გასული კვირის დასაწყისიდან საფრანგეთი საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ქვეყნის მასშტაბით არეულობების შესაფასებლად, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 200-ზე მეტ მერთან შეხვედრა ჩანიშნა, პარალელურად კი, საფრანგეთის ქალაქებში პატრულირებაც გააძლიერა.
საფრანგეთში არეულობები პოლიციის ოფიცრის მიერ დედაქალაქში, 17 წლის ალჟირელი მოზარდისთვის, ნიჰელისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენებას მოჰყვა. Medef-ის მონაცემებით, დემონსტრაციების შედეგად საფრანგეთში ბიზნესი $1.1 მილიარდით დაზარალდა: გაძარცვულია 200-მდე ბიზნესი, ბანკის 300-მდე ფილიალი და თამბაქოს 230-მდე მაღაზია დანგრეული. აღსანიშნავია, რომ ხარჯთაღრიცხვა მოიცავს მხოლოდ ბიზნესის, და არა სკოლების, მერიისა და სხვა საზოგადოებრივი ცენტრების დაზიანების ხარჯებს.
ოპოზიციის შეფასებით, საფრანგეთში შექმნილი კრიზისი მტკიცებულებაა იმისა, რომ მთავრობა ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოება. თავად მაკრონი, მხარდაჭერის ნიშნად პოლიციასა და მეხანძრეებს უკვე შეხვდა, მოგვიანებით კი, სიტუაციის განსახილველად, 200-ზე მეტი დაზარალებული ქალაქის მერთან შეხვედრასაც გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ დემონსტრაციებისას დაკავებულთა რიცხვმა 3,500-ს მიაღწია. ყველაზე მეტი, დაახლოებით 1,300 ადამიანი, მხოლოდ პარასკევს დააკავეს. ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით, 45,000-მდე პოლიციელია მობილიზებული.