23 მარტს ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარი სილიკონის ველის სტარტაპის BetterUp-ის ტექნიკური აღმასრულებელი დირექტორი ხდება. მას შემდეგ, რაც სასექსის ჰერცოგმა, მეუღლესთან და შვილთან ერთად, სამეფო ოჯახი დატოვა, განხილვის საგანია – როგორ მუშაობს სამეფო ბიზნესი, ვინ უნდა მიიღოს მისგან სარგებელი და რა გავლენა ექნება ამ გაყოფას სამეფო ოჯახისა და კალიფორნიაში მცხოვრები წყვილის ფინანსებზე.
ოპრასთან ინტერვიუში მეგან მარკლმა სამეფო ოჯახს „კომპანია/ფირმა“ უწოდა, ამასთანავე, ერთმანეთისგან გამიჯნა თავად ოჯახი და მათთვის მომუშავე ადამიანთა ჯგუფი. შეფასება – ფირმა/კომპანია უკავშირდება ელიზაბეტ მეორის მამას – მეფე ჯორჯ მეექვსეს. მას მიეწერება სიტყვები – „ჩვენ არა ოჯახი, არამედ ფირმა ვართ“. ცხადია, დედოფლის, ჰერცოგებისა და ჰერცოგინიების მიღმა არსებობს ბევრი ადამიანი, რომლებიც მონარქიის, როგორც ბიზნესის, ფუნქციონირებაში მონაწილეობენ.
კომპანია უკვე ათასი წელია, რაც ოჯახური ბიზნესია. მათ წარმატებას ძირითადად საზოგადოებრივი აზრი განსაზღვრავს. ფირმა აერთიანებს $28-მილიარდიანი იმპერიის საჯარო წარმომადგენლებს, რომლებიც ასეული მილიონი გირვანქა სტერლინგით (პანდემიამდე: ყოველწლიურად $2.7 მილიარდი) ამარაგებენ ბრიტანეთის ეკონომიკას: ზღაპრული სამეფო ქორწილების სატელევიზიო ტრანსლაციები (ჰარისა და მეგანის ქორწილი $1.5 მილიარდად შეფასდა), სამეფო ტურები – სასახლეები და სხვა ღირსშესანიშნაობები (ცენტრალური ლონდონით დაწყებული, შოტლანდიის ფერმით დასრულებული) ზრდის ადამიანთა ინტერესს, ეწვიონ დიდ ბრიტანეთს. შესაბამისად, იზრდება ქვეყნის შემოსავალიც ტურიზმიდან. ამასთანავე, მნიშვნელოვანია სამეფო გარანტიები – განსაკუთრებით ის ნიშანი, რომლითაც მონარქი პროდუქციის ხარისხს ადასტურებს, მაგალითისთვის – ბარბერის ქურთუკი ან Johnnie Walker-ის ვისკი. Brand Finance-ის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ჰაის შეფასებით, სამეფო გარანტია მფლობელის საერთო მოგებას 10%-ით ზრდის. ქეითი და უილიამი კი, თავის მხრივ, სამეფო გარანტიის გარეშე ზრდიან ბრიტანული კომპანიების გაყიდვებს, რაც, Brand Finance-ის 2017 წლის შეფასებით, ბრიტანულ ეკონომიკას $165 მილიონით ზრდის ყოველწლიურად.
2015 წელს G.H. Hurt & Sons-ის ნახვებმა რეკორდულ მაჩვენებელს – 100 000-ს მიაღწია მას შემდეგ, რაც ბრიტანულმა პრესმა დაწერა, რომ კომპანიამ პრინცესა შარლოტას მოსახვევი დაამზადა.
ყველა ბიზნესის მსგავსად, კოვიდვირუსის გამო სამეფო ოჯახმაც იზარალა. მეგანისა და ჰარის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ სამეფო ოჯახის ფინანსები კიდევ უფრო უნდა შემცირდეს.
ვინ არის ფირმის ნაწილი?
მეგანისა და ჰარის სამეფო ოჯახიდან წასვლის შემდეგ, მთავარი წევრების, რომლებიც სრულ განაკვეთზე ასრულებენ სამეფო ვალდებულებებს, რაოდენობა რვამდე შემცირდა. დედოფალთან ერთად ფირმაში ერთიანდებიან პრინცი ჩარლზი (ტახტის მემკვიდრე) და მისი მეუღლე – კამილა, კორნუოლის საგრაფოს ჰერცოგი – პრინცი უილიამი (ჩარლზის შემდეგ ტახტის მემკვიდრე), მისი მეუღლე ქეითი – კემბრიჯის ჰერცოგინია; პრინცესა ანა – დედოფლის ქალიშვილი; პრინცი ედუარდი – დედოფლის ყველაზე უმცროსი ვაჟი და მისი ცოლი სოფია – ესექსის გრაფინია. სამეფო წრის სიმცირის მიზეზი მათი რეპუტაციის შენარჩუნების აუცილებლობაა.
ოჯახის წევრების გარდა, უინძორთა სახლი აერთიანებს ათასობით დასაქმებულს მსოფლიოს გარშემო. მხოლოდ ბუკინგემის სასახლეში 1,200-მდე ადამიანია დასაქმებული. ფირმის ნაწილად ყოფნა ამასთანავე ნიშნავს მოლოდინს, რომ შეძლებ შეინარჩუნო კომპანიის მომგებიანობა. სამეფო ოჯახი $28 მილიარდის ღირებულების აქტივებს ფლობს, თუმცა მათი გაყიდვა არ შეუძლია: სამეფო მიწები, ბუკინგემის სასახლე ($4.9 მილიარდი), კორნუოლის საჰერცოგო ($1.3 მილიარდი), ლანკასტერის საჰერცოგო ($748 მილიონი), კენსინგტონის სასახლე (დაახლოებით $630 მილიონი) და შოტლანდიის სამეფო მიწები ($592 მილიონი). დედოფალ ელიზაბეტს კი პერსონალურად $500 მილიონის ღირებულების აქტივები აქვს.
2020-ის ფისკალური წლის დასასრულს სამეფო ქონებამ $700 მილიონი გამოიმუშავა, აქედან $475 მილიონი მოგება იყო. სამეფო ოჯახი სამეფო ქონების შემოსავლის 25%-ს იღებს, რომელსაც Sovereign Grant-საც ეძახიან, ხოლო დარჩენილ 75%-ს ბრიტანეთის ხაზინა იღებს. ბოლო Sovereign Grant-ი, რომელიც სამეფო ოჯახმა მიიღო, $120 მილიონ დოლარს შეადგენდა. ამ თანხას ოჯახი ძირითადად უსაფრთხოებისთვის, მოგზაურობისთვის, ოფიციალური ვიზიტებისა და საინფორმაციო ხარჯებისთვის იყენებს. სამეფო ოჯახის დამატებით შემოსავლის წყაროს ასევე წარმოადგენს ლანკასტერის საჰერცოგოს შემწეობაც, რომლიდანაც წმინდა მოგება გასულ ფისკალურ წელს $30 მილიონს შეადგენდა.
პრინცი უილიამი ჰარისთან ერთად ჩარლზისგან იღებდა $8 მილიონს. თუმცა ოპრასთან ინტერვიუში ჰარიმ განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც ოჯახი დატოვა, მისი დაფინანსება შეწყდა.
მეგანისა და ჰარის ფინანსური ცხოვრება ფირმის დატოვების შემდეგ
როგორც აღმოჩნდა, ყველას არ სურს მონარქიული მანქანის ნაწილი იყოს, რადგან სამეფო როლს თან სდევს დიდი სტრესი. სწორედ ამიტომ დატოვა ჯერ დაიანამ და შემდეგ – ჰარიმ და მეგანმა სამეფო ოჯახი. ის, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს, ფინანსურად რისკავს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ მეგანისა და ჰარის კონტაქტებსა და მათთვის ჰოლივუდიდან შეთავაზებებს, შეიძლება მათ იმაზე მეტი ფული გამოიმუშაონ, ვიდრე დღეს უილიამი და ქეითი ფლობენ.
ახლა წყვილი სანტა-ბარბარაში, კალიფორნიაში, $14.7 მილიონად შეფასებულ სახლში ცხოვრობს. სამეფო ოჯახიდან წასვლის შემდეგ ჰარიმ დედამისის დატოვებული $10 მილიონად შეფასებული მემკვიდრეობა გამოიყენა. მათ უსაფრთხოება წლიურად $4 მილიონი უჯდებათ. დეკემბერში ჰარიმ და მეგანმა Spotify-სთან ერთად გამოუშვეს პოდკასტი – Archewell-ი. იმავე თვეს ცოლ-ქმარმა ხელი მოაწერა სამწლიან კონტრაქტს პოდკასტის გაგრძელებაზე, რაც, „ფორბსის“ თებერვლის მონაცემების მიხედვით, $15 მილიონიდან $18 მილიონის ღირებულებამდე მერყეობს. ამასთანავე, აქვთ კონტრაქტები Apple TV+-სთან და Netflix-თან. ოპრასთან ინტერვიუსას მეგანმა აღნიშნა, რომ მას მენტალური პრობლემებისას არავინ არ დაეხმარა, სწორედ ამიტომ ის და ჰარი ახალ პროგრამას იწყებენ Apple TV-ზე, სადაც მსგავსი გამოწვევების მქონე ადამიანების ისტორიებს მოისმენენ.
Brand Finance-ის ხელმძღვანელი შენიშნავს, რომ თუ მეგანი და ჰარი Netflix-ისა და Spotify-ს კონტრაქტებს კიდევ რამეს დაამატებენ – ტანსაცმელთან და სამკაულთან დაკავშირებულს, ისინი შეიძლება მილიარდერებადაც იქცნენ.