Samsung Electronics-ი 2050 წლისთვის ნახშირბადის წმინდა ნულოვანი ემისიის მისაღწევად $5 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. ტექნოლოგიური გიგანტის მიერ გამოყოფილი თანხა ტექნოლოგიების კვლევასა და განვითარებას მოხმარდება, რაც ჩიპების წარმოების პროცესში წარმოქმნილი სათბური აირების გაფილტვრასა და ნახშირორჟანგის შენახვას უზრუნველყოფს.
Samsung-ის ESG-ის სტრატეგიული ჯგუფის ხელმძღვანელის კიმ სუ-ძინის განცხადებით, მიზანი 2030 წლისთვის კომპანიის მოწყობილობების ბიზნესში ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევაა. გარდა ამისა, Samsung-ი გეგმავს, ისეთი რესურსების გადამუშავება გაზარდოს, როგორიც ლითიუმი და პლასტმასაა. „კომპანიის აქტივობებმა საბოლოო ჯამში მომხმარებლის მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს, რაც შემდგომში ჩვენი პროდუქტებისადმი ინტერესის ზრდაშიც გამოიხატება“, – დასძინა კიმ სუ-ძინმა.
Samsung-ი RE100-ის გლობალურ ინიციატივას შეუერთდა, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი კომპანიები საკუთარი ბიზნესის 100%-ით განახლებად ელექტროენერგიაზე გადასვლის პირობას დებენ. RE100-ის ინიციატივის წევრები უკვე არიან Apple-ი, TSMC-ი და Intel-ი.
Samsung-ი ამჟამად დაახლოებით 50 ქვეყანაში აგროვებს ელექტრონულ ნარჩენებს, რომელთა რაოდენობასაც 2030 წლისთვის 180-მდე გაზრდის. ამასთან ერთად, 2050 წლისთვის კომპანია სრულად ხელახლა გამოყენებადი პლასტმასაზე გადავა და ეტაპობრივად გაზრდის ენერგოეფექტიანი ჩიპებისა და მოწყობილობების წარმოებას.
აღსანიშნავია, რომ Samsung-ის ჩიპების ქარხნისა და სამხრეთ კორეის სხვა მწარმოებელთათვის სტაბილური და ხელმისაწვდომი ენერგია კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის უმნიშვნელოვანესია. ამის მიუხედავად, ანალიტიკოსების აზრით, Samsung-ის მიღწევები განახლებადი ენერგიის კუთხით საკმარისი არაა. კომპანიას როგორც ინვესტორები, ასევე მომხმარებლებიც დიდი ხანია, უფრო ამბიციური გარემოსდაცვითი მიზნების დასახვისა და განხორციელებისკენ მოუწოდებენ.
დატოვე კომენტარი