ალბათ ბევრს არ სმენია, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ვაზის ქართული ჯიში საფერავი – ამერიკაში, კერძოდ ნიუ-იორკის შტატის ფინგერ-ლეიქსის რეგიონში ხარობს. 1950-იან წლებში ის ცნობილ და საპატიო მეღვინეს, დოქტორ კონსტანტინ ფრანკს ჩაუტანია და ვენახებიც გაუშენებია. ამ ყველაფერს Forbes Georgia-ს მკითხველი ალბათ ვერ გაიგებდა, რომ არა ლაშა ცატავა, რომელმაც საფერავის პოპულარიზებისთვის ორგანიზაცია Saperica ანუ Saperavi for America პარტნიორებთან ერთად დააფუძნა და საფერავის პირველი ფესტივალიც ჩაატარა. ორგანიზაციის მიზანია საფერავისა და ყურძნის სხვა ქართული ჯიშების, ასევე ქართული გასტრონომიისა და კულტურის პოპულარიზაცია როგორც ამ რეგიონში, ისე ნიუ-იორკის შტატსა და მთლიანად აშშ-ში. ლაშა ცატავა ამბობს, რომ საფერავს რეალური შანსი აქვს, რეგიონის პრემიალური წითელი ყურძნის სახეობა გახდეს. ამ კუთხით Saperica-ს გეგმებზე თავად გვიყვება. თუმცა, ვიდრე მასთან ინტერვიუს წარმოგიდგენთ, რამდენიმე სიტყვით თავად ლაშაზეც მოგიყვებით. იგი წარმოშობით საქართველოდანაა. ცხოვრების დიდი ნაწილი,1998 წლიდან, ამერიკაში აქვს გატარებული – ძირითადად ფინანსურ მგეგმავად (financial planner) და ბიზნესმენეჯერად მუშაობდა. ღვინო კი მისთვის დამატებით საქმიანობად და ინტერესის სფეროდ იქცა.
ლაშა, სად იწყება თქვენი და ღვინის ურთიერთობის ისტორია?
ჩემი ღვინის ისტორია საწყისს ალბათ ბავშვობიდან იღებს. აფხაზეთში გავიზარდე და შაბათ-კვირას ბებია-ბაბუასთან, სოფელ მერხეულში ვრჩებოდი. ბებია-ბაბუას საკმაოდ დიდი მამული ჰქონდათ პატარა ვენახით, მარნით, ხილის ბაღით, ბოსტნით და შინაური ცხოველ-ფრინველებით. ასე რომ, საოჯახო რთველში მონაწილეობა, ღვინის დაწურვა, მარნის სუნი, ოჯახის ღვინო, ბებოს სულგუნის გემო ბავშვობიდან მომყვება, თუმცა ბოლო 7-8 წლის წინ ღვინოზე ბევრი არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა, რომ ყველა ქართველივით ზოგადად მიყვარდა ღვინო.
თუმცა ღვინის სიყვარულის ვულკანი ერთ დღეს მიღებულმა კომპლიმენტმა გამოიწვია. ჩემი მეგობარი, რომელიც მეტ-ნაკლებად გარკვეულია ღვინის ავკარგიანობაში, თბილისის ერთ-ერთ ბარში ღვინის შესაფასებლად მივიყვანე. როდესაც მისგან ღვინის აღწერა მოვისმინე, ცხოვრებაში პირველად, მეც სურნელის აღწერა დავამატე, ჩემი მეგობარი დამეთანხმა და შემაქო. სწორედ ამ დროს გამიელვა აზრმა, რომ კარგი იქნებოდა, ღვინის შესახებ მეტი მცოდნოდა. ამიტომაც, დავბრუნდი თუ არა ბოსტონში, მოვიძიე უმარტივესი საწყისი კურსი ბოსტონის ღვინის სკოლაში და მას შემდეგ ღვინის შესწავლის მორევში ვარ. ბოსტონის ღვინის სკოლაში პირველივე წელს გავიცანი ერიკა ფრაი, რომელიც ქართული ღვინისა და ფინგერ-ლეიქსის რეგიონის დაუღალავი ადვოკატია. სწორედ მასთან ერთად დავაფუძნე Saperica-ც. ბოსტონის ღვინის სკოლის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ინდუსტრია ძალიან მომწონდა და გადავწყვიტე, ბოსტონის უნივერსიტეტში არსებულ ელიზაბეტ ბიშოფის ღვინის პროგრამაც გამევლო, ამის შემდეგ WSET-ის (The Wine & Spirit Education Trust) დიპლომიც ავიღე. ასევე დამთავრებული მაქვს Italian Wine Maestro-ს პროგრამა და ფრანგული ღვინის მკვლევარიც ვარ. გარდა ამისა, 2019 წლიდან – ბოსტონის სომელიეთა საზოგადოების ერთ-ერთი დირექტორი, ხოლო მიმდინარე წლის აგვისტოდან ნიუ-იორკში, მანჰეტენზე არსებული რესტორნის Chama Mama-ს ღვინის დირექტორ-კონსულტანტიც გავხდი.
ამ შვიდი წლის პერიოდში როდის გაჩნდა Saperica-ს შექმნის იდეა? რამ მიგიყვანათ ამ გადაწყვეტილებამდე?
ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე მიზეზმა მიგვიყვანა. საერთოდ ფინგერ-ლეიქსის რეგიონის შესახებ პირველად ერიკა ფრაისგან შევიტყვე და მისი პირადი კონტაქტების მეშვეობით მნიშვნელოვანი კავშირები დავამყარეთ იმ მეღვინეობებთან, რომლებსაც საფერავი და რქაწითელი მოჰყავთ.
ყველაფერი კი 2021 წლის ივლისში დაიწყო, როდესაც ფინგერ-ლეიქსის რეგიონში, დოქტორ კონსტანტინ ფრანკის მეღვინეობას და მის შვილთაშვილს, მეგან ფრანკს ვესტუმრე. მოჯადოებული დავრჩი გარიჟრაჟზე შატო ფრანკიდან დანახული ვენახების ხედით, განსაკუთრებით რქაწითელის ვენახის ფონზე. დოქტორ ფრანკის შექმნილი მეღვინეობა ფინგერ-ლეიქსის რეგიონში გამორჩეულია და მისი დამსახურებაა, რომ დღეს ამ რეგიონსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ამერიკაში ვიტის ვინიფერა ხარობს. ამის შესახებ ბევრმა ამერიკელმაც ჯერ კიდევ არაფერი იცის. Saperica-ს და ჩვენი თანამოაზრეების მიზანია, ეს ამბავი მხოლოდ ამერიკელებისთვის კი არა, ქართველებისთვისაც გავხადოთ ცნობილი.
როგორც მეგან ფრანკისგან შევიტყვე, მიუხედავად იმისა, რომ საფერავი 60 წელზე მეტია, ფინგერ-ლეიქსის რეგიონში ხარობს, მის მიმართ ინტერესმა განსაკუთრებით მხოლოდ ბოლო ათწლეულში იმატა. 2014 წლამდე საფერავი ამერიკული უწყების TTB-ის (Alcohol and Tobacco Tax and Trade Bureau) მიერ არ იყო აღიარებული, რის გამოც საფერავის მწარმოებლებს უფლება არ ჰქონდათ, ეტიკეტზე დასახელება „საფერავი“ დაეტანათ. თუმცა შემდეგ მომზადდა შესაბამისი პეტიცია და მიმართვა, რამაც გაამართლა. TTB-ის ნებართვამ უდიდესი შესაძლებლობა გაუხსნა როგორც ფინგერ-ლეიქსს, ასევე მის შემოგარენში მცხოვრებ იმ მეღვინეებს, რომლებიც საფერავს აშენებენ და აწარმოებენ. შედეგად საფერავის მიმართ ინტერესმაც იმატა და გვსურს, რომ ამ ინტერესის ზრდას და საფერავის პოპულარიზაციას ჩვენც შევუწყოთ ხელი.
კიდევ ერთი მიზეზია საფერავის როლი ფინგერ-ლეიქსის რეგიონულ ჭრილში. კერძოდ, ისეთი ცივი კლიმატის პირობებშიც, როგორიც ამ რეგიონშია, ერთ-ერთი ადგილობრივი ვაზის სანერგე მეურნეობის მფლობელის მრავალწლიანი დაკვირვებით, საფერავი სტაბილურად ხარისხიან მოსავალს 10 წელიწადში 7-8-ჯერ იძლევა. ასევე მისი მჟავიანობა, არომატი, შაქრიანობა და ტანინების რაოდენობა არაფრით ჩამოუვარდება, თუ არ სჯობს რეგიონში უფრო პოპულარულ სხვა წითელ ჯიშებს. ეს ის უპირატესობაა, რომლის გამოც საფერავს აქვს რეალური პოტენციალი, გახდეს რეგიონის მთავარი წითელი ჯიშის ყურძენი. ამ ეტაპზე, ფინგერ-ლეიქსში ასეთ ჯიშად კაბერნე ფრანი ითვლება, რომელიც ბევრად პოპულარულია, თუმცა 10 წელიწადში დაახლოებით 4-5-ჯერ იძლევა ხარისხიან მოსავალს და საფერავთან შედარებით, უფრო გვიან მწიფდება. აქ ძალიან კარგად იკვეთება საფერავის უპირატესობა. ამიტომ ჩვენ აუცილებლად უნდა მივეშველოთ ამ ქართულ ჯიშს, რათა მეტად დამკვიდრდეს როგორც ამ რეგიონში, ისე ნიუ-იორკის შტატში, შემდგომ ჩრდილო-აღმოსვლეთ ამერიკაში და საბოლოოდ ამერიკის მთელ ტერიტორიაზე.
ეს იყო ალბათ Saperica-ს მიერ ორგანიზებული პირველი ფესტივალის მთავარი მიზანიც. რა შედეგებით დაასრულეთ ღონისძიება?
ამ ფესტივალით გვინდოდა, შეგვექმნა ახალი ტრადიციის დამკვიდრების პრეცედენტი – ყოველწლიური ღონისძიება. ეს შევძელით, ვინაიდან უკვე მოგვდის შეკითხვები შემდეგი ფესტივალის თარიღთან დაკავშირებით. ინფორმაცია რეგიონშიც გავრცელდა, ამაში ხელს დოქტორ ფრანკის მეღვინეობაც გვიწყობს, რომელიც აქ ავტორიტეტულად და პრესტიჟულად ითვლება და მას მიმდევრებიც ჰყავს. ფაქტი, რომ საფერავის ფესტივალი მათი მხარდაჭერით იმართება, ინტერესს ზრდის. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველწლიური საფერავის ფესტივალის ტრადიციას საფუძველი ჩაეყარა. ასევე, თუ აქამდე არც მომხმარებელს და არც მწარმოებელს არ ჰქონდა წარმოდგენა, რომ რეგიონში საფერავის მწარმოებლების ბირთვი არსებობს და საფერავის უკან ამხელა კულტურა და ისტორია დგას, ახლა ასე აღარ არის.
ქართველი მწარმოებლებიც იყვნენ ფესტივალზე?
საქართველოდან მხოლოდ ერთი მწარმოებელი იყო ჩამოსული. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო საფერავის შვიდმა ამერიკელმა მწარმოებელმა ნიუ-იორკის, მასაჩუსეტსისა და ორეგონის შტატებიდან. ასევე შვიდ ადგილობრივ იმპორტიორს ქართული მხარე ჰქონდა წარმოდგენილი, რომლებმაც საფერავისა და რქაწითელის საკმაოდ ვრცელი პორტფოლიო გაგვიზიარეს.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ იმ დონეზე, რომ ეს ფესტივალი ქართველი მწარმოებლის პლატფორმა იყოს, რომლის მეშვეობითაც ქართული ღვინის გაყიდვა დაიწყება ამერიკაში. თუმცა გვინდა, მსგავსი ღონისძიება ნიუ-იორკშიც ჩავატაროთ, სადაც იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს მოვიზიდავთ. ეს უკვე საინტერესო იქნება ქართველი მწარმოებლებისთვისაც. ასეთი ფესტივალის დიდ ქალაქში ჩატარება უფრო მეტად მოიზიდავს იმ ხალხს, ვისაც შეეძლება, ქართველ მეღვინეებს გაყიდვებში ხელი შეუწყონ. ჩვენი ფესტივალი კი უფრო მეტად მიმართულია რეგიონში საფერავის მიმართ ინტერესის გაღვივებისკენ.
ამ ორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილი გაქვთ ფინგერ-ლეიქსსა და საქართველოს შორის გაცვლითი პროგრამების ორგანიზება. როგორ აპირებთ მხარეების დაკავშირებას? რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავთ?
არაერთი ნაბიჯი გვაქვს დაგეგმილი. ამასთან, გვაქვს YouTube-ის არხი, სადაც საფერავის შესახებ საგანმანათლებლო სემინარებს ვაქვეყნებთ. გარდა ამისა, მაგალითად, ცოტა ხნის წინ ვეწვიეთ კორნელის უნივერსიტეტს ქართული ღვინისა და კულტურის შესახებ სემინარების ჩასატარებლად.
მომავალი წლიდან საქართველოს ღვინის სააგენტოც ერთვება Saperica-ს ფინანსურ მხარდაჭერაში და აპრილის ბოლოს საქართველოში ფინგერ-ლეიქსიდან ღვინისა და კულინარიული ინდუსტრიის პროფესიონალების ჯგუფის ჩამოყვანა გვაქვს დაგეგმილი. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც გარკვეული ინტერესი აქვთ, რომ საფერავისა და ქართული გასტრონომიის პოპულარიზაციას ხელი შეუწყონ ფინგერ-ლეიქსის რეგიონში და არამარტო.
ამ პროფესიონალთა ჯგუფს უნდა მივცეთ ინსპირაცია, რომ თავად აირჩიონ, რა ელემენტების შემოტანა სურთ ქართული გასტრონომიიდან ფინგერ-ლეიქსის რეგიონში. ამ კუთხით ერთ-ერთი ინიციატივა, რომელსაც ვახორციელებთ, ჩურჩხელას უკავშირდება. Chama Mama-ს გუნდმა უკვე დაამზადა რიზლინგის და კაბერნე სავინიონის ჩურჩხელები, რომლებიც დოქტორ კონსტანტინ ფრანკის მეღვინეობის „ჰოლიდეი მარკეტზე“ წარმოვადგინეთ. ასევე ჩაატარეს ჩურჩხელების ამოვლების მასტერკლასი. სხვათა შორის, ამ მარკეტზე დასასწრები ბილეთები ერთ დღეში გაიყიდა. ჩვენ გვსურს, დავანახოთ ფინგერ -ლეიქსის რეგიონს, რომ ყველა ღვინის ბოთლთან ერთად შესაძლოა, მათი ტურისტული მიზიდულობის ერთ-ერთ ატრიბუტად ჩურჩხელაც იქცეს. ეს კულტურა რომ შემოვიდეს, ვფიქრობ, ძალიან ლამაზი ახალი ტრადიცია დამკვიდრდება. დოქტორ ფრანკის მეღვინეობა ამით დაინტერესებულია. თუმცა ჩვენ გვინდა, რომ დაინტერესება მთლიანად რეგიონში გავაჩინოთ.
ამასთან, ვაპირებთ, შევქმნათ საფერავის ერთგვარი საინფორმაციო ჰაბი – „საფერავის ბილიკი“. ეს უნდა იყოს ცალკე ვებგვერდი, ციფრული რუკა, რომელიც პოტენციურად ფინგერ-ლეიქსით დაინტერესებულ ტურისტს გამოადგება, ვინაიდან ამ ბილიკის დახმარებით ისინი რეგიონში საფერავის მწარმოებლებს გაეცნობიან. თუმცა ნაწილობრივ ამ პროექტის განსახორციელებლად ფინანსების მოზიდვაზე ვართ დამოკიდებული, რათა ვიდეომასალები შევქმნათ და ონლაინინფრასტრუქტურა სწორად განვავითაროთ.
ქართული ღვინის საექსპორტო შესაძლებლობებზეც რომ ვისაუბროთ. ამერიკის ბაზარზე მიმდინარე წლის ათ თვეში $4,4 მლნ-ის ღვინო გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 10.8%-ით მეტია. როგორ უნდა უზრუნველვყოთ ღვინის ექსპორტის სტაბილური ზრდა აშშ-ში და მწარმოებლებმა რა ტიპის ღვინოებზე უნდა გააკეთონ აქცენტი, რათა ამ უდიდეს ბაზარზე მოხვდნენ?
ტენდენცია მზარდია, თუმცა ამერიკის ბაზრის მოცულობიდან გამომდინარე – ძალიან მცირე. ანუ პოტენციალი ჯერ კიდევ ძალიან დიდია. ამასთან, მე ჯერ არ მეგულება მსხვილი დისტრიბუტორი, რომელსაც ქართული ღვინო ჰქონდეს თავის პორტფოლიოში. ამიტომაც ქართული ღვინის გაყიდვები ძირითადად პატარა და საშუალო ზომის დისტრიბუტორების ხარჯზე იზრდება და, შესაბამისად, ექსპორტზე მოთხოვნაც მატულობს. ქართული ღვინის ექსპორტის გასაზრდელად რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი.
თუ რაოდენობებსა და ბაზრის გაკვალვაზეა საუბარი, ერთ-ერთ გზად ვხედავ, რომ ეს უნდა იყოს სწორი შეფუთვის მქონე, სტრატეგიული საფასო სეგმენტის შესაბამისად ხარისხიანი ღვინო, საშუალო ან მსხვილი მწარმოებლებისგან, რომლებსაც აქვთ საშუალება, ერთი ყურძნის ჯიშიდან სამი სტილის ღვინო შესთავაზონ მომხმარებელს: უჟანგავ ჭურჭელში დამზადებული, მუხის კასრში დავარგებული და ქვევრის ღვინო.
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხის ფასთან მიმართების გათვალისწინებაც. სარეკომენდაციო საწყისი საფასო სეგმენტია $15-$20, სადაც ამერიკელი მომხმარებელი უფრო იოლად სინჯავს ახალ ღვინოს. თუმცა ამ საფასო სეგმენტშიც გასათვალისწინებელია, რომ მსხვილ დისტრიბუტორებსაც არ უღირთ, რომ ღვინო დიდი რაოდენობით შეისყიდონ, თუ ამის უკან მასშტაბური სარეკლამო კამპანია არ დგას.
გარდა ამისა, ჩვენ ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ყურძნის ჯიშების სახელები, ქისის გარდა, ამერიკელისთვის მარტივი წარმოსათქმელი ან დასამახსოვრებელი არ არის, ამიტომ ღვინის ბრენდის დასახელება უნდა იყოს მარტივი. ასევე, საინტერესოდ უნდა იყოს წარმოჩენილი ამ ღვინისა და ბრენდის ინდივიდუალური, კარგად მოთხრობილი ისტორიაც, რაც ამერიკელ მომხმარებელს მეტ წარმოდგენას უქმნის მისთვის უცნობ რეგიონთან და ღვინოსთან მიმართებით. ზოგადად ამერიკელი მომხმარებელი უპირატესობას მისთვის კარგად ნაცნობი რეგიონების ღვინოებს ანიჭებს, სადაც ნამყოფია და იცის ისტორია. საქართველოში კი ბევრი ამერიკელი არაა ნამყოფი.
რა შეიძლება ქართული ღვინის უპირატესობა იყოს ამერიკის ბაზარზე?
ქართული ღვინის სიდიადე და განსხვავებულობა 8000 წლის ისტორიისა და ყურძნის ჯიშური მრავალფეროვნების გარდა, მისი სტილისტიკური ნაირფეროვნებაა. ამერიკელი და ზოგადად მსოფლიო მომხმარებელი ძირითადად ღვინოს იცნობს ორი სახით დაყენებულს: უჟანგავ ჭურჭელში ან კიდევ მუხის კასრში. ჩვენ კი ვთავაზობთ ქვევრის ღვინოსაც – რაც უკვე მესამე ალტერნატივაა. ამას სხვა ტრადიციული ქვეყნების მწარმოებლები ამერიკულ ბაზარს ვერ სთავაზობენ, ამიტომაც ეს ქართული ღვინის ერთ-ერთი უპირატესობაა. თუმცა საჭიროა, რაოდენობაც დიდი იყოს, ვინაიდან მსხვილი ამერიკული დისტრიბუტორები პოტენციალს ამ მხრივაც უყურებენ. ვიმედოვნებთ, რომ Saperica თავის როლს ითამაშებს საფერავის პოპულარიზაციაში, რაც, თავის მხრივ, საქართველოდან ამერიკაში იმპორტის ზრდის ტენდენციას უფრო გაამყარებს.
დატოვე კომენტარი