ჯორჯ კერცი თავისი CrowdStrike-ით გამდიდრდა… მიუხედავად იმისა რომ ამ კიბერუსაფრთხოების კომპანიას პრეზიდენტი ტრამპი უსაფუძვლოდ ადანაშაულებდა.
ერთი წლის წინ მსოფლიომ ბევრი არაფერი იცოდა კიბერუსაფრთხოების ფირმა CrowdStrike-ის შესახებ, ხოლო მის თანადამფუძნებელს, ჯორჯ კერცს ეს ამბავი ძალიანაც ახარებდა. ყველაფერი სექტემბერში შეიცვალა, როცა პრეზიდენტ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო ზარის ცენზურაგავლილი ტრანსკრიპტი გასაჯაროვდა. ამ საუბრისას პრეზიდენტები CrowdStrike-ს განიხილავდნენ, რომელიც დემოკრატების ეროვნულ კომიტეტს 2016-ის არჩევნებში რუსული კიბერჩარევის გამოსაძიებლად დაექირავებინა.
ტრამპი ზელენსკის ამ ფირმის გამოძიებისკენ მოუწოდებდა და ამტკიცებდა, რომ მას უკრაინაში მალულად დაედგა დემოკრატების ეროვნული კომიტეტის სერვერი. “კომპანია რომ წამოვიწყეთ, ვერასდროს ვიფიქრებდი, ორი სახელმწიფოს მეთაური თუ გვახსენებდა, – ხვნეშით ამბობს 49 წლის კერცი და ამატებს, რომ მის კომპანიას ცუდი არაფერი გაუკეთებია… და არასდროს დაუდგამს უკრაინაში სერვერი. – საუკეთესო, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ, მუშაობის თავჩახრილად გაგრძელება და დარღვევათა შეწყვეტაზე ფოკუსირებაა. დანარჩენი, დიდწილად, ხმაურია და სხვა არაფერი“.
როცა დემოკრატების ეროვნული კომიტეტის მსგავსი კლიენტები CrowdStrike-ს ქირაობენ, ეს სანივეილში (კალიფორნია) მდებარე კომპანია ჰაკერთა სკანირებისთვის თავის cloud-ზე დაფუძნებულ დარღვევათა ამოცნობის პროგრამას, სახელად Falcon-ს, იყენებს. ეს ერთობ სარფიანი საქმიანობაა. CrowdStrike-ის დაქირავება ერთჯერადი, სპეციფიკური საგამოძიებო მიზნებისთვისაა შესაძლებელი (როგორც, მაგალითად, დემოკრატების ეროვნული კომიტეტის შემთხვევაში), მაგრამ კომპანიის 4,000 კლიენტი, რომელთა შორისაც არიან Amazon-ი და Credit Suisse-ი, თვეში $6.99-ს იხდიან თითო კომპიუტერისთვის, რათა Falcon-მა მათი სისტემების მონიტორინგი განაგრძოს.
ეს ყოველივე, შემოსავლის სახით, $46 მილიონად ითარგმნა CrowdStrike-ის ბოლო ფისკალურ წელს (რომელიც 2020-ის 31 იანვარს დასრულდა), რაც დაახლოებით 86%-იანი მატებაა წინა წელთან შედარებით. ივნისის პირველადი საჯარო შეთავაზების შემდეგ აქციათა ფასი უცვლელია, თუმცა მაინც საკმარისი, რომ კერცის 10%-იანმა წილმა თითქმის $1.1 მილიარდი შეადგინოს.
Seton Hall University-დან ბიზნესში ხარისხის მოპოვებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების და უსაფრთხოების კონსულტანტად მუშაობაში გატარებული წლების შემდეგ, 1999 წელს, კერცმა თავისი უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის სტარტაპი, Foundstone-ი, ჩაუშვა, რომელიც McAfee-ს მიჰყიდა და მოგვიანებით, უფრო დიდი ფირმის, McAfee-ისვე, ტექნოლოგიურ დირექტორად მოგვევლინა. CrowdStrike-ის უფრო მარტივი, უფრო სწრაფი, cloud-ზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის იდეა 2011-ში, თვითმფრინავში გვერდზე მჯდომი ტიპის შემხედვარეს გაუჩნდა, რომელმაც ერთი 15 წუთი მაინც დაახარჯა თავისი ლეპტოპის McAfee-ით დასკანირებას.
“ვიჯექი და ვფიქრობდი, ღმერთო, რა საშინელება ყოფილა-მეთქი“. McAfee-დან იმავე წელს წამოვიდა და CrowdStrike-ზე დაიწყო მუშაობა. ხუთი წლის თავზე ამ უკანასკნელის შემოსავალი თითქმის $50 მილიონს უტოლდებოდა – მაჩვენებელს, რომელიც მომდევნო წელს, სულ ცოტა, გაორმაგდა. დღეს CrowdStrike-ი მიმდინარე ცხელ-ცხელ გლობალურ საკითხებზეა კონცენტრირებული, მაგალითად, ირანზე. დიდი ალბათობით, ევროპაშიც გაზრდის საკუთარ ცნობადობას, სადაც პოტენციური მომხმარებლები ბევრი მსგავსი საფრთხის წინაშე დგანან, რაც CrowdStrike-ის სტაბილური ამერიკელი მომხმარებლებისთვის სულაც არ არის უცხო. ამასობაში, ტრამპის უკრაინულმა შეთქმულების თეორიამ ბიზნესს ვერაფერი ავნო. მეტიც, კერცის თქმით, ამ ამბავმა გაზარდა „ჩვენი, როგორც კიბერუსაფრთხოების მსოფლიო ლიდერის, ცნობადობა“.
დატოვე კომენტარი