კარგი ხართ რთულ სტრატეგიულ თამაშებში? მაშინ შეიძლება იმის ნიჭიც გაქვთ, რომ, მეთ ქალკინსის მსგავსად, პროგრამული უზრუნველყოფის მაგნატი გახდეთ.
“ვგრძნობ, ბოდიში მაქვს მოსახდელი”, – ეუბნება ქალკინსი თავის ოპონენტს ხელის ჩამორთმევისას. სევენ-სპრინგსის სამთო კურორტზე შუა საღამოა და ქალკინსმა ეს წუთია, მორებით მოპირკეთებულ კაფეში, წაგებიანი პოზიციიდან გადამწყვეტი მოგებიანი სვლა გააკეთა სეკიგაჰარას სამაგიდო თამაშში. მისი ოპონენტი თავს აქნევს უარყოფის ნიშნად მოსაზრებაზე, რომ ქალკინსს უბრალოდ გაუმართლა. “თქვენ მე მახე დამიგეთ”, – ამბობს იგი.
გაუმართლა? სისულელეა. ქალკინსი სამაგიდო თამაშების ჯადოქარია. ამას რაღაც კავშირი აქვს ბიზნესში წარმატებასთან. ჰო, მართლა, როდესაც არ თამაშობს ან არ ქმნის თამაშებს, იგი ასევე ხელმძღვანელობს კორპორაცია Appian-ს, ვირჯინიის ქალაქ რესტონში ბაზირებულ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიას, რომელიც ბიზნესს აპლიკაციების უფრო სწრაფად შექმნაში ეხმარება. Appian-ი, რომელიც საჯარო სივრცეს 2017 წელს შეუერთდა, დღეს $2.1 მილიარდადაა შეფასებული; ქალკინსი კი ნახევარზე ოდნავ ნაკლებს ფლობს.
შარშან ივლისში, სევენ-სპრინგსის ღონისძიებამ 1,700 მოთამაშეს მოუყარა თავი სამხრეთ-დასავლეთ პენსილვანიის ალეგეინის მთებში. მოთამაშეები 185 სხვადასხვა თამაშში პაექრობდნენ. ქალკინსი არ იყო მხოლოდ მოთამაშე. ამ თამაშებიდან ორი მისი შექმნილია: სეკიგაჰარა (Sekigahara), რომელშიც მოდელირებულია იაპონური შოგუნატის გადამწყვეტი ბრძოლა და თინ გუსი (Tin Goose), რომელიც მოთამაშეებს უსახავს ამოცანას, შექმნან ერთ-ერთი პირველი კომერციული ავიაკომპანია.
ხოლო მანამდე იყო მისი სხვა ცხოვრება. 20 წლის წინ, 46 წლის ასაკში ქალკინსმა თანადააფუძნა Appian-ი; იგი თავდაპირველად ქმნიდა პროგრამული უზრუნველყოფის ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა ინტრანეტ პორტალი აშშ-ის არმიისათვის. 2004 წლიდან კომპანია უფრო რთულ ამოცანას შეეჭიდა, მაგალითად, პროგრამისტებისათვის გაციფრების პროცესის გამარტივებას. Appian-ის პროგრამული უზრუნველყოფით კორპორაციულ კლიენტს საკუთარი აპლიკაციების შექმნა შეუძლია (მაგალითად, ბანკის მომხმარებლებს, რათა შეამოწმონ მათი ბალანსი ან სამთავრობო უწყებებს, რათა გადახდები უზრუნველყონ) უფრო იაფად, ვიდრე ამას დამოუკიდებლად შეძლებდა.
რა აქვს ამას საერთო თამაშების დიზაინთან? ორივე გულისხმობს ყოველი დიდი კონცეფციის ან წესის უმარტივეს კომპონენტებად დაშლას, მოქმედების მექანიკის შეცნობის მიზნით. “მიყვარს რთულ საკითხებში გარკვევა და შემდეგ მათი გასაგებ ფორმაში გადაყვანა”, – ამბობს ქალკინსი.
სან-ფრანცისკოდან ოდნავ ჩრდილოეთით გაზრდილი, უძრავი ქონების დეველოპერისა და მათემატიკის მასწავლებლის ვაჟი, ქალკინსი დროს ლაშქრობებში, მუსიკის სწავლასა და თამაშებში ატარებდა. დარტმუთში, რომელიც მან 1994 წელს დაამთავრა როგორც თავის კლასში ეკონომიკის საუკეთესო სტუდენტმა, ქალკინსმა სტრატეგიული თამაშების დიპლომატიის ტაქტიკიდან თამაშთა თეორიის ნიუანსებში გადაინაცვლა (მისი ერთ-ერთი თეზისი განმარტავდა, თუ როდის უნდა შეცვალოს თავისი მეკარე მინდვრის მოთამაშით ჰოკეის გუნდმა, რომელიც შეხვედრას აგებს). ქალკინსმა გაიარა კომპიუტერული მეცნიერების რამდენიმე კურსი და კოლეჯის დამთავრების შემდეგ შეუერთდა MicroStrategy-ს – პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიას, რომელიც ინტერნეტბუშტის პირობებში სწრაფად მიდიოდა აღმა, ხოლო შემდეგ საფონდო ბაზრის ჩამოშლა განიცადა.
1999 წლისთვის ქალკინსი და მისი სამი მეგობარი ხშირად ხვდებოდნენ და ასწავლიდნენ ერთმანეთს კოდირების ენებს. ამ წელს ქალკინსმა დატოვა MicroStrategy, რათა მათთან ერთად საფუძველი ჩაეყარა Appian-სთვის. “ვთვლიდი, რომ შემიძლია ამის გაკეთება, _ ამბობს ქალკინსი. _ გადაჭარბებული თვითრწმენა დამეხმარა”.
სხვა სტარტაპებმა განიცადეს სწრაფი აღმასვლა ვენჩურული კაპიტალიდან მიღებული დაფინანსებით და შემდეგ ასევე სწრაფად ჩაქრნენ. ქალკინსმა დამოუკიდებლად მოახერხა პოზიციის შენარჩუნება. Appian-ს არ უძებნია მსხვილი გარე დაფინანსება 2008 წლამდე, როდესაც მან ჯერ $10 მილიონი, ხოლო შემდეგ, 2014 წელს, $36 მილიონი მოიძია ვენჩურული კაპიტალის კომპანია NEA-სგან.
Appian-ის სპეციალობა ე.წ. “ლოუ ქოდია”. კოდირების მზა სამშენებლო ბლოკების შეთავაზებით Appian-ი ამცირებს დროს, რომელიც მომხმარებელს საკუთარი აპლიკაციის შესაქმნელად სჭირდება. Appian-ი აგვარებს ყველა რთულ საკითხს, როგორიც არის აპლიკაციის თავსებადობა სხვადასხვა ბრაუზერთან, მობილურ მოწყობილობასა და კომპიუტერთან. მომხმარებლებმა, Sprint-მა და Bayer AG-მ, სულიერი სიმშვიდე მოიპოვეს; Goldman Sachs-ში კარგად მომზადებული ინჟინრებიც კი იყენებდნენ Appian-ის პროდუქტს პროგრამის სწრაფად შედგენის მიზნით, ნულიდან მისი დაწერის აუცილებლობის გარეშე. “ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფა არა მხოლოდ უფრო სწრაფია, არამედ უფრო ძლიერიც”, – ამბობს ქალკინსი.
Appian-ის პროდუქტზე მოთხოვნა მით მეტად გაიზარდა, რაც მეტი და მეტი კომპანია მიხვდა, რომ მომხმარებელი მოელოდა ისეთივე მოქნილობას, როგორიც ახასიათებდა მათი საყვარელი სმარტფონების აპლიკაციებს. გაყიდვები და მარაგები მკვეთრად გაიზარდა _ კომპანიის IPO-ზე თითქმის სამჯერ მეტად, მაგრამ არ გაზრდილა მოგება. მსგავსად ბევრი სხვა, პროგრამული უზრუნველყოფის სერვისის სახით მიმწოდებელი, კომპანიისა, Appian-ი მაინც წაგებაზე მუშაობს, რათა მარკეტინგის, კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების გაზრდილი ხარჯები დაფაროს.
მზარდი კომპანიის მართვის პარალელურად ქალკინსი სამაგიდო თამაშებში მონაწილეობას განაგრძობს: მან 700 თამაში შეაგროვა და მათი მექანიკის გასაგებად ისინი დეტალებად დაშალა. თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში იგი რეგულარულად მონაწილეობს სამაგიდო თამაშების მსოფლიო ჩემპიონატში, მხოლოდ შიგადაშიგ გააცდენს ხოლმე ორიოდე დღეს, როგორც ეს Morgan Stanley-ს საზაფხულო კონფერენციაზე მოხდა, ერთი წლით ადრე, ვიდრე Appian-ი საჯარო სივრცეს შეუერთდებოდა.
თამაშები უზრუნველყოფს უკუკავშირის მკაფიო წრედს, ამბობს ქალკინსი. თითოეული თამაში თანაბარი პოზიციიდან იწყება. მას მხოლოდ ორი რეალური შედეგი აქვს _ მოგება ან წაგება, ამბობს ქალკინსი. ის არ აგებს ხშირად, მაგრამ როდესაც აგებს, იგი გონებაში აღადგენს კრიტიკულ პოზიციას და ღამეს ათენებს, რათა გაერკვეს, სად შეცდა. “ახლახან დავბრუნდი ტურნირიდან და ჩემი გონება ისევ მუშაობს საათში მილიონი მილის სიჩქარით , – თქვა მან. – ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყველა შეხვედრა დროში შენელდა, რადგან მე ამდენი დეტალის შემჩნევას ვასწრებ და აღვიქვამ ყველას, ვინც მაგიდასთან შეიკრიბა”.
Appian-ის ერთ-ერთი კონკურენტი ბოსტონის ფირმა Pegasystems-ია. ამ კომპანიას ხელმძღვანელობს ალან ტრეფლერი, ასევე მილიარდერი, დარტმუთის კურსდამთავრებული და რაც არცთუ საკვირველია, ჭადრაკში 1975 წლის ღია მსოფლიო ჩემპიონატის თანაგამარჯვებული. თამაში თქვენგან მოითხოვს სახეთა ამოცნობისა და ღრმა შეფასების უნარის დახვეწას, ასევე შეცდომის მიმართ მეექვსე გრძნობის განვითარებას, ამბობს ტრეფლერი. “თუ თქვენ კონცენტრაციას დაკარგავთ, მოკვდებით და ეს ასევეა ბიზნესში”, – ამბობს იგი.
თამაშების შექმნისას ქალკინსი იძულებულია, ისტორიული ნარატივებიდან და ასობით შერჩეული ფუნქციიდან “გამოხადოს” წესთა თანამიმდევრული კრებული. ის, რასაც შედეგად მივიღებთ, ამავე დროს კარგი გასართობიც უნდა იყოს; მისი მეგობრები დიდად არ სწყალობდენენ სეკიგაჰარას ადრეულ ვერსიებს, ვინაიდან ისინი დამღლელი და მეტისმეტად რთული იყო. Appian-ის კლიენტების საჭიროებათა დაკმაყოფილება ანალოგიურ პროცესს მოითხოვს.
თამაშებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სამყაროები ურთიერთიკვეთება Appian-ში, რომელსაც შეუძლია დაიკვეხნოს სამაგიდო თამაშების საკუთარი ბიბლიოთეკით. თანამშრომლებს ყოველთვიურად იწვევენ თამაშების საღამოებზე ქალკინსის სახლში; შარშან ერთ-ერთ სესიას 42 სტაჟიორიდან ყველა დაესწრო. “უმცროსი თანამშრომლები ცდილობენ, მის წინააღმდეგ თამაშში გაიმარჯვონ”, – ამბობს დავით მეცგერი, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი, ნიჭიერი პიროვნება, რომელიც ქალკინსს სამაგიდო თამაშების ჩემპიონატზე დაუმეგობრდა და შემდეგ Appian-ს შეუერთდა. “ბევრი ნამდვილად ვერ ახერხებს ამას”.
ასეთი გამოწვევა შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს იმისათვის, რათა გადააფიქრებინოს ახალგაზრდა ტალანტს Silicon Valley-ის უფრო კაშკაშა კომპანიაში გადანაცვლება. BTIG-ის ანალიტიკოსი ჯოელ ფიშბეინი აღნიშნავს, რომ Appian-ს აქვს მოგებიანად განლაგებული ტექნოლოგია და ძლიერი კავშირები ისეთ საკონსულტაციო ფირმებთან, როგორიცაა Accenture, PwC და KPMG. მას მოუწევს მძიმე ბრძოლა, რათა აღქმულ იქნას უკეთეს კატეგორიაში, რომელსაც, თუმცა ჯერ კიდევ საწყის ეტაპს არ გასცდენია, არ გააჩნია ხელოვნური ინტელექტის ან კოსმოსური ხომალდის მომხიბვლელობა.
ამ ზაფხულს ქალკინსი კვლავ გაემგზავრება სათამაშოდ სევენ-სპრინგსში, სადაც ის შეეცდება, გააუმჯობესოს თავისი 2018 წლის მიღწევა, როდესაც მან ორ კატეგორიაში გაიმარჯვა, ხოლო საერთო ჯამში ტურნირი მეშვიდე ადგილზე დაასრულა. მას არ აწუხებს ყურადღება, ამბობს, რომ აპირებს ხანგრძლივი ვადით გადაჭრას პრობლემები ორივე გარემოში. “შენ ხარ ის, რაც გააკეთე ბოლო თამაშში, – ამბობს ის. – არ გვითხრა, ვინ ხარ, უბრალოდ დაბრძანდი და გვაჩვენე”.
დატოვე კომენტარი