იმპორტირებული სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტის გამო რუსულმა კერძო კლინიკებმა შესაძლოა საკუთარი სერვისების ფასები 20%-ით გაზარდონ. ზოგიერთ სამედიცინო მასალაზე ფასი რუსეთში 300%-ითაა გაზრდილი. ამის შესახებ ინფორმაციას Vedomosti კლინიკების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერთ-ერთი რუსული სტომატოლოგიური კლინიკის დამფუძნებლის, ვლადიმირ შიპკოვის განცხადებით, რუსული სტომატოლოგიური ინდუსტრიის პრემიუმ სეგმენტის 90% სწორედ იმპორტირებულ სამედიცინო მასალებზეა დამოკიდებული. მათი ფასები კი ბოლო პერიოდში 200%-300%-ით გაიზარდა.
სკანდინავიური ჯანმრთელობის ცენტრის გენერალური დირექტორის, ნატალია ხლევნიუკის განმარტებით, უახლოეს მომავალში კლინიკებს აღნიშნული სამედიცინო აღჭურვილობის ინფლაციურ ფასებთან შეგუება მოუწევთ. შესაბამისად, მისი მოსაზრებით, კერძო კლინიკებს საკუთარი მომსახურებების ფასების 20%-ით გაზრდა მოუწევთ.
თუმცა, ზოგიერთი მათგანი ვარაუდობს იმასაც, რომ შესაძლოა ფასები კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. საბოლოო რიცხვი კი გაცვლით კურსსა და პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული. სფეროს ექსპერტები ვარაუდობენ იმასაც, რომ პატარა ზომის კლინიკებს დიდ ქსელებთან კონკურენციის სირთულის გამო, შესაძლოა ბაზრის დატოვებაც მოუწიოთ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ქვეყანას დასავლურ სახელმწიფოთა უმეტესობამ მძიმე სანქციები დაუწესა. საერთაშორისო კომპანიების უმეტესობამ კი აგრესორი სახელმწიფოს ბაზარი დატოვა. შედეგად, რუსეთში მთელი რიგი პროდუქტების მიწოდების პრობლემა შეიქმნა. მათ შორის მიწოდების პრობლემები წარმოიშვა სამედიცინო პროდუქტებზე, აღჭურვილობაზე, მასალებსა და წამლებზეც.
დატოვე კომენტარი