საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. დასკვნის მიხედვით, პრეზიდენტმა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პოლიტიკური პროცესი უკვე პარლამენტში გადაინაცვლებს. პარლამენტმა ორ კვირაში პრეზიდენტის იმპიჩმენტს უნდა უყაროს კენჭი.
ცხრა მოსამართლისგან შემდგარი პლენუმიდან კონსტიტუციის დარღვევაში პრეზიდენტი დამნაშავედ შვიდმა მოსამართლემ მიიჩნია – გადაწყვეტილებისთვის საჭირო მინიმუმ ექვი მოსამართლის ხმა იყო. შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა პირველ სექტემბერს დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლომ, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული წარდგინების განხილვა, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხუთ ოქტომბერს დაასრულა.
საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის უზენაესი კანონმდებლობის დარღვევას, მთავრობის თანხმობის გარეშე, მიმდინარე წელს ევროპაში განხორციელებული სამი სამუშაო ვიზიტის გამო ედავებიან, ესენია: გერმანიის პრეზიდენტთან ვიზიტი 31 აგვისტოს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან 1-ელ სექტემბერს და საფრანგეთის პრეზიდენტთან 6 სექტემბერს.
პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ქართულ ოცნებას პარლამენტის 2/3-ის, ანუ 100 დეპუტატის ხმა სჭირდება. როგორც საპარლამენტო ოპოზიციაში ამ დრომდე აცხადებენ, ისინი არ აპირებენ მხარი დაუჭირონ პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტს.
სასამართლოზე ზურაბიშვილის ინტერესებს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე – მაია კოპალეიშვილი იცავდნენ. „ოცნებას“ კი ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი წარმოადგენდნენ. სხდომებს არ დასწრებია თავად პრეზიდენტი.