სახელოვნებო პროექტი

სახელოვნებო პროექტი

ა. ალფრედ ტაუბმანმა, რომელიც ახლა 88 წლისაა, ელიტური სავაჭრო ცენტრების განვითარებით დააგროვა ქონება. ამ საქმეს იგი კომპანია Taubman Centers Inc-ის საშუალებით უძღვებოდა. შემდეგ ბრიტანული აუქციონის სახლი, Sotheby’s შეიძინა.

ტაუბმანს კონკურენტ Christie’s-ის აუქციონთან ფასების შენარჩუნების არალეგალურ შეთანხმებაში დასდეს ბრალი, 2002 წელს იგი დამნაშავედ ცნეს და ჯარიმის სახით $7,5 მილიონი და 10-თვიანი სასჯელი დააკისრეს (იგი დღემდე უარყოფს თავის ბრალეულობას).

 

„1983 წელს Sotheby’s $400-მილიონიან ბიზნესს ეწეოდა და $7 მილიონს კარგავდა. ამ 20 – 25-მილიარდიან ბაზარზე მხოლოდ ერთი კონკურენტი არსებობდა. ჩავთვალე, რომ ეს ხელსაყრელი შემთხვევა იყო. ჩემმა არტ-დილერმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ეს საძაგელი ბიზნესი იყო; მათ სურდათ, ეს ასეც ყოფილიყო: ისინი თავად აკონტროლებდნენ ხელოვნების სრულიად გაუჭვირვალე ბიზნესს. არსებული ფასები მრავალ კითხვას აჩენდა, დილერებიც ეჭვს იწვევდნენ. მე ვიფიქრე, რომ თუ ამ ბიზნესში საცალო მომხმარებლების – კოლექციონერების – შემოყვანას შევძლებდით, მაშინ მთელი ბიზნესის გარდაქმნას მოვახერხებდით. და ეს მართლაც მოვახერხეთ. ჩვენ გავაგებინეთ დილერებს, რომ ვაპირებდით მათი კონკურენტები გავმხდარიყავით, რაც არა მგონია, რომ დიდად სურდათ.

იმ დროისათვის, როდესაც Sotheby’s შევიძინე, დილერებს შექმნილი ჰქონდათ, როგორც თავად უწოდებდნენ, „ბეჭდები” (საბირჟო წრე): სამი/რვა დილერი მიდიოდა აუქციონზე და მთელ პროცესს აკონტროლებდა – ისინი განსაზღვრავდნენ საფასო პოლიტიკას, ანერვიულებდნენ ადამიანებს და ცდილობდნენ ეყიდათ ნახატი იმაზე უფრო დაბალ ფასად, ვიდრე იგი რეალურად ღირდა. ეს იყო ყველაზე ცუდი სახის ფარული გარიგება. მე მათ დავემუქრე, რომ ამ ყველაფრის შესახებ შესაბამის უწყებებს შევატყობინებდი. მას შემდეგ, რაც ეს უკუღმართი პრაქტიკა მოვიშორეთ, ბიზნესიც უფრო გამჭვირვალე გახდა და აუქციონზეც ბევრად მეტი მყიდველი იყრიდა თავს. ჩვენ გავათანაბრეთ სათამაშო მოედანი, ყურადღება გავამახვილეთ მომხმარებელთა მომსახურებაზე და უფრო მეტი სიცოცხლე შემოვიტანეთ აუქციონის დარბაზში. აუქციონზე ფასის დაფიქსირება და ვაჭრობა სოციალურ მოვლენად იქცა.

ჩვენ ასევე დავიწყეთ მყიდველებსა და გამყიდველებზე სესხების გაცემა – ის, რასაც დილერები ყოველთვის აკეთებდნენ. მე მინდოდა საქმე მქონოდა ყველასთან და არა მხოლოდ მდიდარ ადამიანებთან. ვთქვათ, შვილის კოლეჯში სწავლის საფასური გქონდათ გადასახდელი. თუ დილერთან ხელოვნების ნიმუშით მიხვიდოდით, ის ავანსად მოგცემდათ თანხას იმ დღეს, და თქვენ ჩეკის ამარა დარჩებოდით. ჩვენ კი მათ მივეცით კრედიტი – გამოვუწერეთ აუქციონის მიერ დადგენილი ღირებულების 50%-ის ტოლფასი ქვითარი, ხოლო გაყიდვის შემდეგ – უკვე დარჩენილი საბალანსო თანხა. ჩვენ ვთავაზობდით ადამიანებს არჩევანს და გაყიდვისა და ყიდვის შესაძლებლობას – რაც მათ არასოდეს ჰქონიათ.

 

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *