ბოლო წლებში ყოფილი მთავრობის წევრების დაპატიმრებისა და გასამართლების კამპანია ბადებს შეკითხვას, გადაიქცევა თუ არა თანდათან საქართველოს სასამართლო სისტემა პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ოპოზიციის დასუსტების ინსტრუმენტად. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის მომენტიდან, პროკურატურა მიზანმიმართულად ებრძვის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს და ამავდროულად მცირე ყურადღებას აქცევს ნაკლებად „ხმაურიან“ საქმეებს. ამ შერჩევითი სამართლის პოლიტიკამ კრიტიკა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთაც გამოიწვია და იურიდიული სტრუქტურების დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დააყენა.
ეს პრობლემა ახალი არაა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ქვეყანა ცდილობს ებრძოლოს სასამართლოს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დამოკიდებულებას. ვარდების რევოლუციის დროისთვის სასამართლო სისტემა სრულ კოლაფსში იყო კორუფციისა და არაგამჭვირვალობის გამო. მოსამართლეები პროკურორების ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ, რომლებსაც, თავის მხრივ, აღმასრულებელი ხელისუფლება აკონტროლებდა.
რევოლუციის შემდგომ წლებში წინა ხელისუფლებამ სასამართლო სტრუქტურების აღსადგენად საჭირო ზოგიერთი ნაბიჯი გადადგა. მათ შორის, შეიცვალა მოსამართლეების ორი მესამედი; ქრთამის აღების ცდუნების შესამცირებლად მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები და სასამართლოების ბიუჯეტები გასამმაგდა, რითაც სასამართლო შენობების წესრიგში მოყვანა მოხერხდა. მოსამართლეების მომზადების ფორმალური კრიტერიუმები მნიშვნელოვნად გამკაცრდა და მომზადების პირობები გაუმჯობესდა.
თუმცა ბევრი „ტრადიციული“ პრობლემა შენარჩუნდა, განსაკუთრებით რევოლუციის შემდგომი პირველი წლების განმავლობაში. მოსამართლეები განაგრძობდნენ პროკურატურის სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო გამამართლებელი განაჩენების წილი დაახლოებით ერთ პროცენტს აღწევდა. პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება, დაენიშნა და გაეთავისუფლებინა მოსამართლეები, კრიტიკას საქართველოშიც იწვევდა და ქვეყნის გარეთაც. ეს მექანიზმი პოლიტიკურ ელიტას სასამართლო გადაწყვეტილებებზე გავლენის დამატებით ინსტრუმენტს აძლევდა. 2006 წლის კონსტიტუციურმა ცვლილებებმა ეს უფლება შეზღუდა, ხოლო 2009 წელს მიღებულმა ახალმა კრიმინალურმა კოდექსმა გაზარდა მსჯავრდებულების უფლებები. სასამართლოს დამოუკიდებლობის შემდგომი გაძლიერებისთვის შემოღებულ იქნა მოსამართლეების უვადო დანიშვნა. სამწუხაროდ, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული პრობლემები ამის შემდეგაც ვერ აღმოიფხვრა.
ახალი ხელისუფლების დაპირებების მიუხედავად, რომ სიტუაციას გამოასწორებდა, მრავალი ფაქტი მიუთითებს, რომ ყველაფერი ძველებურად რჩება და ქვეყანაში მართლმსაჯულების პოლიტიზაცია ძლიერდება კიდევაც. კოალიცია ქართულ ოცნებას, რომელმაც ძირითადად სააკაშვილისა და მისი გუნდის ხელისუფლებიდან მოცილების იდეაზე დადო ფსონი, სხვა სფეროებშიც აშკარად უჭირს რეფორმებისთვის საჭირო შეთანხმებული გადაწყვეტილებების მიღება. ისინი ვერ ასრულებენ საქართველოს მოსახლეობისთვის მიცემულ სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და უცხოელი ინვესტორების მოზიდვის დაპირებებს. ამის მაგივრად ხელისუფლება ფოკუსირებულია მართლმსაჯულების ძველი ტრადიციების დაბრუნებაზე.
2012 წლიდან პროკურატურამ წამოიწყო სასამართლო დევნა წინა ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსნის – მათ შორის ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას – წინააღმდეგ. შედარებით ცოტა ხნის წინ სიას მიხეილ სააკაშვილიც მიემატა, რომელსაც ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. სასამართლო დევნის ან კვლევის ობიექტი ათასობით სხვა ადამიანიც გახდა, რომელთა შორის ოპოზიციის მრავალი აქტივისტია.
პროკურატურამ ასევე დაუმიზნა თვით ქართულ ოცნებაში არსებულ პოლიტიკურ კონკურენტებს. 2013 წლის მაისში, გაფლანგვის ბრალდებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავეს, როგორც ამბობენ, მინისტრ დავით კირვალიძის თანამდებობიდან მოხსნის მიზნით. ამას მინისტრის გადადგომა მოჰყვა კიდევაც, რამდენიმე თვეში კი მისი გუნდის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება გაბათილდა, ვინაიდან პროკურატურას საკმარისი მტკიცებულება არ აღმოაჩნდა. ასევე, 2014 წლის ოქტომბერში, დააკავეს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები, ბიუჯეტის არასწორი ხარჯვის ბრალდებით, რაც ოპტიკურ ბოჭკოებზე ჩატარებულ ტენდერთან იყო დაკავშირებული. ამას მოჰყვა ირაკლი ალასანიას გადადგომა, რომელიც იმ დროისთვის საქართველოს ერთ- ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი იყო. უკვე გავრცელებული იყო ხმები, რომ მას შესაძლოა ოცნების კოალიცია დაეტო ვებინა და 2016 წლის არჩევნებში, თავის პარტიასთან ერთად, დამოუკიდებლად მიეღო მონაწილეობა.
ეს ყველაფერი ბადებს შეკითხვებს ქვეყანაში კანონის უზენაესობის მდგომარეობაზე და, რაც მთავარია, პოლიტიკური კონკურენტების დასასუსტებლად მართლმსაჯულების გამოყენებაზე. იმაზე, რომ სასამართლო რჩება აღმასრულებელი ხელისუფლების ძლიერი გავლენის ქვეშ, რამდენიმე გარემოება მიუთითებს: ერთ-ერთი გარემოება უკანასკნელ წლებში მთავარი პროკურორის ხშირი ცვლაა. პრემიერ-მინისტრის ექსკლუზიური უფლებაც, დანიშნოს მთავარი პროკურორი, მოწმობს, რომ პოტენციურად, მმართველ ელიტას პროკურორის კონტროლი შეუძლია. ამასთან ერთად, მთავარი პროკურორი შეიძლება ნებისმიერ დროს გადააყენონ, ანუ არსებობს პოლიტიკურად მოტივირებული ჩარევის ცხადი შესაძლებლობა.
შეიძლება ითქვას, რომ მოსამართლეების დამოუკიდებლობა ბოლო წლებში გარკვეულწილად გაზრდილია, მაგალითად, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ხარჯზე. თუმცა მათი მოხსნა მაინც შესაძლებელია სამწლიანი გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში, ისევე როგორც პროკურორისა. ადვილი წარმოსადგენია, ამან მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების პოლიტიკური ელიტის სასარგებლოდ მიღება გამოიწვიოს.
ის, თუ რამდენად ინტენსიურად იყენებენ მართლმსაჯულებას, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს, შეგვიძლია შევაფასოთ ასევე ადრე არსებული მდგომარეობის ჭრილში. გამარჯვების შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლება ჭარბად ჩაერთო წინა ხელისუფლების ელიტის წევრების დაკავებაში, კორუფციის ბრალდებით. მათ სთხოვდნენ ქვეყნისთვის მიყენებული ფინანსური ზარალის კომპენსაციას. მრავალი დაკავება ღიად ხდებოდა, და ბევრ შემთხვევაში ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალს ოფიციალურად არ სდებდნენ. ამის ნაცვლად, მათ უშვებდნენ ბრალის აღიარების არაოფიციალური პროცედურის გამოყენებით. თუმცა 2004-2005 წლებში არსებულ და ამჟამინდელ სიტუაციას შორის მნიშვნელოვანი სხვაობა მოვლენების პოლიტიკურ კონტექსტშია.
შევარდნაძის ელიტა არ წარმოადგენდა ისეთ ოპოზიციურ ძალას, რომელსაც სააკაშვილის მთავრობისთვის რეალური კონკურენციის გაწევა შეეძლო: სააკაშვილი ხელისუფლებაში ხმების 96%-ით მოვიდა. ამიტომ პოსტრევოლუციური კამპანია შეგვიძლია ნაწილობრივ განვიხილოთ, როგორც „სადამსჯელო“, მაგრამ ძირითადად ის არ იყო მიმართული ოპოზიციის შესუსტებისკენ ან გაქრობისკენ. ის ოპოზიცია, რომელიც რევოლუციის შემდგომ წლებში გაჩნდა, სასამართლო დევნის ობიექტი არ იყო. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დღეს სასამართლოს უფრო ფართოდ იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა.
ბოლო ხანს განხორციელებული ზოგიერთი დაკავებისთვის შერჩეული დრო ასევე მიუთითებს პოლიტიკურ სარჩულზე. უგულავა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი იყო, 2014 წლის ივლისში დააკავეს, ადგილობრივი არჩევნების მეორე რაუნდის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, რამაც ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანია დააზარალა. თავდაცვის სამინისტროს ხუთი თანამშრომლის დაკავება, 2014 წლის ოქტომბერში, მაშინ მოხდა, როდესაც ალასანია საფრანგეთში იმყოფებოდა და საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემის შესყიდვის შეთანხმების ხელმოწერას აპირებდა. გადაწყვეტილება ხელშეკრულების ხელმოწერაზე უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე იყო შეჯერებული, მაგრამ, როგორც შეგვატყობინეს, ბოლო წუთებში ალასანიას თბილისიდან დაურეკეს და ხელშეკრულების ხელმოწერა აუკრძალეს. ამან გააჩინა ეჭვი, რომ ალასანიას თანამშრომლების დაკავება და მისი შემდგომი გადადგომა პოლიტიკურად იყო მოტივირებული.
შერჩევითი და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლის მზარდი გამოყენება შემაშფოთებელია რამდენიმე მიზეზის გამო: პოლიტიკური არენის მზარდი პოლარიზაცია ვნებს საქართველოს ინტერესებს, ვინაიდან ხელს უშლის თანამშრომლობას იმ სფეროებში, სადაც მთავრობასა და ოპოზიციას ერთიანი მიზნები უნდა ჰქონდეთ. პოლიტიკური არასტაბილურობა არამხოლოდ რეფორმების განხორციელებას ართულებს – ის ასევე ასუსტებს ქვეყნის მდგრადობას სხვადასხვა საფრთხის მიმართ. ქვეყნის შიგნით ჩნდება მოსახლეობის მღელვარების რისკი და პროცესების გარედან მანიპულირების რისკიც კი.
იმ რისკების ფონზე, რომელთა მოქმედებაც ქვეყანაში გრძელდება, ეროვნული უსაფრთხოების საკითხების გადასაწყვეტად საქართველოს პოლიტიკური ძალების ერთობა უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ოდესმე. ერთობა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის უკრაინაში მოქმედებებისა და მისი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების ფონზე, ხელი მოაწეროს თანამშრომლობის ხელშეკრულებებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ადმინისტრაციებთან. აღნიშნული ნაბიჯი ზრდის ამ ორი რეგიონის შემდგომი ანექსიის შესაძლებლობას.
დაბოლოს, ამგვარად პოლიტიზებულმა მართლმსაჯულებამ შესაძლოა ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ავნოს. შეერთებული შტატები და ევროკავშირი მუდმივად აფრთხილებენ საქართველოს, არ განახორციელოს ქმედებები, რომლებიც პოლიტიკური ანგარიშსწორების ხასიათს ატარებს, მაგრამ სასამართლო კამპანია მთავრობის პოლიტიკური კონკურენტების წინააღდეგ გრძელდება. თუ მდგომრეობა არ შეიცვალა, ეს შეიძლება საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესის მნიშვნელოვან რეგრესად მიიჩნეს.
დატოვე კომენტარი