დღეს, 26 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 153.5 მლნ ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.4%-ით, მაქსიმალური 9.8%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.5%-ით განისაზღვრა.
სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა სექტემბრიდან დაიწყო. აგვისტოს შემდეგ ერთ წლიანი ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი 2.4% პუნქტით, 2 წლიანის 2.6% პუნქტით, 5 წლიანის 2.5% პუნქტით, ხოლო 10 წლიანის 1.2% პუნქტით არის გაზრდილი (გრაფიკი).
სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა ნიშნავს, რომ მთავრობას შიდა ვალის აღება გაუძვირდა. თუმცა, პარლამენტმა 2019 წლის ბიუჯეტის კანონი შეცვალა და წელს მთავრობა 500 მლნ ლარის ნაცვლად, 900 მლნ ლარის შიდა ვალს აიღებს.
საპროცენტო განაკვეთების ზრდა ინფლაციის დონის მატებამ და ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული განაკვეთის 6%-დან 8.5%-მდე ზრდამ განაპირობა.
გრაფიკი: სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთები
დატოვე კომენტარი