„…ასე დასახლებულა სოლოლაკი, კუკია, ვერა და სხვა განაპირა ადგილები ჩვენის ქალაქისა
მუშა-ხალხისა და ხელოსნების შემწეობითა და მეოხებით. ამათ გაუდგამთ განზე თავიანთ შრომით,
თავიანთ მარჯვენით და უშიშრობით საზღვარნი და ზღუდენი ჩვენის ოდესმე პატარა, მეტად პატარა ქალაქისა.“
გაზეთი „ივერია“, 1893 წ
1872 წლის 10 ოქტომბერს, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, როცა, როგორც იქნა, „ფოთი-თფილისის“ რკინიგზის ხაზი გაიხსნა, ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, ქალაქის მთაგორიან, ხრიოკ მიწებზე მალე მთელი უბანი – „ნაძალადევი“ გაშენდებოდა, უკანონოდ დაკავებული ნაკვეთები და იქ აშენებული სახლების დანგრევა-შენარჩუნების საკითხი კი ტფილისის გამგეობისა და რკინიგზაზე დასაქმებული, ღარიბი მუშახელის – „ნაძალადეველთა“ საჯილდაო ქვად და ქალაქში ლამის საყოველთაო განხილვის საგნად იქცეოდა.
XIX საუკუნის 80-იან წლებში ქალაქმა „ვოგზალს ზემოდამ მიწები წვრილ-წვრილ ნაჭრებად დაჰყო“ და მსურველებზე გაასხვისა. ასე გაჩნდა ამ ადგილას პატარა სახლები და ქოხმახები, რომელთაც მესაკუთრეები ტფილისში მცხოვრებ თუ სამუშაოდ ჩამოსულ ღარიბ მოსახლეობას მიაქირავებდნენ. ეს ის პერიოდია, როდესაც ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან, განსაკუთრებით კი ლიხს იქითა საქართველოდან, მოსახლეობა ტფილისიკენ, დიდი იმედების ქალაქისკენ მოისწრაფვის, რათა როგორმე სამუშაო იშოვოს და იქნებ ბედსაც ეწიოს.
მათი ნაწილი, ისევე როგორც ტფილისში მცხოვრები ხელმოკლე მოქალაქეები, ხშირად რკინიგზაზე ახერხებდნენ „მოწყობას“, ან რაიმე სხვა, დაბალანაზღაურებული სამუშაოს შოვნას, შესაბამისად, მათი უმრავლესობა სწორედ რკინიგზის სადგურთან გაშენებულ უბანს ეტანებოდა, ერთი მხრივ იმიტომ, რომ სამუშაო ადგილთან ახლოს ყოფილიყვნენ, მეორე მხრივ კი აქ, ქალაქის სხვა უბნებთან შედარებით, თავშესაფარი იაფი ღირდა.
მაგრამ, როგორც ჩანს, თუკი თავდაპირველად ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით მიდიოდა, დროთა განმავლობაში, მოსახლეობის მატებასთან ერთად, ტფილისის ღარიბმა მუშა-ხელოსნებმა ქალაქის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თვითნებურად დაკავება, მათზე პატარ-პატარა ქოხების აშენება და ოჯახებთან ერთად დასახლება დაიწყეს.
(ამას თავისი მიზეზი ჰქონდა; თუკი თავდაპირველად ამ ტერიტორიაზე მიწა იაფი ღირდა და კერძო მემამულეებიც დაუშურვებლად ყიდდნენ უძრავ ქონებას, როგორც კი ამ მამულებს მუშტარი მიაწყდა, მიწის ფასმა ერთიათად იმატა. მიუხედავად ამისა, კერძო მემამულეთა ნაკვეთები თითქმის მთლიანად გაიყიდა და „დაუჭერელი იყო ახლო-მახლოდ მარტო ქალაქის მამულები“.)
„უბანი, სადაც დასახლდნენ ხსენებული ახალშენები, დღეს საკუთარის სახელის პატრონიც შეიქმნა. მას რუსულად ეძახიან „ნახალოვკა“-ს, ხოლო ქართულად-კი უფრო უკეთესი სახელი უწოდებიათ – უბანი „ნაძალადევი“.
იმდროინდელი პრესის ცნობით, ამგვარი ქმედებები ახალი არ იყო და ქალაქის გარეუბნები, ნაწილობრივ, „უწინაც“ ასე იზრდებოდა:
„დაიკავებდნენ ასე ადგილს, დაიჩემებდნენ, შემდეგ მშვენიერს სახლს აშენებდნენ, რაკი მიიწევდა იქით ქალაქი და სახეირო იყო დიდრონ სახლების აგება. გავიდოდა რა, ესრედ-წოდებული, ათის წლის ვადა ხანგრძლივის მფლობელობისა, ისაკუთრებდნენ მამულს“.
როცა ამ ამბავმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო და ახალი უბანი, მათ შორის ახალი, უკანონო მშენებლობებით, დაახლოებით სამ კილომეტრზე გაიშალა, შესაბამისმა სამსახურებმა „ყური შეიბერტყეს“ და „ნაძალადეველებს“ კანონის ენით დაუწყეს საუბარი.
გამგეობა აცხადებდა, ქალაქის საკუთრებაში არსებული მიწების უკანონოდ მითვისების, შესაბამისად, ნაგებობების აშენების უფლება არავის აქვს, „ეგ ადგილები ჩვენია, ვაჭრობას დავნიშნავთ და შეგიძლიანთ იყიდოთო“.
ეს ამბავი, რასაკვირველია, ვერაფერი დიდი შეღავათი იყო იმ ადამიანებისთვის, ვინც ბოლო კაპიკსაც იმ პატარა ქოხებში დებდა, რომელსაც „ნაძალადევში“, ქალაქის მიწაზე აშენებდა. მეტიც, ამ ადგილებზე გამგეობას სულ რომ „ვაჭრობა დაენიშნა“, არ არსებობდა არანაირი გარანტია, რომ ამ მიწებს ქალაქის ღარიბი მოსახლეობა შეიძენდა. დიდი ალბათობით, ამ ნაკვეთებს რკინიგზაზე დასაქმებულ ადამიანებზე ბევრად შეძლებული მოქალაქეები შეიძენდნენ „სპეკულაციისათვის და მერე ერთი ათად და ერთი ასად ძვირად მიჰყიდიდნენ მსურველებს“:
„ჯიბესქელნი იჯარადარნი წვრილმან ღარიბ-ღატაკთ ეძებენ და იმათ აძლევენ პატარ- -პატარა ნაჭრობით მამულებსა და სწოვენ ამ სახით სისხლს ტფილისის გამრჯე და სასარგებლო მუშა-ხელოსანს ხალხს, რომელსაც ყოველივე იმედი ეკარგება ოდესმე მამულის პატრონად გახდომისა, საკუთარის, ხელ-შეუხებლის ჭერისა და თავ-შესაფრის შეძენისა“.
ამასთანავე, განსაკუთრებით მძიმე იყო ის ამბავი, რომ 1893 წელს, შესაბამისი სამსახურის ბრძანების საფუძველზე, პოლიციამ „ნაძალადევში“ ათამდე უკანონოდ აშენებული ქოხი დაანგრია. ასეთივე ბედი ელოდა ამ უბანში აშენებულ სამასზე მეტ ქოხსაც, თუმცა…
შეშინებულ მოსახლეობას ტფილისის გუბერნატორისთვის და ქალაქის გამგეობისთვის თხოვნით მიუმართავს – „ნუ მოგვეკიდებით სასტიკად, ჩვენ ხომ ავაზაკობით არ მოგვდის, რომ ვსახლდებით ამ უდაბურ ადგილებში, ჩვენი ხელმოკლეობა გვაიძულებს და არც დაჩემებას და მითვისებას ვფიქრობთო“.
„ნაძალადეველთა“ თხოვნაში მკაფიოდ იყო დაფიქსირებული ერთი მნიშვნელოვანი ასპექტიც; ისინი თანხმობას აცხადებდნენ, რომ თუკი ქალაქი „შეაძლებინებდა“, რომ უკანონოდ დაკავებული მიწა პირდაპირი წესით, მათი ხელმოკლეობის გათვალისწინებით – მათზე მორგებული პირობით შეეძინათ, არაფერზე დაიხევდნენ უკან და ამგვარად, ქალაქიც ნახავდა ფინანსურ სარგებელს. რაც შეეხება ქოხმახების გარეგნულ იერსახეს – „ნაძალადეველები პირობას დებდნენ, „თუ ამ ადგილებს შევისყიდით, უკეთესს სახლებს დავმართავთ ზამთრობით, როცა უქმადა ვართ და სამუშაოს ვერა ვშოულობთ“-ო.
როგორც ჩანს, გუბერნატორს შეუწყნარებია მათი თხოვნა და „განკარგულება მოუხდენია“, რომ ქალაქის გამგეობის ნებადაურთველად აშენებული ქოხები აღარ დაექციათ, თუმცა კი ახალი ქოხის დადგმის უფლებაც არავისთვის მიეცათ:
„გუბერნატორმა უბრძანა პოლიციას, რომ აშენებულს ქოხებს თავი დაანებეთ და შემდეგისთვის კი თვალი დაიჭირეთ, რომ სხვებმა აღარ ააშენონ ქალაქის დაუკითხავად ახალი ქოხები, ვიდრე ქალაქის თვითმმართველობა არ დაადგენს თავის განაჩენს, როგორც შესახებ დაჭერილ მამულებისა, აგრედვე შესახებ დაუჭერლებისა, რომელთაც გამოუჩნდებათ მუშტარიო“.
გუბერნატორის გადაწყვეტილების შინაარსი ქალაქში მალევე გავრცელდებოდა, მით უფრო, რომ „ნაძალადევში“ მიმდინარე პროცესების შესახებ ლამის მთელი ტფილისი იყო ინფორმირებული.
სანამ ეს ამბები საბოლოოდ გაირკვეოდა, ზოგიერთებს მომენტით უსარგებლიათ… როდესაც პოლიციამ და „მმართველობის ხუროებმა“ დაათვალიერეს უბანი „ნაძალადევი“, აღმოაჩინეს, რომ სახელმწიფო მიწაზე, „თოფის წამლის საწყობის“ მახლობლად, ვიღაცებს ოცამდე ახალი სახლი აეშენებინათ. ეს სახლები დაქცევისთვის, მათი პატრონები კი დაჯარიმებისთვის იყვნენ განწირული.
ზოგადად, „ნაძალადევის“ და „სამასი ნაძალადეველის“ მომავლის შესახებ ქალაქში დიდი დისკუსია იყო გამართული.
მავანი ფიქრობდა, მიუხედავად იმისა, რომ „საკუთრების უფლებას თუ გამოვუდგებით, უნდა ვაღიაროთ, რომ საქციელი ახალშენებისა არ არის კანონიერი“, მაგრამ „ნაძალადეველები“ მართლები არიან, როცა ამბობენ, „ქალაქს ცარიელი მიწები აქვსო, ჩვენ არა გვაქვს საკუთარი სახლ-კარგი და ამასთანავე ქალაქის შვილები ვართო. რა-კი ქალაქი ნებით არ გვაძლევს სამოსახლო ადგილებს, ძალათ დავიჭიროთ, რომ ეგება მაშინ მაინც უარი არ გვითხრას თავის მამულებზეო“.
თავის მხრივ, იყვნენ ისეთებიც, ვინც სხვაგვარად ფიქრობდა: „არიქა, გვიშველეთ! ყაჩაღები დაგვესხმიან თავსა და ავაზაკურის ძალ-მომრეობით ჰლახავენ ჩვენს უფლებას, გვართმევენ საკუთრებას, ეწინააღმდეგებიან წესს, რიგს და უარ-ჰყოფენ კანონს! აბა, ქუდზე კაცი! გამოდით ყველანი, ვისაც-კი ლომისა და წერაქვის აღება შეგიძლიანთ, რომ დავანგრიოთ ჩვენს მამულზე გაშენებული სახლები და ცეცხლში ჩავყაროთ საშენი მასალა. ეგებ ისეთი სუსხიანი იერიში მივიტანოთ მაგ ავაზაკებზედ, რომ თავიანთ გაჩენის დღენი ვაწყევლინოთ, თორემ ქვეყანა დაიქცევა და ყველას თან ჩაგვიტანსო. არიქა, „თოფი, ხმალი, ზარბაზანიო!..“.
(ამ ადამიანებს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტიც ჰქონდათ – მიუხედავად იმისა, რომ „ნაძალადეველთა“ უმეტესობას ღარიბი მუშა ხალხი შეადგენდა, ამ უბანში „იმათაც გაიკეთეს ბინა“, ვისაც ნაკლებად, ან საერთოდ არ უჭირდა…)
თუმცა მოიძებნებოდნენ ადამიანები, ვისაც მიაჩნდა „აქ საომარი ღვთით ჯერ არა არის-რა და არც მოსალოდნელია, რომ ამ საქმემ როდისმე ომამდე მიგვიყვანოსო. ძმამ ძმას ანგარიში უყო – ისევ ძმები დარჩნენო. ჩვენ ხომ დიდი ხანია გავიცვითეთ ენა ლიბერალურ მოძღვრებათა ქადაგებით, რომ ღარიბნიც ჩვენი ძმები არიანო. აგერ ახლა თვით ცხოვრებამ შეგვატაკა ისეთს გარემოებას, სადაც ლიბერალური ქადაგება საქმით უნდა გამოიცადოს, და ისე ნუ შევირცხვენთ თავს, ისე ნუ დავკარგავთ მთავარ-გონებას, რომ გულ-გრილად ვერ გავუსწოროთ თვალი ამ გარემოებას, კეთილ-შობილურად ვერ გავუწიოთ ანგარიში ჩვენთა მოძმეთა და ვერ დავამყაროთ კეთილი განწყობილება ჩვენს შორისაო“.
ერთი სიტყვით, ყველას „ნაძალადევი“ ეკერა პირზე, მით უფრო, რომ „ნაძალადევში“ უკანონოდ აშენებული სამასზე მეტი სახლის პატრონები, „ეს ამოდენა აუარებელი ღარიბ-ღატაკი ხალხი ხან ქალაქის მოურავს ეღობება წინ, ხან გამგეობის წევრთ და ხან „სტოროჟებსაც“-კი. ყველა ამათ უცვივიან მუხლებში და ემუდარებიან: თქვენს ღმერთს შეხედეთ, ნუ გადაგვიყრით წყალში, დეე, ჩვენც ერთი საკუთარ ჭერ ქვეშ ამოვისუნთქოთ, ერთი ჩვენც დავძლიოთ სიტკბოება საკუთარის ბინადრობასაო, და ამ სიტკბოებისათვის გვიმსახურეთ, რითაც გინდათო, ჩვენ არ გავურბივართ ხარჯსაო“.
„ნაძალადეველთა“ შესახებ დისკუსია და ცხარე კამათი მიმდინარეობდა ქალაქის საბჭოს კრებებზეც. განსაკუთრებით იმის გამო, რომ ამავე პერიოდში გამოჩენილა ინვესტორი, რომელსაც რკინიგზის სადგურის მახლობლად ღვინის საწყობის გამართვა ჰქონია განზრახული და „ამისთვის მიჰმართა ქალაქის გამგეობას – მომყიდე დღიური მიწა ჩრდილოეთ ფერდობზე კუკიის რეზერვუართანო…სწორედ ამ ფერდობზე ასკუპია ოც-და-ათამდე ქოხი ნაძალადეველთა“.
ამ საკითხებზე მსჯელობისას, კრებებზე ხმოსნებს განსხვავებული პოზიცია ჰქონიათ:
„თუკი ქალაქის მიწებს გავყიდით, უფრო უპრიანია ნაძალადეველთ მივყიდოთ, ვიდრე სხვას ვისმე, მით უმეტეს, რომ იმათ ამაგი გაუწევიათ და ხომ მაგ ფასებს დიდი სიამოვნებით გაიღებენ იგინი, და დაქცევა დაწიოკებას რაღას ვემართლებითო“; „ხალხს, რომელსაც ნამუსზედ ხელი აუღია და უნებაყოფლოდ სხვათ ქონებას დაჰპატრონებია, არა უნდა დავუთმოთ რაო, თორემ ქალაქის ყადრს ვერ ისწავლისო“.
„ეგ ხალხი სრულებითაც არ არის ნამუსზედ ხელ-აღებული. რაკი ქალაქის მამულს დაეპატრონე, უნამუსო ხარო – ეუბნებიან საწყლებს და ძალიანაცა სცდებიან ამისი მთქმელნი, იმიტომ რომ ყველანი კაცნი ვართ და ბევრნი დაჰპატრონებიან ქალაქის მიწებს ისეთნიც-კი, რომელთაც სასახლეები და ქარვასლები აქვთ წამოჭიმული, მაგრამ აბა ერთი გაუბედეთ და უთხარით – ჰაი, შე უნამუსოვო! გარდა ამისა, მაგ საცოდავ ხალხს თავის ოფლი შიგ ჩაუღვრია და ეხლა თქვენ გინდათ, რომ ყოველისფრით ცარიელი და ღატაკი ხალხი ქოხებიდამაც-კი ცარიელზედ დასვათ!.. მაგრე-კი არა, ჩვენ მოვალენი ვართ ხელი შევუწყოთ ნაძალადევის ყოველ მოსახლეს და შეღავათით შევასყიდოთ მამულებიო“.
„რაღა სინიდის გაწყვეტილ საწყლებს უნდა გაუმართოს ქალაქმა ხელი, როდესაც ნამუსიან საწყლებით სავსეა ჩვენი ტფილისიო და არა ნაკლებ ეჭირვებათ დახმარებაო“.
ქალაქის მოურავს მოუხსენებია კრებისთვის, ნაძალადეველთა შორის მომეტებული ნაწილი შეძლებული ხალხი აღმოჩნდა, რომელსაც ქალაქის სხვადასხვა უბანში საკუთარი სახლ-კარი აქვს და „ნაძალადევში“ ან სოვდაგრობს, ან იჯარადრობსო. ამავე დროს ნამდვილ ღარიბთა რიცხვი-კი ძლიან მცირეა მათშიო – „ქალაქი უნდა შეწყნარებით მოეპყრას მართლა გაჭირვებულს, ხოლო იმათ-კი, რომელთაც შეუძლიანთ უმუნათოდ გაიტანონ ცხოვრებაში თავი, ვერ დაეხმარება ჩვენი ქალაქისთანა ღარიბი ქალაქიო“.
საბოლოო ჯამში, გამგეობას გადაუწყვეტია, რომ ქალაქი „ხელს ვერ აიღებდა“ საკუთარ მიწაზე, შესაბამისად, მიმართავდა სასამართლოს, რათა აღედგინა უფლება იმ სამასზე მეტ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც „ნაძალადეველებმა“ თვითნებურად აიშენეს სახლები, ხოლო როდესაც ქალაქი ამ მიწებზე უფლებას აღიდგენდა და „ხელში ექნებოდა უტყუარი საბუთი მფლობელობისა“, საკმაო შეძლების მქონე მოქალაქეებს უკანონოდ დაკავებულ ნაკვეთებს ჩამოართმევდა, ღარიბებს კი დაკავებული მიწის შესყიდვის საშუალებას მისცემდა.
ამ, თითქოსდა სამართლიან გადაწყვეტილებას გარკვეული უკმაყოფილება მაინც გამოუწვევია. აქაოდა, თუკი ქალაქს საკუთარ მიწებზე ასე „ეწეოდა“ გული, თავიდანვე უნდა მიექცია ყურადღება, როცა „ნაძალადევში“ სახლების უკანონო მშენებლობა დაიწყეს და ამ შემთხვევაში ასეთი დიდი პრობლემის წინაშე არ აღმოვჩნდებოდითო; მეორე მხრივ, რთული გასაგები იყო, რატომ უნდა გაეწია ქალაქს „ამოდენა“ ხარჯი სასამართლოში ჩივილით, როდესაც იმ ადამიანთა უმეტესობა, ვისაც ნაძალადევში, ქალაქის მიწაზე ჰქონდა სახლი აშენებული, თავადვე, ოფიციალურად, აღიარებდა, რომ ნაკვეთები ქალაქის საკუთრებას წარმოადგენდა?!
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, „ნაძალადევში“ გარკვეულ ექსცესებს მაინც ჰქონდა ადგილი; მაგალითად, 1894 წლის „ივერიის“ ერთ-ერთი ნომრის ცნობით, ქალაქის გამგეობის კაცები ნიკოლოზ გაბინაშვილის სახლს დასცემიან და დაუქცევიათ:
„სახლიდგან დედა და შვილები კარში გამოყარეს და თვით გაბინაშვილი კი დაიჭირეს და საპატიმროში წაიყვანეს. ამ კაცს გამგეობამ უჩივლა, სასამართლოში გაარჩიეს საქმე და გაბინაშვილისთვის 100 მანეთი ჯარიმა დაედოთ. რადგანაც ამ ფულის გადახდის შეძლება არ ჰქონია გაბინაშვილს, ამიტომ ამისათვის დაპატიმრება მიუსჯიათ. ცოლ-შვილი კი უბინაოდ არიან დღეს და არ იციან რა ჰქმნანო“.
ასევე, პერიოდულად, „ნაძალადეველთა“ გარკვეული ჯგუფები მიმართავდნენ გამგეობას და გულისხმიერების გამოჩენისკენ მოუწოდებდნენ. იმავე 1894 წელს, „გამგეობას ტფილისის ქალაქის „ნაძალადეველებმა“ საერთო თხოვნა წარუდგინეს, რომელზედაც 13 კაცს უწერია ხელი. ესენი სთხოვენ გამგეობას, რომ ის ადგილი, სადაც ჩვენა ვართ დასახლებულნი, უწინ სანაგვე იყო, ღერმსხვილ ბალახით დაფენილი და როცა ჩვენ დავსახლდით გავწმინდეთ და გავასუფთავეთო. ამიტომ, წყალობა მოიღონ და ჯერ-ჯერობით თავი დაანებონ ჩვენის შენობების დანგრევას. დანიშნეთ კომისია და რა პირობებიც გამგეობას ჰსურდეს, იმ პირობებით მოურიგდებითო“.
ასე იყო თუ ისე, ნელ-ნელა ყველაფერი გარკვეულ კალაპოტში მოექცა; პასუხისმგებელი პირები ქალაქის ამ ახალი უბნის ვრცელი გეგმის შედგენას შეუდგნენ, რომელზეც დატანილი იქნებოდა ქუჩები, მოედნები და ა.შ.
ამგვარად, „ნაძალადევის მოსახლ-კარეთა საქმე თითქმის გათავებულად უნდა ჩაითვალოს. მომატებულმა მათგანმა უკვე გაიტანეს ხელ- -შეკრულობა, ბევრმა კიდეც ააშენა თავისთვის ქოხების მაგიერ ნამდვილი სახლები და ამ სახით შეიქმნენ წესიერნი მოქალაქენი ტფილისისა“, – წერდა გაზეთი „ცნობის ფურცელი“ 1896 წელს.
დატოვე კომენტარი