საქართველოს საპატიო კონსული ნიდერლანდებში კორნელიუს ჰაიბერტუს დე იაჰერი თბილისში, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, სათავეში უდგას რამდენიმემილიონიან სამშენებლო პროექტებს. მისი ქართველი მეუღლე ეკატერინე დე იაჰერ-მხეიძე კი ხშირად უწევს ორგანიზებას სხვადასხვა სახის კულტურული დღეების გამართვას ნიდერლანდებში საქართველოს კულტურისა და ისტორიის წარმოჩენისთვის. Forbes-ი ბატონ დე იაჰერს საქართველოში მის მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
JVG Real Estate Georgia, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ და რომელიც საქართველოში Dutch House Group (DHG Development)-ის სახელით მოქმედებს, ჰოლანდიური კომპანიის, JVA Realty Advisors-ის შვილობილი კომპანიაა. როდის მოხდა და რამ განაპირობა ჰოლანდიური საბროკერო და უძრავი ქონების კომპანიის დაინტერესება ქართული ბაზრით?
ნება მომეცით, საქართველოში ჩემი პირველი დღის შესახებ ერთი პატარა ისტორია მოგიყვეთ. პირველად საქართველოში 2002 წლის აპრილში ჩამოვედი, აი, მიწისძვრა რომ მოხდა მაშინ, გახსოვთ? იმავე დღეს საავტომობილო ავარიაში მოვყევით და მანქანა, რომელსაც შევეჯახეთ, ჰოლანდიის ელჩის ავტომობილი აღმოჩნდა. წარმოგიდგენიათ? თან ყოველივე ამას იმავე საღამოს მიწისძვრაც დაემატა. გავიფიქრე, ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს-მეთქი!
სერიოზულად კი 2005 წელს გიორგი აბრამიშვილმა (Dutch House Group-ის პარტნიორი) დამარწმუნა, რომ ბაგებში მიწის ნაკვეთი შემეძინა და დეველოპინგი დამეწყო. დღეს იმ კორპუსში შინაგან საქმეთა მინისტრი ცხოვრობს. არც ისე დიდი ხნის წინ მან თქვა, რომ ეს ყველაზე ლამაზი შენობაა ქალაქში. აი, ასე დაიწყო ყველაფერი 2005 წელს.
როგორ მოახერხა გიორგი აბრამიშვილმა თქვენი დაინტერესება?
მოგების მსხვილი მაჩვენებლებით.
JVG Real Estate Georgia-მ უკვე სამი პროექტი განახორციელა საქართველოში: საცხოვრებელი და კომერციული ფართის მშენებლობა ბაგებში, სავაჭრო ცენტრი ისანში და სასოფლო-სამეურნეო ბაზარი ბათუმში. თითოეული მათგანის ღირებულება მილიონს აჭარბებდა. იგეგმება საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა ყაზბეგსა და თბილისში (სოლოლაკში). სულ რა ოდენობის ინვესტიცია განახორციელა JVG Real Estate Georgia-მ?
კიდევ რამდენიმე სხვა პროექტიც გვაქვს, მაგრამ კონკურენციას არასოდეს სძინავს, ასე რომ, ჯერჯერობით, ვერ გეტყვით.
მთლიანად საქართველოში რა ოდენობის ინვესტიცია განახორციელეთ?
ვწუხვარ, მაგრამ ციფრებს ვერ დავასახელებ, იმას კი ვიტყვი, რომ ჩვენ აქ მილიონებთან გვაქვს საქმე და არა ასობით ათასებთან.
როგორ დაახასიათებდით და შეაფასებდით უძრავი ქონების ბაზარს საქართველოში?
როგორ შევაფასებდი მას? ყველა რაღაცას აკეთებს და არავითარი სტრუქტურა არ არსებობს. ეს დიდი გამოწვევაა. ბაზარი ფრაგმენტირებულია და მას არავითარი სტრუქტურა არ გააჩნია. ჩვენ, ფაქტობრივად, რელიგიასავით ვქადაგებთ სტრუქტურის არსებობის აუცილებლობას და ვამჩნევთ, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ხალხი გვისმენს. შემდეგი ათწლეულისთვის უამრავი შესაძლებლობებია და უამრავი გამოწვევები.
სწორედ ამას ეხება ჩემი შემდეგი შეკითხვა – 2014 წლის იანვარში, ჰოლანდიურმა კომპანია Wazzup-მა განაცხადა, რომ თავის წარმომადგენლობას ხსნიდა საქართველოში. თქვენ აქტიური მონაწილეობა მიიღეთ ამ გარიგებაში. ახლა ჩვენ უკვე გვაქვს ქართული უძრავი ქონების ბაზრის ვირტუალური ბაზა, რომელიც ხელმისაწვდომია რეალტორებისთვის, ბროკერებისა და კლიენტებისთვის მთელი მსოფლიოდან. თქვენი აზრით, როგორ შეუძლია საქართველოს საკუთარი უძრავი ქონების ბაზრის გლობალიზაციით სარგებლის მიღება? რატომ არის ის ასე მნიშვნელოვანი? რა მასშტაბის ინვესტიციების მოზიდვას შეძლებს ის?
გლობალიზაცია არ არის ის, რაზეც პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ. უპირველესი მნიშვნელობის ამოცანაა თვითონ ქართული ბაზრის სტრუქტურიზება. აქ საბაზრო მონაცემების დიდი ნაკლებობა შეინიშნება. ყველა რაღაცას ამბობს და ზუსტად არავინ არაფერი არ იცის.[S1] ჩვენ ვცდილობთ მონაცემების შეგროვებას პროფესიული ბაზრისთვის, იმისათვის, რომ ბაზრის უმეტეს ნაწილში, ფასებში უფრო მეტი გამჭვირვალობა იყოს. ჩვენ ამის გაკეთება პროფესიონალი რეალტორებისთვის ახალი პორტალისა და ახალი სისტემის შემოღებით გვსურს. ამით საბოლოოდ რასაც მივაღწევთ, ის გახლავთ, რომ როდესაც სწორი საბაზრო მონაცემები გვექნება, როდესაც მეტ გამჭვირვალობას მივაღწევთ, ეს ბაზრის სტაბილიზებას შეუწყობს ხელს, ეს ბაზარს უფრო მეტ სიმტკიცეს მიანიჭებს, ეს ნდობის ფაქტორს გაზრდის ამ ბაზრის მიმართ და ფინანსურ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს. როდესაც ბაზარი სტაბილურობას და გამჭვირვალობას შეიძენს, ბანკებისთვის ბევრად უფრო ადვილი იქნება მასში მონაწილეობის მიღება. საბოლოო ჯამში, ნაკლები რისკიდან გამომდინარე, ბანკების ტარიფებიც შემცირდება. ეს არის Wazzup-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი.
ეს იმდენად საერთაშორისო ბაზრისთვის არ კეთდება, რამდენადაც ადგილობრივი ბაზრისთვის, თუმცა პორტალით უცხოელებიც ისარგებლებენ.
საქართველოში 70-ზე მეტი რეალტორის ვებგვერდი არსებობს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის ზუსტი. ყველა მათგანს ერთნაირი მონაცემები აქვს და ისეთი ობიექტები უდევს, რომლებიც აღარ იყიდება…
მაშასადამე, მთავარი მიზანი მონაცემების სტრუქტურიზებაა?
დიახ, ამასთანავე, ექსკლუზივის სახით, ჩვენ რეალტორებთან მუშაობას ვიწყებთ. ამისათვის დაფუძნდა საქართველოს რეალტორთა ასოციაცია. ჩვენ ასევე ვამუშავებთ ყველა რეალტორისთვის საერთო ქცევის კოდექსს, რომელსაც საფუძვლად საერთაშორისო წესები დაედება. კონკურენტებმა ერთად უნდა იმუშაონ, თუ უფრო სტრუქტურული ბაზრის ჩამოყალიბება სურთ.
წელს, თქვენი ორგანიზებით, ფორუმი იგეგმება, სადაც საქართველოს სამრეწველო პერსპექტივებს განიხილავენ. რა იმედებს ამყარებთ ამ ღონისძიებაზე?
ჩვენ ორგანიზებას ვუკეთებთ მასტერკლასს, რომელიც ალბათ ამ წლის ბოლო მეოთხედში ჩატარდება და, რა თქმა უნდა, მთავარი თემა საქართველო იქნება. რაც შეეხება ჩემს ძირითად მიზნებს, მათზე საუბარი მიძნელდება, რადგან იდეებით სავსე ვარ. ჩემი მიზანია, ამ ბაზარს უფრო მეტი პროფესიული თვისებები შევძინო. მსურს აღვნიშნო, რომ მთავრობა ძლიერ მხარდაჭერას გვიცხადებს. ისინი ნამდვილად დიდ დახმარებას გვიწევენ ინვესტორების მოზიდვის საქმეში და განსაკუთრებით, ფინანსური კომპანიების დასაინტერესებლად, რათა უფრო მეტი ფინანსური პროექტები განხორციელდეს, რადგანაც აქაურობის უდიდესი პრობლემა სწორედ ამაში მდგომარეობს – აქ შეგიძლია მიიღო დაფინანსება 30-50 მილიონი და უფრო მეტი დოლარის ღირებულების პროექტებისთვის, მაშინ, როდესაც $5- და $10-მილიონიანი პროექტებისთვის დაფინანსების მოპოვება შეუძლებელია. ან შენი საკუთარი კაპიტალით უნდა იმუშაო, ან აღმაშფოთებელი პროცენტები იხადო.
გარდა უძრავი ქონებისა, პერსპექტივაში, ჰოლანდიასა და საქართველოს შორის რა ბიზნესკავშირების დამყარება იგეგმება? რა სფეროები შეიძლება აღმოჩნდეს მეტად მიმზიდველი ჰოლანდიელი ინვესტორებისთვის?
ჰოლანდიელმა ბიზნესმენებმა სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების განხორციელების სურვილი გამოთქვეს, რადგან ამ სფეროს განვითარებას პერსპექტივა აქვს. მე დიდი ცოდნა არ გამაჩნია ამ დარგში, მაგრამ არსებობს კომპანიები, რომლებმაც ნამდვილად გამოიჩინეს ინტერესი. ჩვენი ძალისხმევის შედეგად ორმა კომპანიამ კვლევის პროცესი წამოიწყო, მათ განსაკუთრებით სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოების განვითარება აინტერესებთ. ჩვენ ერთმანეთთან ქართული და ჰოლანდიური კომპანიები დავაკავშირეთ. გარდა ამისა, რამდენიმე კომპანია ენერგეტიკული ბიზნესით დაინტერესდა.
როცა ჰოლანდიური ბიზნესიდან ინვესტიციების მოზიდვას ცდილობთ, როგორ ახდენთ საქართველოს პოზიციონირებას?
მე მათ ჩემს ამბავს ვუყვები, ვცდილობ, მოვიზიდო ისინი, მაგრამ ძალიან ძნელია აქ ხალხის ჩამოყვანა, თუნდაც 2008 წელს შექმნილი მდგომარეობის გამო, უკრაინის გამო, ფინანსური კრიზისის მიზეზით, რაც გლობალური პრობლემაა. ძნელია, მაგრამ ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ, იმიტომ რომ, მჯერა, აქ არის ბაზარი. ვფიქრობ, ქართველი ხალხი თავისუფლების მოყვარული, ევროპულად მოაზროვნე ხალხია, თანაც მთავრობაც ყველანაირად ცდილობს თანამშრომლობას და ყველა სახის დახმარების გაწევას. საქართველოს მსოფლიოში კარგად არ იცნობენ და ეს ბარიერია. პოტენციური ინვესტორები ამბობენ, რომ საქართველო განვითარებადი ბაზარია. მართალია, მისი მდებარეობა ძალიან საინტერესოა, მაგრამ ამასთან ერთად არსებობს პოტენციური რისკი. ჩვენ ვუხსნით მათ, რომ პოტენციური რისკი ძალიან დაბალია, რომ უმსხვილესი ქვეყნების საელჩოებია გახსნილი ქვეყანაში, რაც უსაფრთხოების მაჩვენებელია.
თქვენ მონაწილეობას იღებდით არაერთ საქველმოქმედო, თუ სოციალურ პროექტში. გვიამბეთ თქვენს აქტივობაზე ამ მიმართულებით.
ჩვენ ვეხმარებით რამდენიმე საქველმოქმედო პროექტს; ჩემი მეუღლე ჰოლანდიური ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო, რომელიც ორგანიზებას უწევდა საქართველოს კულტურის დღეებს ნიდერლანდებში. მოეწყო ქართული ღვინის დღეები. ქართველმა ინტელექტუალებმა – მწერლებმა და ხელოვნების მოღვაწეებმა – საკუთარი ნამუშევრები გააცნეს ჰოლანდიელებს. ამ პრეზენტაციებს ორასამდე ადამიანი დაესწრო. 2008 წელს ვცდილობდით ახალი სკოლა (პროფესიული სასწავლებელი) გაგვეხსნა ხელოსნებისთვის. მაშინ მთავრობის მხრიდან მხარდაჭერა ცოტათი დაგვაკლდა. 2 მილიონ ლარზე მეტი მოვაგროვეთ ამ სკოლისთვის. საქართველოს მთავრობას მხოლოდ შენობას ვთხოვდით. ჩვენ ვუთხარით, რომ დანარჩენს ყველაფერს ჩვენ გავაკეთებდით, მაგრამ პროექტი არ შედგა.
ვინაიდან თქვენ და თქვენი მეუღლე, ქალბატონი ეკატერინე დე იაჰერ-მხეიძე, ხშირად უწევთ ორგანიზებას სხვადასხვა სახის კულტურული დღეების გამართვას ნიდერლანდებში, როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია ქვეყნისათვის კულტურის „არამატერიალური აქტივის“ ექსპორტით მონეტარიზება? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენი აზრით, აქვს თუ არა კულტურულ ინტეგრაციას ეკონომიკური შედეგი?
ჩემი აზრით, მარტო წმინდა, ცივი ბიზნესი არანაირ შედეგს არ გამოიღებს. არ არსებობს მხოლოდ ფულადი ურთიერთობა ადამიანებს შორის – კულტურაც აუცილებელია. რაიმე სახის სოციალური გარემოა საჭირო იმისათვის, რომ მოხდეს ნამდვილი ინტერაქცია სხვადასხვა ჯგუფს შორის. ასეთია ჩემი რწმენა.
დატოვე კომენტარი