საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, ქვეყანა უკრაინას ასობით ერთეულ მოძველებულ (თუმცა ფუნქციურ) ჯავშანტექნიკასა და მიწა-ჰაერის ტიპის ახალ რაკეტებს გაუგზავნის. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გამზადების მითითება მან პრეზიდენტ მაკრონისაგან მას შემდეგ მიიღო, რაც ის უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. მითითება უკრაინისათვის მოძველებული, თუმცა ფუნქციური ფრანგული სამხედრო ტექნიკის გამოყოფას ითვალისწინებდა.
„უკრაინული არმია იცავს ძალიან გრძელ ფრონტის ხაზს, რაც დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკას მოითხოვს. ჯავშანტექნიკა სამხედროების მობილობისთვის აუცილებელი ელემენტია და უკრაინის მოთხოვნების ერთ-ერთ მთავარ ნაწილს წარმოადგენს“, – განმარტა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.
საუბარია ასობით VAB (Véhicule de l’Avant Blindé)-ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებზე, რომლებიც საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებს 1979 წლიდან ემსახურება. აღნიშნული ტექნიკა უკრაინას 2024-2025 წლებში მიეწოდება.
გარდა ამისა, საფრანგეთი უკრაინას ახალ, Aster 30-ის ტიპის მიწა-ჰაერის კლასის რაკეტებს მიაწვდის, რომლებიც SAMP/T-ის ტიპის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემისთვისაა განკუთვნილი. Aster 30-ს რაკეტების, საბრძოლო თვითმფრინავებისა და დრონების გადაჭერა 120 კილომეტრზე შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინაში ფრანგი სამხედროების გაგზავნის ინიციატივა გააჟღერა, თუმცა ევროპელი კოლეგების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.