თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ქართული სტარტაპი Sambrela დაახლოებით ორი წლის წინ, 2019 წლის ბოლოს დაარსდა. მან მუშაობა მობილური თამაშებისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით დაიწყო. კომპანია ინოვაციებისთვის ფეხის აწყობას და გლობალურ ბაზარზე თავის დამკვიდრებას ცდილობს, რისთვისაც, როგორც Sambrela-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დავით სხილაძემ Forbes Georgia-სთან განაცხადა, სტარტაპი NFT-თამაშებისა და საკუთარი NFT-კოლექციების გამოშვებას გეგმავს.
“NFT-ების პოპულარობის ბოლოდროინდელი ზრდა და საერთო ცნობიერების ამაღლება აძლიერებს მათზე ზოგად მოთხოვნას. ჩვენ უკვე ვიხილეთ ვირტუალური თამაშების გლობალური ბაზრის ისეთი ლიდერები, როგორიცაა Axie Infinity, Splintershards-ი, The Sandbox-ი და სხვა. მათი სისტემა მთლიანად ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული და ისინი NFT-აქტივებს იყენებენ. მსოფლიოში მომხმარებელთა მზარდი ბაზა აჩვენებს მიდრეკილებას როგორც ვირტუალური თამაშების, ისე დეცენტრალიზებული აქტივების მიმართ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ გადავწყვიტეთ NFT-თამაშებისა და საკუთარი NFT-კოლექციების გამოშვება”, – განმარტავს სხილაძე.
Sambrela-მ დაახლოებით სამი თვის წინ ამერიკელ პარტნიორებთან კონტრაქტი გააფორმა და NFT-თამაშის სატესტო ვერსია, სახელწოდებით Arena Master-ი შექმნა. პროტოტიპის ნახვა სხვადასხვა პლატფორმაზე უკვე შესაძლებელია. როგორც სტარტაპის ერთ-ერთი დამფუძნებელი აცხადებს, თამაში საერთაშორისო ბაზარზე ძალიან მალე გამოჩნდება.
დავით სხილაძის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ კვარტალში Arena Master-ი ბლოკჩეინსისტემის გამოყენებით მთლიანად ტოკენიზებული გახდება. მისივე თქმით, მომხმარებლებს სათამაშოდ NFT-აქტივების შეძენა მოუწევთ. მათი მოპოვება თამაშის მიმდინარეობის პროცესშიც იქნება შესაძლებელი. სამომავლოდ კომპანია არაერთი მოკლე თუ გრძელვადიანი ტურნირის ჩატარებას გეგმავს.
როგორც ცნობილია, Sambrela პირველ NFT-კოლექციას სწორედ აღნიშნული თამაშისთვის შექმნის. მასში Arena Master-ის პერსონაჟები იქნებიან წარმოდგენილნი, რომლებიც შუა საუკუნეებისა და უფრო ადრეული პერიოდის მებრძოლებს განასახიერებენ. სავარაუდოდ, კოლექციაში 20 ერთეული უნიკალური ციფრული აქტივი შევა. “რადგან ისინი პირველი NFT-პერსონაჟები იქნებიან, გვინდა, გათამაშება მოვაწყოთ და კოლექცია ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს საჩუქრად გადავცეთ”, – განაცხადა დავით სხილაძემ.
Arena Master-ი არ იქნება ბლოკჩეინზე დაფუძნებული ერთადერთი თამაში, რომელსაც Sambrela გამოუშვებს. კომპანია 2022 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებს აპირებს, პარალელურად აღნიშნულ პერიოდში NFT-კოლექციების შექმნაზეც იქნება ორიენტირებული. დავით სხილაძის თქმით, სტარტაპი გეგმავს, რეგიონში NFT-კოლექციების უმსხვილესი “ინკუბატორი” გახდეს. “ღია ვართ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებთან თანამშრომლობისთვის და ახალი პროექტების განხორციელებისთვის”, – განაცხადა Sambrela-ს თანადამფუძნებელმა.
დატოვე კომენტარი