საქართველოს საპენსიო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული აგვისტოს თვის საინვესტიციო საქმიანობის შედეგების თანახმად, არსებული საპენსიო დანაზოგების თითქმის 75% მაღალრისკიან პორტფელში განთავსდა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ მიღებული კანონი მოქალაქეებს საკუთარი საპენსიო დანაზოგების სასურველი რისკის მქონე პორტფელში განთავსების უფლებას 6 სექტემბრამდე აძლევდა. ვადის გასვლის შემდეგ კი მოქალაქეების საპენსიო დანაზოგები საქართველოს საპენსიო სააგენტომ მათი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით შესაბამისი რისკის მქონე პორტფელში თავად განათავსა.
საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებული ანგარიშის თანახმად, 3.9 მილიარდი ლარის საპენსიო დანაზოგებიდან 2.9 მილიარდი ლარი მაღალრისკიან საინვესტიციო პორტფელში განთავსდა.
ცნობისთვის, საპენსიო სააგენტო პორტფელების რისკიანობას სამ კატეგორიად ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ყოფს. 40 წლამდე ასაკის მოქალაქეების საპენსიო დანაზოგები ავტომატურად მაღალრისკიან საინვესტიციო პორტფელში, 40-50 წლის ასაკის მოქალაქეების დანაზოგები საშუალორისკიან საინვესტიციო პორტფელში, ხოლო 50< ასაკის მოქალაქეების საპენსიო დანაზოგები კი ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელებში თავსდება.
საშუალორისკიანი საინვესტიციო პორტფელის მოცულობა, ანგარიშის მიხედვით, 582 მილიონ ლარს, დაბალრისკიანი პორტფელის მოცულობა კი 329 მილიონ ლარს შეადგენს.