ბოლო პერიოდში სამხრეთ კორეა იარაღის ექსპორტიორთა რიგებში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს. ამის მიზეზი კი აზიური სახელმწიფოს მომხმარებლების საჭიროებებზე ფოკუსირების უნარია.
კორეის ექსპორტ-იმპორტის ბანკის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს ქვეყნიდან სამხედრო შეიარაღების ექსპორტი გაორმაგდა და 7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ბანკის პროგნოზით, აღნიშნული მაჩვენებელი წელს 10 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს და 2020 წელთან შედარებით 3-ჯერ გაიზრდება.
სამხრეთ კორეის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ პარტნიორს პოლონეთი წარმოადგენს. ივლისში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლონეთი სამხრეთ კორეისაგან 1000 ერთეულ K2 ტიპის ტანკს, 600 ერთეულ K9 ტიპის ჰაუბიცასა და სხვა ტიპის შეიარაღებას შეიძენს. კონტრაქტის ჯამური ღირებულება 7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
ცნობისათვის, Hanwha Group-ის მიერ წარმოებული K9 ტიპის ჰაუბიცები საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე სამხრეთ კორეის პარტნიორებს შორის უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. პოლონეთის გარდა მისი შეძენის გადაწყვეტილება 2021 წელს ავსტრალიამ, ხოლო 2022 წელს ეგვიპტემ მიიღო. გარდა ამისა, აღნიშნულ საარტილერიო სისტემებს ფინეთი და ესტონეთიც ფლობენ.
სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის ანგარიშების თანახმად, სამხრეთ კორეის შეიარაღების ექსპორტი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 180%-ით გაიზარდა. შედეგად, ქვეყანამ აღნიშნული კუთხით მე-14 ყველაზე მსხვილი ექსპორტიორიდან, მე-8 პოზიციაზე გადაინაცვლა.
დატოვე კომენტარი