Samsung Electronics-ი მსოფლიო მასშტაბით მეხსიერების ბარათების (ე.წ. „ჩიპების“) დეფიციტის გამო კვარტალური მოგების 53%-ით ზრდას ელოდება. არსებული მონაცემებით, მსოფლიოში მეხსიერების ბარათების და სმარტფონების უდიდესმა მწარმოებელმა მეორე კვარტალში $11 მილიარდის გამომუშავება შეძლო.
გასულ წელს, პანდემიის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, „სამსუნგის“ მობილურებისა და ტელევიზორების გაყიდვები მკვეთრად შემცირდა. პარალელურად, პანდემიის და ელექტრონული მოწყობილობების მოხმარების ზრდის ფონზე, მოთხოვნა გაიზარდა ნახევარგამტარებზეც, რამაც მარაგები შეამცირა და უშუალოდ „ჩიპებზე“ მიწოდების დეფიციტი შექმნა (მათ შორის – საავტომობილო ინდუსტრიაშიც).
ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში სამხრეთკორეულმა კომპანიამ განაცხადა, რომ ნახევარგამტარების გლობალური დეფიციტის გამო, ტელეფონებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოება შეფერხდა. კომპანიის იმავე განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მოსალოდნელი უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით, წარმოების ბალანსის აღდგენას ცდილობდნენ.
„სამსუნგი“ დეტალურ კვარტალურ ანგარიშს თვის ბოლოს გამოაქვეყნებს. ანალიტიკოსების პროგნოზით კი ჩიპების ფასების ზრდის ტენდენცია წლის მეორე ნახევარშიც შენარჩუნდება.
დატოვე კომენტარი