ცოტა ხნის წინ Fast Company-მ სტატია გამოაქვეყნა სათაურით: „ხელოვნური ინტელექტის წყალობით, ჩვენ ფრილანსერების ოქროს ეპოქაში ვართ“. სტატია ძირითადად ელიტარული მუშაკების მაღალპროდუქტიულ ინდივიდებად გადაქცევის თემაზე იყო ფოკუსირებული, განსაკუთრებით – ტექნოლოგიური მიმართულებით. ეს პირები უმეტესად FAANG-ის (Facebook-ი, Apple-ი, Amazon-ი, Netflix-ი და Google-ი) ყოფილი თანამშრომლები არიან.
ტექნოლოგიურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის სწრაფად განვითარება და დანერგვა კი ფრილანსერების შესაძლებლობებსაც ზრდის. ერთი მხრივ, AI ფრილანსერებს პროდუქტიულობის გაუმჯობესებაში ეხმარება, მეორე მხრივ კი დამსაქმებლებისთვის აპლიკაციათა ფართო სპექტრის შეთავაზებაში. ე.წ. „ელიტარული ჯგუფი“, რომელიც ფრილანსერთა 2%-ს აერთიანებს, ძირითადად სხვადასხვა ვებგვერდსა და პლატფორმაზეა – Toptal-ი და A-Team-ი – წარმოდგენილი, თუმცა AI ახალ შესაძლებლობებს უხსნის სხვა ფრილანსერებს, განურჩევლად მათი „სტატუსისა“.
ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული უნარების სოლიდური შემოსავლის წყაროდ გადაქცევა რომ შესაძლებელია, ეს უკვე დადასტურებული ფაქტია. Salary.com-ის შეფასებით, ამ უნარ-ჩვევებით, საშუალო ანაზღაურება $141 ათასიდან $220 ათასამდე მერყეობს. მაღალკვალიფიციური კადრების მოსაზიდად კი კომპანიათა ნაწილი უფრო მაღალი ანაზღაურების შეთავაზებებსაც არ უშინდება, ამ შემთხვევაში ხელფასი $900 ათასსაც კი აღწევს. მაგალითისთვის, მსგავსად მოიქცა Netflix-ი პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე.
თუმცა, ხელოვნური ინტელექტის ჭრილში განხილვისას, ამერიკული Forbes-ი ასახელებს სამ ძირითად უნარს, რომლებიც ფრილანსერებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ თუ სურთ, რომ 2024 წელს $100 ათასზე მეტი შემოსავალი მიიღონ. ინფორმაციისთვის, საშუალო ანაზღაურების დიაპაზონი და ხელფასებზე მონაცემები Salary.com-დან და ZipRecruiter-დანაა აღებული.
- პროდუქტის მენეჯმენტი
ZipRecruiter-ის თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფრილანსერ პროდუქტების მენეჯერს საშუალოდ შეუძლია წელიწადში $159,405 გამოიმუშაოს. ამ სახის პროფესიონალებზე ძირითადად მოთხოვნა ტექნოლოგიური სტარტაპებისგან მოდის. ფრილანსერი პროდუქტის მენეჯერები გუნდს ბაზარზე შესატანად ახალი პროდუქტების იდეებს აწვდიან, ასევე უკვე არსებული პროდუქციის გასაახლებლად, რათა ბიზნესი რელევანტური დარჩეს მისი მომხმარებლისთვის. მთავარი რჩევა: საკუთარ თავზე მუშაობითა და პროდუქტის მენეჯმენტში AI-ის უნარების გამოყენებით, მეტად მოთხოვნადი კადრი გახდებით.
საშუალო ანაზღაურების დიაპაზონი ამ უნარისთვის: $51,500-დან $197,000-მდე.
- დიდი ენობრივი მოდელები (LLM), მონაცემთა მეცნიერება, გენერაციული AI
როგორც უკვე აღინიშნა, მოთხოვნა მაღალია, თუმცა AI-ის უნარების მქონე პროფესიონალები სამუშაო ბაზარზე ცოტანი არიან. მაგრამ სწორედ ამ მიმართულებით სჭირდება ბევრ, მცირე თუ საშუალო ზომის, კომპანიას ფრილანსერების დახმარება. თუ გაქვთ ინდუსტრიის სიღრმისეული ცოდნა და თან ფლობთ ისეთ უნარებს, როგორიცაა LLM-ი, მონაცემთა მეცნიერება და გენერაციული AI, თქვენ მიმართ ინტერესიც გაიზრდება.
საშუალო ანაზღაურების დიაპაზონი ამ უნარისთვის: $61,262-დან $220,126-მდე.
- პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპინგი
ფრილანსერებს, რომელთაც პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერად მუშაობის გამოცდილება აქვთ, შეუძლიათ სხვადასხვა საინტერესო პროექტს მოერგონ, IoT-იდან (ინტერნეტის ნივთები) დაწყებული, ელექტრონული კომერციის პლატფორმებითა და მობილური აპლიკაციებით დასრულებული.
საშუალო ანაზღაურების დიაპაზონი ამ უნარისთვის: $79,021-დან $110,088-მდე.