საწვავის, დისტრიბუციისა და ტექნიკის სექტორები — ეს ბიზნეს ეკოსისტემის სტრატეგიული რგოლებია. სწორედ ამ სეგმენტებში ახალი შესაძლებლობების შექმნაზე მუშაობს მარიამ კვიწინაძე, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის ხელმძღვანელი. მისი ყოველდღიური საქმიანობა ბაზრის საფუძვლიან ანალიზს, ბიზნესებთან მჭიდრო პარტნიორობასა და მათთვის რესურსების გაზიარებას გულისხმობს.
ამ ინტერვიუში მარიამი საუბრობს იმაზე, თუ როგორ როგორ ეხმარება მისი გუნდი კომპანიებს ზრდაში, რა როლს ასრულებს ბანკი სხვადასხვა სეგმენტის ტრანსფორმაციაში და როგორია საწვავის, დისტრიბუციისა და ტექნიკის საცალო სექტორების დინამიკა.
- ვისაუბროთ საქართველოს ბანკზე, როგორც ბიზნესის აქტიურ მხარდამჭერზე. როგორ გამოიხატება ეს ხედვა თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში?
ბიზნესის გაძლიერება ჩვენი სტრატეგიული ხედვაა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე პირდაპირ აისახება. ჩემი, როგორც საცალო ვაჭრობის სექტორის ხელმძღვანელის, ყოველდღიური საქმიანობა სწორედ ამ მიზნისა და სტრატეგიის პრაქტიკულ განხორციელებას გულისხმობს.
საქმიანობის პირველ ეტაპზე ბიზნესების ფინანსურ საჭიროებებს ვიაზრებთ. სამუშაო დღე კი მომხმარებელთა მოთხოვნების ანალიზით იწყება. ვცდილობთ, გავიგოთ, რა სჭირდებათ მათ რეალურად. საჭიროებები კი – საბრუნავი კაპიტალის უზრუნველყოფიდან, გრძელვადიან ინვესტიციებამდე – მრავალფეროვანია.
ამასთანავე, ბაზარზე არსებულ ტენდენციებს ყოველდღიურ რეჟიმში ვაანალიზებთ და მომხმარებელს ბიზნესის დივერსიფიკაციაში ვეხმარებით, რაც მათ მდგრად განვითარებას უწყობს ხელს.
რაც მთავარია, ჩვენ მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერით არ შემოვიფარგლებით. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ლოიალობის პროგრამებში ჩართვით, ბიზნესს მომხმარებლების ზრდასა და ბაზარზე პოზიციონირების გაუმჯობესებაში მხარი დავუჭიროთ.
საერთო ჯამში კი, ჩვენ პარტნიორობისთვის, გრძელვადიან, ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის სივრცეს ვქმნით.
- მოგვიყევით იმ პროექტების შესახებ, რომელთაც თქვენი მიმართულების ფარგლებში მხარს უჭერთ.
საწვავის სექტორში მომუშავე ბიზნესებს ვეხმარებით როგორც ახალი სადგურების მშენებლობის, ისე არსებულის გაფართოებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვაში, რაც მილიონობით ლარის ინვესტიციებს გულისხმობს. ეს პროექტები ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს.
სადისტრიბუციო კომპანიებთან მუშაობისას ფინანსურ ინვესტიციას გამოვყოფთ საწყობების მშენებლობისა და გაფართოების, ასევე ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ამავე დროს, მათ საერთაშორისო ექსპანსიაში ვეხმარებით.
რაც შეეხება ტექნიკის საცალო ბაზარს – აქ ქსელის გაფართოების, ციფრული პლატფორმების დანერგვისა და ასორტიმენტის ზრდის კუთხით მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ.
- რა დინამიკა და პერსპექტივები შეინიშნება წლიდან წლამდე თქვენს სექტორში?
პანდემიის შემდგომ პერიოდში სამივე მიმართულებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშება. კერძოდ:
საწვავის სექტორში:
- სადგურები თანდათან მრავალფუნქციურ სივრცეებად გარდაიქმნება - ვხედავთ კაფეების, მინი-მარკეტების, ელექტრო მანქანების დამტენების ინტეგრაციას;
- თანამედროვე სისტემების (ავტომატიზებული სადგურები, მობილური აპლიკაციები, ლოიალობის პროგრამები) დანერგვით, ბიზნესები კონკურენტულ უპირატესობას მოიპოვებენ;
- ვითარდება მწვანე ენერგიის მიმართულება, რომელზეც მოთხოვნა სტაბილურად იზრდება;
სადისტრიბუციო სექტორში:
- ციფრული ტრანსფორმაცია მკვეთრად აჩქარდა – ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიების დიდმა ნაწილმა ინვესტიცია ავტომატიზაციაში განახორციელა;
- საწყობების გაფართოება და მოდერნიზაცია წამყვანი ტრენდია – ვითარდება ავტომატიზებული სასაწყობე სისტემები და ინერგება ინვენტარის მართვის თანამედროვე პროგრამები;
- მიწოდების ჯაჭვის მოქნილობა და მდგრადობა პრიორიტეტული გახდა – კომპანიები დივერსიფიცირებას და ალტერნატიული მარშრუტების განვითარებას ცდილობენ;
ტექნიკის საცალო მაღაზიებში:
- ბაზრის სეგმენტაცია უფრო გამოკვეთილი გახდა – ციფრული ტექნიკის, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და სამრეწველო დანიშნულების მოწყობილობების მიმართულებები მკაფიოდ გაიმიჯნა;
- ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებზე (ჭკვიანი სახლის ეკოსისტემები) მოთხოვნა გაიზარდა;
- გაიზარდა ონლაინ გაყიდვების წილი, რაც ომნიარხების სტრატეგიების განვითარებასაც მოითხოვს.
სამომავლო პერსპექტივებიდან კი რამდენიმე მიმართულებას გამოვყოფდი: სადგურების მრავალფუნქციურ სივრცეებად გარდაქმნასა და მწვანე ენერგიაზე გადასვლის ტენდენციას საწვავის სექტორში, სადისტრიბუციო კომპანიების მიერ მიწოდების ჯაჭვის გაციფრულებასა და ავტომატიზაციას, ხოლო ტექნიკის სეგმენტში – ჭკვიანი მოწყობილობების ბაზრის ზრდას.
ჩვენ კი, როგორც ფინანსური ინსტიტუტი, ამ ტრანსფორმაციის მხარდასაჭერად მზად ვართ. სწორედ ამიტომ, ბიზნესს ვთავაზობთ მოქნილ საფინანსო ინსტრუმენტებს, რომლებიც თითოეული სექტორის სპეციფიკაზე, საჭიროებებსა და მოთხოვნებზეა მორგებული.
ჩვენი მიზანია, ვიყოთ არა მხოლოდ ფინანსური რესურსების პროვაიდერი, არამედ ბიზნესპარტნიორი, რომელიც კომპანიების გრძელვადიან წარმატებას უწყობს ხელს.
- ვისაუბროთ პერსონალურად თქვენზე – რამდენი ხანია, რაც საქართველოს ბანკში მუშაობთ, როგორ განვითარდა თქვენი კარიერა?
საქართველოს ბანკში 9 წელია, ვმუშაობ და ეს პერიოდი ჩემთვის პროფესიული ზრდის უწყვეტი გზა იყო. კარიერა 2016 წელს დავიწყე, როდესაც კორპორატიულ დეპარტამენტში უმცროსი ბანკირის პოზიციაზე მოვედი.
კარიერული ზრდა ეტაპობრივად განვითარდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, როდესაც ნავთობისა და გაზის სექტორის უფროსის პოზიციაზე გადავედი. შემდეგ საცალო ვაჭრობის სექტორში გადავინაცვლე. ეს როლი მაძლევს შესაძლებლობას, სტრატეგიულ დონეზე ვიმუშაო და მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო როგორც ჩვენი მომხმარებლების, ასევე ბანკის წარმატებაში.
- რა იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა თქვენთვის ამ პროცესში და რა არის თქვენი სამუშაოს ყველაზე საინტერესო ნაწილი?
ჩემი კარიერის მთავარი მამოძრავებელი ძალა ყოველთვის იყო სწავლისა და განვითარების უწყვეტი პროცესი. საბანკო სფეროში, განსაკუთრებით კორპორატიულ დეპარტამენტში, ყოველი დღე ახალი გამოწვევაა. მიზიდავს ის, რომ სხვადასხვა სექტორის, ბიზნეს-მოდელისა და ფინანსური საჭიროების შესწავლაში მუდმივად ჩართული ვარ.
საცალო ვაჭრობის სექტორში მუშაობა საინტერესო მისი დინამიკურობის გამოც არის. ამ სფეროში ინოვაციები და მომხმარებლებზე ორიენტირებული მიდგომები კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მომწონს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობა და შესაძლებლობა, დავინახო ამ გადაწყვეტილებების შედეგები როგორც ჩვენი მომხმარებლის საქმიანობაზე, ასევე – მთლიან ეკონომიკაზე. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა ვხედავ, რომ მომხმარებელი, რომელთანაც წლებია, ვმუშაობ, მცირე ბიზნესიდან ბაზრის ლიდერად გარდაიქმნა.
- რა გაძლევთ მოტივაციას, არ გაჩერდეთ?
მოტივაციას რამდენიმე წყაროდან ვიღებ. პირველ რიგში, გამოწვევები მიზიდავს. ყოველი ახალი პროექტი, მომხმარებელი თუ სექტორი ჩემთვის შესაძლებლობაა, რაღაც ახალი ვისწავლო და ცოდნა გავიღრმაო.
განსაკუთრებით მახარებს, როდესაც ვხედავ, როგორ იზრდება და ვითარდება კომპანია ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით, როგორ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და როგორ ვითარდება ეკონომიკა. ეს ჩემთვის უდიდესი პროფესიული კმაყოფილების წყაროა. ამ დროს ვგრძნობ, რომ ჩემი საქმიანობა ბევრად დიდ მიზანს ემსახურება და ადამიანების ცხოვრებაზე დადებით გავლენას ახდენს.
ასევე დიდ მოტივაციას მაძლევს გუნდი და ორგანიზაციული კულტურა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ გარემოში მუშაობა, სადაც მუდმივად წახალისებულია ახალი იდეები და სადაც შეგიძლია, კომფორტის ზონას გაცდე. საქართველოს ბანკის კულტურა სწორედ ასეთია – ინოვაციური, დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული.
დაბოლოს, საკუთარი პოტენციალის რეალიზების სურვილი განსაკუთრებით მაძლიერებს. კარიერაში თითოეული წარმატებული ნაბიჯი მაძლევს რწმენას, რომ მეტის მიღწევა და უფრო დიდი გავლენის მოხდენა შემიძლია. ვფიქრობ, ეს ამბიცია და მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ არის ის, რაც მაძლევს საშუალებას, არ გავჩერდე.
S