რიგი სხვა პრობლემებისა. ისინი ხშირად კონკურენციას უწევენ კერძო სექტორს და სარგებლობენ პრივილეგიებით სახელმწიფოს მხრიდან. კრიტიკას ვერ უძლებს სახელმწიფო კომპანიების უმრავლესობაში არსებული გამჭვირვალობის ხარისხი, რასაც ხელს უწყობს დღევანდელი კანონმდებლობა. არ არსებობს რეგულაცია, რომელიც სახელმწიფო საწარმოთა გამჭვირვალობის სტანდარტს განსაზღვრავდა. საწარმოთა მენეჯმენტი არ ინიშნება კონკურსის წესით და ასეთი ვალდებულება კანონმდებლობითაც არ არის განსაზღვრული. ჩნდება სახელმწიფო საწარმოებში თანამშრომელთა პირადი სიმპათიითა და პოლიტიკური ნიშნით დანიშვნის შესაძლებლობა. ასევე არ არსებობს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისა და წახალისების ეფექტიანი სისტემა. სახელმწიფო საწარმოები არ იმართება კორპორაციული მმართველობის კოდექსის მიხედვით, რომელიც დაადგენდა საწარმოთა მართვის ძირითად პრინციპებს და საერთოდ, არ არსებობს სახელმწიფო საწარმოთა დაარსებისა და საქმიანობის შეფასების უნივერსალური კრიტერიუმები.
ასეთ ვითარებაში ბუნდოვანია ქვეყნის პოლიტიკა სახელმწიფო საწარმოებთან მიმართებით. მართალია, ნომინალურად მათი რიცხვი ბოლო წლებში შემცირდა, მაგრამ შემცირება, ძირითადად, არამოქმედი საწარმოების ლიკვიდაციის ხარჯზე მოხდა. პარალელურად შეიქმნა არაერთი ახალი სახელმწიფო კომპანია, რომლებიც იკვებება სახელმწიფო სახსრებით და ამავე დროს აფერხებს კერძო სექტორის განვითარებას.
იმისთვის, რომ პროცესი არ იყოს უკონტროლო, სახელმწიფო საწარმოების შექმნა უნდა მოექცეს მკაცრ რეგულატორულ ჩარჩოებში, ისე, როგორც ეს ხდება უამრავ ქვეყანაში. უნდა განისაზღვროს მათი დაფუძნების კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ასევე მოხდება უკვე არსებული სახელმწიფო კომპანიების შეფასება. კრიტერიუმების ვერდაკმაყოფილების შემთხვევაში, ავტომატურად უნდა დაიწყოს მოქმედი სახელმწიფო კომპანიების პრივატიზაციის ან ლიკვიდაციის პროცესი და ის არ უნდა იყოს მხოლოდ პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული. შესაბამისად, უნდა შეიქმნას სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის გეგმა და უზრუნველყოფილ იქნას პოტენციური ინვესტორებისათვის ინფორმაციის მიწოდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
იმ საწარმოებზე, რომლებშიც შენარჩუნდება სახელმწიფოს წილი, უნდა გაძლიერდეს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კონტროლი. უნდა შემუშავდეს უნიფიცირებული რეპორტინგის სისტემა, რომლის მიხედვითაც ყველა სახელმწიფო საწარმო პერიოდულად წარუდგენს საქმიანობის ანგარიშს და ფინანსურ მაჩვენებლებს მმართველ ორგანოს. აღნიშნული ინფორმაცია პროაქტიურ რეჟიმში უნდა გამოქვეყნდეს და გახდეს ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირებისთვის. განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა (როდესაც საქმე, მაგალითად, სახელმწიფო საიდუმლოს ეხება), სახელმწიფო საწარმოები გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულების კუთხით უნდა გაუთანაბრდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რათა შესაძლებელი იყოს მათზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება.
ცალკე რეგულირებას მოითხოვს სახელმწიფო საწარმოებში მენეჯმენტის ანაზღაურების პროცესი, რისთვისაც ერთიანი ინსტრუქცია უნდა შემუშავდეს. ის უნდა ითვალისწინებდეს როგორც საქართველოს შრომით ბაზარზე არსებულ სიტუაციას, ასევე მენეჯმენტის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხისა და მათ მიერ მიღწეული შედეგების საწარმოსათვის წინასწარ დასახულ მიზნებთან შესაბამისობას. უნდა გაჩნდეს სახელმწიფო საწარმოთა მენეჯმენტის კონკურსის წესით დანიშვნის ვალდებულებაც.
სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის სახელმწიფო საწარმოები, ვეცნობი რა მათ საქმიანობას, კიბოს მეტასტაზებთან ასოციირდება. მგონია, რომ მკურნალობის საფუძვლიანი კურსი სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ, თუ გვინდა, რომ მოწამლული სხეულის განკურნება ძალიან არ გაგვირთულდეს.
დატოვე კომენტარი