უკვე ოთხი თაობის მანძილზე დ’ადარიოები ვიოლინოსა და გიტარის სიმების წარმოებაში მცირე ინოვაციებით, მაგრამ დიდი შედეგებით მნიშვნელოვან წარმატებას აღწევენ.
ნიუ-იორკის აღმოსავლეთით, ერთი საათის სავალ მანძილზე მდებარე 240 ათასი კვადრატული ფუტის ფართობის ქარხანაში რამდენიმე ასეული მუშა სხვადასხვა ცვლაში მუშაობს და ვიოლინოსთვის, გიტარისთვის, ბერძნული ბუზუკისა და თურქული უდისათვის სიმებს ამზადებს, დღეში დაახლოებით 700 ათას სიმს. სხვადასხვა სამუშაო სექცია ნიკელის ან ბრინჯაოს თხელ მავთულს ფოლადის წვრილი ღერძის ირგვლივ ახვევს. ეს ყველაფერი ლაზერის მეშვეობით უმაღლესი სიზუსტით კეთდება. პროდუქციას შემდეგ ითვლიან, ფუთავენ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გზავნიან. ის მექანიზმები და დანადგარები, რომლებითაც სიმებს ამზადებენ, უცხო პირებისათვის მიუწვდომელია, რადგან მათი პროექტი და დიზაინი კერძო საკუთრებას და უაღრესად კარგად დაცულ საიდუმლოს წარმოადგენს.
ჯიმ დ’ადარიო, ბაბუამისის მიერ დაფუძნებული ბიზნესის 65 წლის აღმასრულებელი დირექტორი, თავის საწარმოს შეუნიღბავი სიამაყით გასცქერის. მან და მისმა უფროსმა ძმამ, ჯონმა, კომპანია სწორედ იმ სახით შექმნეს, რომლითაც იგი დღეს წარმოგვიდგება. „როდესაცის პატარა მაღაზია მახსენდება, სადაც ბაბუაჩემმა ბიზნესი დაიწყო, თითქმის წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ ჩვენი საქმიანობის ასეთ მასშტაბებამდე მიყვანა შევძელით“.
დღევანდელი დღე საოცრად განსხვავდება იმ ძველისგან, მაშინდელისგან, როდესაც ძმები დ’ადარიოები, ნიუ-იორკის ქუინზის რაიონში, მათი ბაბუისა და ბებიის სარდაფში პირველად ჩავიდნენ. ეს იყო ადრეულ, 1950-იან წლებში. სარდაფში, საკიდებზე ცხოველთა ნაწლავები გადაეჭიმათ, რის გამოც უსიამოვნო სუნი იდგა. სიმები ვიოლინოს, ჩელოსა და ჰარპებისათვის სწორედ მათი დაგრეხით მიიღებოდა. დ’ადარიოების ბაბუა, ჩარლზი, მთელი კვირის მანძილზე, დამხმარე მუშებსა და ოჯახის წევრებთან ერთად, მძიმედ შრომობდა მანამ, სანამ მოამზადებდა პროდუქციას, რომელსაც საკუთარი ავტომობილიდან ბოსტონელ და ვაშინგტონელ მუსიკოსებს მიჰყიდდა. „იგი ყოველდღიურად სრულ კოსტიუმს იცვამდა და შემდეგ, ამ კოსტიუმზე, წინსაფარს ჩამოიფარებდა, – ამბობს ჯიმი. – მაშინაც კი, როცა ტემპერატურა 37 გრადუსს აღწევდა, იგი სარდაფში ჩადიოდა და მუშაობდა“.
გასულ წელს დ’ადარიომ წმინდა მოგების სახით 12 მილიონი დოლარი მიიღო და მუსიკალური აქსესუარების გაყიდვების მოცულობამ 169 მილიონი დოლარი შეადგინა. კომპანია ყოველწლიურად წელიწადში საშუალოდ 6,2%-ით იზრდება. ამ კომპანიის მუსიკალურ აქსესუარებს ისეთი მუსიკოსები იწონებენ, როგორებიც არიან: ლენი კრავიცი, კეიტ ურბანი, პიტერ ფრემტონი და დეივ მატიუსი. კომპანია ახლა ასევე ფსონს დებს დასარტყამ და სასულე ინსტრუმენტებზე, აგრეთვე ძირითად მუსიკალურ აქსესუარებზე. კომპანიის საზღვარგარეთ გაყიდვების ნახევარი სწორედ მათზე მოდის. „ყველა პროდუქტის კატეგორიაში ისინი კონკურენტებს შორის პირველ ან მეორე ადგილზე არიან“, – ამბობს ბრაიან მაჯესკი, ბაზრის მიმომხილველი და ჟურნალ The Music Trades-ის რედაქტორი. დ’ადარიო ამ მოწინავე ადგილს ინარჩუნებს იმით, რომ ძალზე მცირე, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანი ინოვაციებით ჩვეულებრივ პროდუქტს აუმჯობესებს.
ოჯახის ეს საქმიანობა დასაბამს მე-17 საუკუნეში, იტალიის ქალაქ სალედან იღებს. 1905 წლის მიწისძვრის შემდეგ, რომელმაც მათი ქალაქი დაანგრია, ოჯახმა სიმების დამზადების ხელოვნება აშშ-ში გადაიტანა. ძმები – ჩარლზი და როკო – ქუინზის ერთ-ერთ უბანში, ასტორიაში დაფუძნდნენ (თუმცა როკო სამშობლოში მალევე დაბრუნდა). თავდაპირველად ისინი სიმების იმპორტს ახდენდნენ, შემდეგ კი ადგილზე წარმოება დაიწყეს და ერთ შეკვრას 2,5 დოლარად ყიდდნენ. ჩარლზის შვილმა, ჯონმა, ოჯახის უკვე მეორე თაობის აღმასრულებელმა დირექტორმა, ისეთი სინთეტიკური მასალების უპირატესობა გააცნობიერა, როგორიც იყო DuPont-ის მიერ 1935 წელს გამოგონებული ნეილონი. „ბევრიდამკვრელი გაოცებული იყო, რადგან ნეილონისაგან დამზადებული სიმები ტონალობას უფრო დიდხანს ინარჩუნებდა და ნესტისგან არ ზიანდებოდა“, – იხსენებს ჯონ უმცროსი, რომელიც ამჟამად 71 წლის არის.
ჩარლზმა პაუზა აიღო, როდესაც ელვისმა და ფოლკის ბუმმა სცენაზე, პირველ პლანზე გიტარა დააყენა. „მამაჩემი უფრო მეტად ამბიციური და ცნობისმოყვარე იყო“, – ამბობს ჯონ უმცროსი. ამრიგად, 1965 წელს ჯონ უფროსი გამოეყო კომპანია Archaic Musical String Manufacturing Co-ს (რომელსაც შემდგომ Darco Music Strings-ი ეწოდა), რათა ფოლადის სიმები ისეთი კომპანიებისათვის დაემზადებინა, როგორიცაა C.F. Martin-ი, Gretsch-ი, Guild-ი და D’Angelico (ექვსი წლის შემდეგ იგი კომპანია D’Addario-ს შეუერთდა). მან სიმების ფოლადის ღერძი ცილინდრულის ნაცვლად ჰექსაგონის ფორმით დაამზადა, რამაც მავთულებს, რომლებსაც ამ ღერძის ირგვლივ ახვევდნენ, დასაყრდენი გაუჩინა. შესაბამისად, სტაბილური, ძლიერი სიმები იქმნებოდა, რომელთა ჟღერადობაც უფრო ნამდვილი იყო. მან ასევე ფოლადის ღერძის ნიკელის ფენით დაფარვა დაიწყო, რაც დღეს ამ ინდუსტრიაში უკვე სტანდარტად ითვლება. ჯონ უმცროსი ბიზნესის ირგვლივ ტრიალებდა. ჯიმი გიტარისტი და ტექნიკოსი იყო. „მე მიყვარს ჩხირკედელაობა“, – ამბობს იგი.
1960-იანი წლების დასასრულისათვის კომპანია Darco-ს გაყიდვები 600 000 დოლარს შეადგენდა, მაგრამ მას მაინც ბაზრიდან გაქრობის საშიშროება ემუქრებოდა. CBS-მა Fender-ი, Steinway და სხვა ინსტრუმენტების მწარმოებლები შეიძინა; Norlin Crop.-მა Gibson-ი და Lowrey გადაყლაპა. იმისათვის, რომ გადარჩენილიყო, ჯონ უფროსმა გადაწყიტა Darco მიეყიდა Martin-ისათვის, რომელიც ბაზრის 30%-ზე მეტს ფლობდა. თუმცა ეს სვლა წარმატებული არ აღმოჩნდა: Martin-ი კომპანიის გაზრდის მთელ იმედს აქციების საჯარო განთავსებაზე ამყარებდა, რაც არასოდეს განხორციელებულა და ასევე, მისი რამდენიმე შენაძენიც წარუმატებელი აღმოჩნდა. შესაბამისად, დ’ადარიოების ოჯახი ამ კომპანიას გამოეყო და 1974 წელს დამოუკიდებლად საქმიანობას თავიდან შეუდგა.
ახლა უკვე დრო მოვიდა, რომ კომპანიას ჯონ უმცროსი და ჯიმი გაძღოლოდნენ. მათი მამის დევიზი, რომელიც სწრაფ მოქმედებებზე იყო ორიენტირებული, ბაზრის კვლევისა და წესრიგის მათეულ იდეას ეწინააღმდეგებოდა. „ეს დაახლოებით პროდუქტების მაღაზიის მენტალიტეტი უფრო იყო, ვიდრე გლობალური ბიზნესის მართვის მენტალიტეტი, – აბობს ჯიმი, – იგი ვერასდროს გაიგებდა და მიხვდებოდა, თუ დღეს რა უნდა გაგვეკეთებინა“. პირველივე წელს, ინსტრუმენტების მწარმოებელი კომპანიებისათვის სიმებს მხოლოდ 20 თანამშრომელი ამზადებდა. ავითარებდა რა პირდაპირი გაყიდვების სტრატეგიას, D’Addario-მ 1 მილიონის გაყიდვებს მიაღწია. „გასულ პარასკევს, – ამბობს ჯიმი, – მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში, ჩვენ 2,7-მილიონიან გარიგებას მივაღწიეთ“.
სამი ათწლეულის მანძილზე, ბიზნესის ზრდასთან ერთად, ისინი თავიანთ ავტომატიზებულ მანქანა-დანადგარებს გამუდმებით აუმჯობესებდნენ. „რაიმე მნიშვნელოვანი ინოვაციის მიღწევისას, ჩვენ მაშინვე აღჭურვილობას ვაახლებდით“, – გვიხსნის ჯიმი. მაგალითები: ადამიანური შეცდომების გამოსარიცხად, დამხვევ მანქანებში მაღალი პოტენციალის ძრავების დაყენება, აგრეთვე ციფრული კონტროლის მექანიზმების გამოყენება (გირვანქის მეათედის სიზუსტით) მავთულის დაჭიმულობის საკონტროლოდ. „მე ამ საკონტროლო პანელებს ჩვენი სახლის სარდაფში ვამზადებდი სადილის შემდეგ“, – იხსენებს ჯიმი.
2007 წელს, Toyota-ს წარმოების ეფექტიანობის სისტემის დანერგვით, კომპანიამ წუნდებული პროდუქციის წილის შემცირება 3%-დან 0.2%-მდე შეძლო. „ისეთი კონკურენტების გვერდით, როგორიც Martin-ი და Fender-ი არიან, რომლებიც მექსიკაში სიმებს უფრო დაბალი თვითღირებულებით აწარმოებენ, ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია დაბალი დანახარჯებით ვაწარმოოთ“, – ამბობს ჯიმი. 2008 წლის რეცესიის პირობებში, კომპანიამ ჩინეთში წარმოებული კომპონენტების მოცულობა 13%-დან 5%-მდე შეამცირა.
D’Addario ეფექტიანი წარმოების საიდუმლოებებს კომპანიების შეძენითაც იღებს. მის შენაძენებს შორის არიან: Evans Drumheads-ი, ProMark Drumsticks-ი და PureSound Percussion-ი, ასევე Rico Reeds-ი, რომლის შეძენა ასევე გერმანულ Pirastro-სა და ფრანგულ Vandoren-ს სურდათ. გიტარის სიმების სფეროში D’Addario კონკურენციას Ernie Ball-ს, Elixir Strings-სა და, რა თქმა უნდა, Martin-ს უწევს.
გასულ წელს, აშშ-ში, აქსესუარების გაყიდვის მოცულობამ 500 მილიონ დოლარს მიაღწია. მუსიკალური ინსტრუმენტების ბაზრის მოცულობასთან შედარებით, რომელიც 3,1 მილიარდ დოლარს შეადგენს, ეს უმნიშვნელო თანხაა. მაგრამ აქსესუარების ბაზრის სეგმენტი წელიწადში, საშუალოდ 5%-ით იზრდება. რატომ? „იმიტომ, რომ გიტარა, ვიოლინო და სხვა სიმებიანი საკრავები დღეს მაღალი ხარისხით მზადდება და ისე ხშირად ჩანაცვლებას აღარ საჭიროებს, – აცხადებს ჯო ლემონდი, მუსიკალურ მოვაჭრეთა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, – მაგრამ დასარტყამი ინსტრუმენტების ჯოხები, სიმები და სხვა აქსესუარები მაინც ხშირად გვჭირდება. ეს აქსესუარები ცვდება და მათი ხშირი ჩანაცვლება აუცილებელია“, – ამბობს იგი.
ერთადერთი, რაც, როგორც ჩანს, არ ცვდება, ოჯახის მენეჯმენტის ნიჭია. ჯონ III საოჯახო ბიზნესის 43 წლის ბიზნესმენი, ქარხანაში, პროდუქციის ლოგისტიკის მიმართულებით, ყოველ ზაფხულს მუშაობდა. რიჩმონდის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სადაც ბიზნესის სფეროში ხარისხი მიიღო, მან სამი წელი კოსმეტიკური საშუალებების დამამზადებელ კომპანიაში გაატარა და საბოლოოდ, მშობლიურ საოჯახო ბიზნესს, კომპანია D’Addario-ს, შეუერთდა, სადაც ინჟინერია, პროდუქციის განვითარება, საზოგადოებასთან ურთიერთობა და გაყიდვების ხელოვნება ისწავლა. (ბიზნესში, დაახლოებით ოჯახის 30 წარმომადგენელია ჩართული, როგორც მეწილეები, რომლებიც მათი წილის შესაბამის დივიდენდებს იღებენ, მაგრამ კომპანიის ლიდერთა რიგებში მხოლოდ რამდენიმე მათგანი არის ჩართული). „დღესდღეობით, როდესაც მე კომპანიის კარებს ყოველდღიურად ვაღებ, ვიცი, რომ გამადიდებელი შუშით მაკვირდებიან, – ამბობს ჯონ III – და ნებისმიერი უმნიშვნელო რამ, რასაც ვაკეთებ, დიდ ყურადღებას იპყრობს“.
J3-ს, როგორც მას შემოკლებით ეძახიან, თავისი მზერა მომავლისკენ აქვს მიპყრობილი. „მე ვხედავ ჩვენს კომპანიას, რომელიც ინვესტიციებს დროში, რესურსებსა და ახალ, მაღალი ხარისხის ნედლეულში ახორციელებს“, – ამბობს იგი. მაგალითად, რომელ ახალ ნედლეულში? ამ კითხვაზე პასუხი კი უკვე კომერციული საიდუმლოებაა.
(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ს ოქტომბრის ნომერში).
დატოვე კომენტარი