ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ კომპანია SaNOtize-ის სახელზე გასცა ნებართვა, აწარმოონ კორონავირუსის საწინააღმდეგო ნაზალური სპრეი სახელწოდებით „Enovid“.
SaNOtize-მა უკვე დაიწყო სპრეის წარმოება, მწარმოებელმა კომპანიამ კი უკვე მიიღო „Enovid-ის“ გაყიდვის შუალედური ნებართვა. პროდუქტის გამოყენება დასაშვებია 12 წელზე მეტი ასაკის ადამიანებში. ისრაელის გარდა, კომპანია გეგმავს გაყიდვების დაწყებას ახალ ზელანდიაშიც. ჯერ პროდუქტი კომერციულად არ იყიდება.
კომპანიის აზოტოვანი ოქსიდის ნაზალური სპრეი, ბრენდული სახელით „Enovid“ ზედა სასუნთქ გზებში მოხვედრილ SARs-CoV-2-ის ვირუსს გაანადგურებს და ის ეფექტიანია შესხურებიდან 2 წუთში. ეს ხელს შეუშლის ვირუსის ინკუბაციასა და გავრცელებას ფილტვებში. სპრეი კლინიკური გამოცდის პირველ ეტაპს – ბრიტანეთში, ხოლო მეორე ფაზას, პრევენციისა და ეფექტიანობის კვლევას, კანადაში გადის. იანვარში SaNOtize-მა გაასაჯაროვა იუტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული ადრეული ტესტირების შედეგები, რომლის მიხედვითაც, ნაზალური სპრეი SARs-CoV-2 ვირუსის 99.9%-ს ანადგურებს.
კომპანიის დამფუძნებელი, პროფესორი რეგევი Times of Israel-თან აცხადებს, რომ აღნიშნული სპრეის გამოყენებით მსოფლიოს შეეძლო, კორონავირუსის ინფექციის დიდი ნაწილი აერიდებინა თავიდან, თუმცა არც ახლაა გვიან და მრავალ ქვეყანაში, სადაც ვაქცინები ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი, მრავალი სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი.
„იმედი გვაქვს, ჩვენი ნაზალური სპრეი უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს ქვეყნებში, სადაც ვაქცინებს ჯერ კიდევ ელოდებიან. ჩვენი პროდუქტი იქნება ხელმისაწვდომი და მისი გამოყენება შესაძლებელია პრევენციისთვის, რათა დავიცვათ ჩვენი თავი რესპირატორული ვირუსული ინფექციისგან“, – განაცხადა გილი რეგევმა.
დატოვე კომენტარი