რა არის გამართული სახელმწიფო შესყიდვების სისტემა? ეს არის ჯანსაღი კონკურენცია, გამჭვირვალე და მარტივი პროცედურები, არადისკრიმინაციულობა და დამოუკიდებელი, კომპეტენტური ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ტენდერების მიმდინარეობას და სამართლიანად განიხილავს ტენდერებთან დაკავშირებულ საჩივრებს. ადვილი მისახვედრია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გამართული სახელმწიფო შესყიდვების სისტემა როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე კერძო სექტორისათვის. სახელმწიფო ხომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომხმარებელია ქვეყნის ფარგლებში და შესყიდვებზე ყოველწლიურად გადასახადის გადამხდელთა ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი იხარჯება.
საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციით და დასავლურ, დემოკრატიულ სისტემებთან დაახლოების მიზნით, 2 010 წელს საქართველოში შეიქმნა ელექტრონული ტენდერების სისტემა, რომელმაც იმავე წლის ბოლოს სრულად ჩაანაცვლა ქაღალდზე დაფუძნებული ტენდერები. ადრე არსებული სისტემა ქმნიდა მნიშვნელოვან ბარიერებს კერძო ბიზნესისთვის, იძლეოდა კორუფციის არსებობის და მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ელექტრონული შესყიდვების სისტემის დანერგვის მიზანი იყო არსებული პრობლემების აღმოფხვრა, პროცედურების გამარტივება, ბიუროკრატიის შემცირება და დროის დაზოგვა. დღესდღეობით ტენდერების შესახებ ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომია შესყიდვების ვებგვერდზე. ასეთი გამჭვირვალობა აშკარად ამცირებს კორუფციის რისკებს. ამ სისტემამ დისკრიმინაციაც აღმოფხვრა – ტენდერში დისტანციურად მონაწილეობის შესაძლებლობა თანაბარ პირობებში აყენებს დედაქალაქსა და რეგიონში მდებარე, ისევე როგორც საზღვარგარეთ არსებულ კომპანიებს. შესაბამისად, იზრდება კონკურენცია და ხდება საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა. ახალი სისტემის დანერგვით მიღწეული პროგრესი მართლაც რომ მნიშვნელოვანია და ეს არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნა.
მიუხედავად ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებებისა, მაინც გვესმის შესყიდვებთან დაკავშირებული საჩივრები და შეიძლება ითქვას, რომ შესყიდვების სისტემა სრულყოფას საჭიროებს. სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონის თანახმად, ტენდერში მონაწილე მიმწოდებლები კომისიის მიერ ფასდებიან მათ მიერ შეთავაზებული ფასის, ტექნიკური დოკუმენტაციისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით. უმთავრეს კრიტერიუმს წარმოადგენს დაბალი ფასი, ხოლო ხარისხის უზრუნველყოფის ერთადერთი გზა მიმწოდებლისთვის დაწესებული ტექნიკური მოთხოვნებია. სამწუხაროდ, შემსყიდველი ორგანოები ყოველთვის ვერ ახერხებენ საჭირო მოთხოვნების სწორად შემუშავებას. ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ზოგჯერ ზედმეტად დეტალური, ხოლო ზოგჯერ იმდენად ზოგადია, რომ ვერ უზრუნველყოფს სასურველ ხარისხს. დეტალური მოთხოვნები ზღუდავს კონკურენციას, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ ასეთი კრიტერიუმების დაკმაყოფილება. ამ გზით შემსყიდველი მხარე ცდილობს შეზღუდოს ტენდერში მონაწილეთა რაოდენობა და უზრუნველყოს მისთვის მისაღები მიმწოდებლის გამარჯვება. ლოგიკურია, რომ ამ ფორმით სატენდერო პროცედურების გამარტივება მიუღებელია და თავისუფალი ბაზრის პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამასთანავე, ტექნიკური მოთხოვნების დეტალური გაწერა ქმნის არაკანონიერი გარიგებების არსებობის შესაძლებლობასაც.
შესყიდვების შესახებ კანონით დაშვებულია გამარტივებული შესყიდვის განხორციელება გარკვეულ შემთხვევებში. ასეთ დროს შესყიდვა ხდება პირდაპირ, ტენდერის გარეშე. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს და აჩქარებს შესყიდვის პროცედურებს. თუმცა, ტენდერის გარეშე განხორციელებული შესყიდვისას სხვა პირებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, გახდნენ ამა თუ იმ საქონლის თუ მომსახურების მიმწოდებლები,ასევე, კონკურენტული გარემოსაგან განსხვავებით, ვერ ხერხდება საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა. საყურადღებოა, რომ გამარტივებული შესყიდვები იძლევა კორუფციის და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესაძლებლობას. მაგრამ გამარტივებული შესყიდვების ძირითადი მიზანი შესყიდვის პროცედურების გამარტივება, დროის დაზოგვა და სანდო, მუდმივ მიწოდებელთან ურთიერთობის შენარჩუნებაა. გამარტივებული შესყიდვების დიდი რაოდენობა კი, სრულებით შესაძლებელია, რომ ელექტრონულ შესყიდვებთან დაკავშირებული სირთულეებისა და შესაძლო პრობლემების თავიდან არიდების საშუალებად მივიჩნიოთ. სირთულეს წარმოადგენს ტექნიკური და საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის მომზადება.
როგორც უკვე აღინიშნა, ეს დოკუმენტაცია არის შესყიდული პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის ერთადერთი გარანტი. მაგრამ რამდენად კვალიფიციურია სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომელი ასეთი დოკუმენტაციის მოსამზადებლად? სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში არსებულ სასწავლო ცენტრში 2014 წლიდან ასობით შესყიდვის სპეციალისტი გადამზადდა, მაგრამ ასეთი ტრენინგი ზოგად ცოდნას იძლევა. ყველა განსხვავებულ აუქციონის დოკუმენტაციის მომზადებას შესაბამისი თეორიული თუ ტექნიკური ცოდნა ესაჭიროება, რომლის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტებისა თუ რაიონების გამგეობის ფარგლებში პრაქტიკულად შეუძლებელი და ეკონომიკურად არაეფექტიანია. იქნებ იმიტომ მიმართავენ სახელმწიფო სტრუქტურები უფრო და უფრო ხშირად გამარტივებული წესით შესყიდვებს, რათა თავიდან აირიდონ პოტენციურად არაკვალიფიციური მიმწოდებლის მიერ აუქციონში გამარჯვება და დაბალ ფასში მიღებული დაბალი ხარისხის საქონელი. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია გამარტივებული შესყიდვების დიდი რაოდენობის ზუსტი მიზეზის გარკვევა, რათა ვიცოდეთ, კონკრეტულად რა პრობლემაა სისტემაში – ისევ არსებობს კორუფციის შემთხვევები თუ უბრალოდ ტენდერებთან დაკავშირებულ პროცედურებს არიდებენ თავს შემსყიდველები.
იშვიათად, მაგრამ მაინც გვხდება ისეთი მაგალითები, როდესაც შემსყიდველის მიერ შეთავაზებული საწყისი ღირებულება 50%-ით ან უფრო მეტად შემცირებულა ტენდერის დასრულებამდე. რით შეიძლება აიხსნას საწყის და სახელშეკრულებო ღირებულებებს შორის ასეთი მკვეთრი სხვაობა? შემსყიდველი ვერ ახერხებს შესასრულებელი სამუშაოს ადეკვატური ღირებულების განსაზღვრას; ტენდერში მონაწილე პირს არა აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, რომ სწორად განსაზღვროს გასაწევი ხარჯები; ან იქნებ მონაწილე ხელოვნურად ამცირებს ფასს ტენდერში გასამარჯვებლად? ბოლო ორ შემთხვევაში ვეჯახებით ისეთ სირთულეს, რასაც არასაკმარისი დაფინანსება ჰქვია – გამოყოფილი თანხით ვერ ხერხდება კონტრაქტში მითითებული სამუშაოს შესრულება და საბოლოოდ პროექტი იყინება ან იმაზე ბევრად მეტი ჯდება, ვიდრე თავდაპირველად იყო გათვლილი. ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი პრეცედენტები შემსყიდველ სტრუქტურებში შესაბამისი კვალიფიკაციას ნაკლებობასა და ხარისხის კონტროლის მექანიზმის დახვეწის საჭიროებაზე მიუთითებს.
შესყიდვების სისტემაში განხორციელებული რეფორმები მართლაც მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებული პრობლემების უგულებელყოფა დაწყებული საქმის შუა გზაზე მიტოვება იქნება. შემდგომი ცვლილებები აუცილებელია, რათა თავიდან ავირიდოთ სახელმწიფო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვა და ეს მხოლოდ ქაღალდის დაზოგვის მიზნით განხორციელებულ ცვლილებას არ დაემსგავსოს. საკვალიფიკაციო და ტექნიკურმა მოთხოვნებმა რეალურად უნდა უზრუნველყოს ტენდერში მონაწილეთა შესაბამისი გამოცდილება და პროფესიონალიზმი. არ შეიძლება ფასის ხარისხზე წინ დაყენება. შემსყიდველი მხარე დაზღვეული უნდა იყოს დაბალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურებისაგან, ხოლო კეთილსინდისიერი მიმწოდებელი – შესყიდვების დროს განხორციელებული მაქინაციებისაგან დაცული.
დატოვე კომენტარი