საქართველოს საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემა განახლდება.
ანგარიშსწორების განახლებული სისტემით დამატებით შესაძლებელი იქნება ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის ჩართვა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ყველა მონაწილისათვის მომსახურების გაწევა, საქართველოში ყველა ტიპის ფასიანი ქაღალდის (კერძო კომპანიების მიერ გამოშვებული ობლიგაციების და აქციების ჩათვლით) რეგისტრაცია და ანგარიშსწორება. სრულად ავტომატიზებული იქნება ამ სისტემაში რეგისტრირებული კერძო ფასიანი ქაღალდის გამოშვების, დაფარვის, ყიდვა- გაყიდვის, რეპოს, კუპონისა და დივიდენდის ანგარიშსწორების ოპერაციები, ასევე მათი დაგირავება ეროვნულ ბანკში და/ან ბაზრის პროფესიონალ მონაწილეებს შორის. სავაჭრო სისტემებთან (საფონდო ბირჟისა და ბლუმბერგის სავაჭრო სისტემებთან) ინტეგრაციის შედეგად, ავტომატიზირებული იქნება ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისა და ანგარიშსწორების სრული ციკლი.
პროექტი განხორციელდება ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და საერთაშორისო დეპოზიტარი „ქლიარსტრიმის“ (Clearstream) კონსულტანტებთან თანამშრომლობით და მისი ძირითადი ნაწილის დანერგავა 2018 წლის ბოლოსთვის არის გათვალისწინებული.
დატოვე კომენტარი