საკვების წარმოების გეოგრაფიული განაწილება მსოფლიო მასშტაბით

საკვების წარმოების გეოგრაფიული განაწილება მსოფლიო მასშტაბით

სამყაროში, სადაც სულ მალე 8 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს, საკვების უსაფრთხოება კვლავ ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. დღეს დაახლოებით 700 მილიონი ადამიანი ყოველდღიურად შიმშილობს. მათ ისეთ ელემენტარულ საკვებზეც კი არა აქვთ წვდომა, როგორიც სიმინდი, ბრინჯი, ხორბალი და მათგან წარმოებული პროდუქტებია. ამაზე კი, ბუნებრივია, გავლენას ისიც ახდენს, თუ სად ხდება ამგვარი საკვები პროდუქტების მოყვანა გეოგრაფიულად.

გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია გარკვეული პერიოდულობით აქვეყნებს მონაცემებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკვების მოყვანის შესახებ – დაწყებული მარცვლეული კულტურებით, დამთავრებული ეგზოტიკური ხილით. საინტერესოა, თუ სად მოჰყავთ ის საკვები,  რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად მივირთმევთ.

სიმინდი

სიმინდი ამერიკის კონტინენტებისათვის მეტად ცნობილი და გავრცელებული კულტურაა, რომელიც უამრავ ინდუსტრიაში გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ ის ცენტრალური ამერიკიდანაა წარმომავლობით, მისი მოყვანა ყველგან შეიძლება. სიმინდის გლობალური წარმოების 30%, ბუნებრივია, შეერთებულ შტატებზე მოდის. მის შემდეგ ყველაზე მეტი სიმინდი ჩინეთში მოჰყავთ და მას საერთო ბაზრის 22% უკავია. მესამე ადგილზე კი 8.8%-იანი წილით ბრაზილია იმყოფება. საინტერესოა, რომ მწარმოებლებთან ერთად შეერთებული შტატები და ჩინეთი სიმინდის ყველაზე დიდი მომხმარებლებიც არიან.

ხორბალი

ხორბლის სამშობლო ახლო აღმოსავლეთია, თუმცა მისი მოყვანა დღეს ყველა თბილი კლიმატის ქვეყანაში ხდება. ხორბლისაგან შემდეგ ფქვილს ამზადებენ, რომლის საბოლოო პროდუქტსაც პური, პასტა და მსგავსი საკვები წარმოადგენს. ჩინეთი და ინდოეთი ერთად ხორბლის წარმოების გლობალური წილის 31%-ზე არიან პასუხისმგებლები. მესამე ადგილზე საკმაოდ მსუყე წილით (9.7%) რუსეთი იმყოფება, რომელიც საქართველოში ხორბლის მთავარი იმპორტიორიც არის. აშშ-ს ამ რეიტინგში მხოლოდ მეოთხე ადგილი უკავია 6.8%-იანი წილით.

ბრინჯი

ბრინჯის კულტურას პირველად საძირკველი მდინარე იანძის სანაპიროებზე 9 400 წლის წინ, ჩინეთში ჩაეყარა. დღეს კი ის მესამე ყველაზე მსხვილი მარცვლეული კულტურაა, რომელიც 3.5 მილიარდი ადამიანისათვის წარმოადგენს ყოველდღიურ საკვებს. შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ბრინჯის მწარმოებელი ქვეყნები უმსხვილესი პოპულაციის მქონე სახელმწიფოები არიან. უფრო მეტიც, 10 ყველაზე მსხვილი მწარმოებლიდან 9 აზიური ქვეყანაა.

ასე რომ, როგორც ხედავთ, ყოველდღიური ცხოვრებისათვის აუცილებელი მარცვლეული კულტურის ნიმუშები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იწარმოება. ხორბალს, ბრინჯსა და სიმინდს მსოფლიოს ყველა კუთხეში თანაბრად ვხვდებით. თუმცა, ამისდა მიუხედავად, 700 მილიონ ადამიანს მათზეც კი შეზღუდული აქვთ წვდომა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *