2020 წელი პროდუქტიული წელი აღმოჩნდა სამედიცინო რეზინის ხელთათმანების მწარმოებელთათვის. ამ მხრივ კი გამორჩეული ქვეყანა მალაიზიაა, რომელსაც მსოფლიოს 65% წილი უკავია სამედიცინო ხელთათმანების წარმოების კუთხით. როგორც Bloomberg-ი წერს, ქვეყანაში ახლა უკვე სულ მცირე ოთხი მილიარდერია, რომელთა ქონება სწორედ ამ ინდუსტრიას უკავშირდება. მათგან ორი მილიარდერი უმდიდრესი ადამიანების სიას წელს შეუერთდა. კომპანია Supermax-ის მფლობელი თაი კიმ სიმია, რომელიც მილიარდერთა კლუბს ყველაზე ბოლოს შეუერთდა. მისი ქონება ახლა უკვე $1 მილიარდს მოიცავს.
“ერთგვარი ახალი ნორმა გახდა ყველასთვის მთელ მსოფლიოში, რომ ატარონ ხელთათმანები სხვადასხვა მიზეზებისთვის. მათ შორის სამედიცინო მიზნით, ასევე მაღაზიებშიც. მოხმარების მაღალი დონე კი მწარმოებელს გრძელვადიან მოგებას აძლევს“, – განაცხადა CGS-CIMB Research-ის ანალიტიკოსმა უოლტერ ეუვმა.
თაი კიმ სიმის კომპანიის გარდა, მალაიზიაში ასევე დიდი მოგება ნახა სამედიცინო ხელთათმანების წარმოებაში Top Glove-მა, Hartalega Holdings Bhd.-მა და Kossan Rubber Industries-მა. თუმცა, Supermax-ის ზრდა ყველაზე დიდია. ამ კომპანიის მოგება ხუთჯერ გაიზარდა.
Supermax–ი თაი კიმ სიმმა თავის მეუღლესთან ერთად 1987 წელს დააარსა. თავიდან კომპანია მხოლოდ ვაჭრობით იყო დაკავებული, 1989 წელს კი მათ ხელთათმანების წარმოებაც დაიწყეს და პირველი კომპანია გახდნენ, რომელიც ბრენდულ სამედიცინო ხელთათმანებს აწარმოებდა. ამჟამად თაის ოჯახის წილი აღნიშნულ კომპანიაში 38%-ს შეადგენს.
Bloomberg-ის ცნობით, მიმდინარე წელს გლობალური მოთხოვნა რეზინის ხელთათმანებზე 11%-ით გაიზარდა და უკვე 330 მილიარდი ცალი გაიყიდა.
დატოვე კომენტარი