Samsung-ის მემკვიდრეს ლი ჯა იონგს სამხრეთ კორეის უმაღლესმა სასამართლომ ორი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიზეზი მოსყიდვის საქმის ხელახალი განხილვაა, რომელშიც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი პარკ კინ-ჰე ფიგურირებს. ამ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, გავლენა ექნება ტექნიკური გიგანტის სამომავლო საქმიანობაზე.
ლი ჯა იონგი პირველად 2017 წელს იმის გამო დააპატიმრეს, რომ ის, სავარაუდოდ, მონაწილეობდა პოლიტიკურ და კორპორაციულ სკანდალში სამხრეთ კორეის მაშინდელ პრეზიდენტ პარკ კინ-ჰეასთან. მოსყიდვის გარდა, ლის ბრალდებებში შედის ფულის გაფლანგვა, საზღვარგარეთ აქტივების დამალვა და ცრუ მოწმეობა, თუმცა, ლიმ ყველა ეს ბრალდება უარყო.
შეგახსენებთ, რომ ლი ჯა იონგი 2014 წლიდან Samsung Electronics–ის დე ფაქტო ხელმძღვანელია მას შემდეგ, რაც მისი მამა, ლი კუნ ჰეი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. უფროსი ლი ოქტომბერში გარდაიცვალა, თუმცა თავმჯდომარის თანამდებობა ოფიციალურად ამ დრომდე არავის დაუკავებია.
დატოვე კომენტარი