მიკროჩიპების გლობალური დეფიციტისა და ამერიკული კომპანიის მიერ ამ სფეროს წარმადობის გაზრდის ფონზე, Samsung-მა ახალი ამერიკული ქარხნის აშენების შესახებ განაცხადა. ძვირად ღირებული სმარტფონების მიკროჩიპების გარდა, ამ ქარხნის თანამშრომლები 5G ტექნოლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზეც იმუშავებენ. ტეხასის ახალი ქარხნისთვის კორეულმა გიგანტმა $17 მილიარდი გამოყო – მშენებლობა 2022 წლის დასაწყისში აიღებს სტარტს, ხოლო პირველ პროდუქციას ქარხანა 2024-ის მეორე ნახევარში გამოუშვებს.
ცნობისთვის, Samsung-ის ამგვარი ექსპანსია ერთგვარი პასუხია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ მიკროჩიპების ინდუსტრიისადმი გაწვდილი დახმარების ხელისა. საქმე ისაა, რომ მიკროჩიპების გლობალურმა დეფიციტმა ამერიკული კომპანიები საგრძნობლად დააზარალა. დეფიციტი განსაკუთრებულად აისახა ავტოწარმოების ინდუსტრიაზე: წელს GM-სა და Ford-ს წარმოების რადიკალურად შემცირება ან სულაც შეწყვეტა მოუხდათ.
გარდა ტეხასის შტატისა, Samsung-ი ახალი ქარხნის აშენების ადგილად არიზონას, ნიუ-იორკსა და ფლორიდასაც განიხილავდა, მაგრამ საბოლოოდ ტეხასის ქალაქ ტეილორზე შეჯერდა, რადგან ამ შტატში არსებული საგადასახადო პოლიტიკა კომპანიისთვის განსაკუთრებულად სახარბიელო აღმოჩნდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქარხანა Samsung-ს ტეხასის დედაქალაქ ოსტინშიც აქვს.
დატოვე კომენტარი