საფრანგეთის დიდი შემობრუნება

საფრანგეთის დიდი შემობრუნება

აიღეთ ცენტრისტი პრეზიდენტი მანდატითა და კერძო სექტორის გამოცდილებით, დაუმატეთ მას ქვეყნის წამყვანი ტენქოლოგიური მილიარდერი, რომელსაც მსოფლიოში საუკეთესო ინკუბატორი აქვს, და შთამბეჭდავი პოტენციალიც სახეზეა: შეძლებენ ისინი, ევროპის სტაჟიანი ეკონომიკური მაჩანჩალა გადასახადების შემკვეც, სამუშაო ადგილების შემქმნელ ანტრეპრენიორულ სათბურად აქციონ?

მსოფლიოში ყველაზე მსხვილ სტარტაპ-ინკუბატორს ყოფილი სატვირთო რკინიგზის სადგურში 366,000 კვადრატული ფუტი უკავია. ამ თითქმის საუკუნოვან შენობაში 3,000 ახალბედა, პერსპექტიული ანტრეპრენიორი ფულს დახარბებული ჭიანჭველებივით დაფუსფუსებს. ვენჩურ-კაპიტალის 30-ზე მეტი ფირმა, დაწყებული Accel Partners-ით, Index Ventures-ით დამთავრებული, წელიწადში $6,100-ის ტოლფას საწევროს იხდის, რათა ინვესტიციების ადგილზევე განხორციელების პრივილეგია მოიპოვოს. Facebook-სა და Microsoft-ს საგანგებო პროგრამები აქვთ იმ კომპანიების გამოსაცდელად, რომლებიც მერე შეიძლება, იყიდონ; Amazon-ი და Google-ი ტალანტის აღმოჩენაზე არიან კონცენტრირებულნი.

ინკუბატორის დათვალიერებისას, იქ ჯეფ კუნსის $20-მილიონიან ინსტალაციასაც წააწყდები, ჰაერში გამოკიდებულ კუბისებრ შეხვედრის ოთახებსაც და ჩაბნელებულ “სარელაქსაციო ზონასაც”, სადაც გადაღლილი პროგრამისტები ისვენებენ. “ხალხი აქ ხანდახან იძინებს”, – ამბობს ინკუბატორის მმართველი, კალიფორნიელი როქსანა ვარზა, და საილუსტრაციოდ ერთ-ერთ ფარდას გადასწევს, ზუსტად ამ მდგომარეობაში მყოფი ქალი რომ გვაჩვენოს.

ასეა თუ ისე, ყველაზე შთამბეჭდავი კომპონენტი ამ კომპლექსის მიწისქვეშა ტერიტორიაა, რომელიც Station F-ის სახელით არის ცნობილი. F, ამ შემთხვევაში, საფრანგეთს – France-ს – აღნიშნავს… პროექტს პარიზში უდევს ბინა – იმ ქვეყნის დედაქალაქში, რომელიც იმდენადვეა ცნობილი მუდმივი გაფიცვებით, 35-საათიანი სამუშაო კვირებითა და ძვირი სამუშაო ძალით, რამდენადაც ეიფელის კოშკითა და ტარტინით. საფრანგეთში სახელფასო გადასახადები 42%-ს შეადგენს, შრომითი უფლებები კი ისეთი ჩახლართულია, წითელ, 3,000-გვერდიან ტომშია ცალკე გაწერილი, რომელსაც “შრომის კოდექსი” ჰქვია. წლების განმავლობაში, ცოტა დასავლური დემოკრატია თუ ყოფილა უფრო არაკეთილგანწყობილი ანტრეპრენიორობისა და ზრდისადმი, როგორიც საფრანგეთია.

Station F-ს, რომელიც ერთი წლის წინ გაიხსნა, სიახლეების სუნი უდის და პოპულარული ნარატივის საპირისპირო მსუყე ალტერნატივას გვთავაზობს. “ოცდაათი ან ორმოცი წელია, ცვლილებებზე რეაგირების კლასიკურ ფორმად საფრანგეთში იმის მტკიცება გვევლინება, რომ ჩვენ ცვლილებებს წინააღმდეგობას გავუწევთ”, – ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი Forbes-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში. მსოფლიომ ინტერესი გასულ წელს გამოიჩინა, როცა მაკრონი, 39 წლის ასაკში, საფრანგეთში ყველაზე ახალგაზრდა არჩეულ პრეზიდენტად იქცა. მაგრამ მის ასაკზე უფრო მნიშვნელოვანი მისი წარსულია: პოლიტიკამდე მაკრონს სამ წელზე მეტი Rothschild-ში, საინვესტიციო ბანკირად აქვს გატარებული და, გარდა ამისა, საგანმანათლებლო სტარტაპის შექმნაც უცდია. ფრანგი პოლიტიკოსები, შირაკით დაწყებული, ოლანდით დამთავრებული, რეფორმებს მხოლოდ თეორიულად თუ სწყალობდნენ – საბოლოოდ, ვერ უძლებდნენ ცვლილებათა მოძულე პენსიონერებისა და ახლომხედველი პროფკავშირების წნეხს. მაკრონს საქმის არსი ესმის და, ცვლილებების პრაქტიკაში გატარებით, შეიძლება ითქვას, მთელ თავის პრეზიდენტობას რისკის ქვეშ აყენებს. “სავარაუდოდ, პირველი კვირების ან თვეების განმავლობაში ზოგიერთ მათგანს გაფიცვათა ორგანიზება მოუნდება. ამიტომ ჩვენც ორგანიზება გვმართებს, – ამბობს პრეზიდენტი. – მაგრამ მე არც შეველევი და არც შევამსუბუქებ რეფორმირების ამბიციას, იმიტომ რომ, სხვა არჩევანი არა გვაქვს”.

პრეზიდენტის დადგენილებათა მეშვეობით, მაკრონმა მალევე შეძლო მთელი რიგი ახალი შრომითი კანონების გატარება, რომლებიც აადვილებს პერსონალის სამსახურში აყვანას… და განთავისუფლებას. წამალი ცოტათი ტკბილი რომ გაეხადა, მან $18 მილიარდი მომდევნო ხუთ წელზე გაწერილ პროფესიულ გადამზადებაში ჩადო, უმუშევრობის დაზღვევა კი თვითდასაქმებულებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებზეც განავრცო, რომელთა რიცხვი საფრანგეთში სულ უფრო იზრდება. ის ენერგიულად ამცირებს სიმდიდრის, კაპიტალური მოგებებისა და მშრომელთა კომპენსაციების გადასახადებს და “ყველაფერს ამარტივებს”.

რამდენად შორს წავა მაკრონი? ის Forbes-ს უმხელს, რომ მომავალ წელს განზრახული აქვს, საბოლოოდ დაუსვას წერტილი საფრანგეთის ავად სახელგანთქმულ “გამგზავრების გადასახადს” – იმ ანტრეპრენიორებისთვის დაკისრებულ 30%-ს, რომლებიც ფულის გაკეთებას საფრანგეთის საზღვრებს მიღმა ცდილობენ. ეს გადაწყვეტილება უზარმაზარი სტიმული იქნება, უცხოელებმა ბიზნესი საფრანგეთში დაიწყონ, საფრანგეთის მოქალაქეებმა კი სხვაგან. ამ ნაბიჯით, პრეზიდენტი მაკრონი პრეზიდენტ ტრამპის საპირისპირო მიმართულებით მიდის – ეს უკანასკნელი საზეიმოდ დაემუქრა საზღვარგარეთ გაფართოებულ ამერიკულ კომპანიებს, ხოლო მათ, ვინც ქვეყანაში დარჩენას არჩევს, სუბსიდიებს დაჰპირდა.

“ადამიანებს აქვთ უფლება, სადაც უნდათ, იქ დააბანდონ ფული, – ამბობს მაკრონი. – დაქორწინებას რომ აპირებ, არ ეუბნები საკუთარ პარტნიორს, თუ დავქორწინდებით, არ გექნება უფლება, გამშორდეო. არ მგონია, ეს საყვარელი ქალბატონის ან კაცის გულის მოგების საუკეთესო გზა იყოს. ამდენად, მე დაქორწინებისა და განქორწინების თავისუფლებას ვემხრობი”.

ეს საღი პოლიტიკა მეტად დროულიც არის. დემოგრაფიულად, ამ თაობის ფარგლებში, საფრანგეთი გერმანიას გაუსწრებს და ევროპის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონად იქცევა; თანაც, ეს თაობა განათლებული ხალხია – კონტინენტზე ერთ-ერთ ყველაზე განათლებულებად მიჩნეული, რასაც მთელი რიგი ელიტური საინჟინრო სკოლები ემატება. “ზრდის თვალსაზრისით, საფრანგეთი უაღრესად კარგად არის პოზიციონირებული”, – ამბობს ManpowerGroup-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯონას პრაიზინგი. მეორე მხრივ, კონკურენციას არასწორი მიმართულებით აქვს გეზი აღებული: ბრექსიტის წინაშე აღმოჩენილი ბრიტანეთი განაგრძობს თანამედროვე ეკონომიკის ისტორიაში იმ ყველაზე დიდი ჭრილობის გაღრმავებას, რომელიც თვითდაზიანებით იქნა მიღებული. მერკელი, თავისი დასუსტებული კოალიციის გამო, პოლიტიკურად კვლავ დაკოჭლებულია. და, მართალია, ტრამპი ძლიერი ამერიკული ეკონომიკის შესახებ მამლაყინწობს, მის პროტექციონისტულ სავაჭრო პოლიტიკას მეტი აქვს საერთო სმუტსა და ჰოლისთან, ვიდრე რეიგანსა და კლინტონთან.

მაკრონომიკას შედეგები უკვე გამოიღო: იანვარში მისი შრომითი რეფორმების დამტკიცებისთანავე, ფრანგულმა ვაჭრობის გიგანტმა Carrefour-მა და ავტომწარმოებელმა Groupe PSA-მ 4,600 სამუშაო ადგილის შემცირების შესახებ გვაუწყეს. ბუნებრივია, არც გაფიცვებმა დააყოვნა. მაგრამ იმავე პერიოდში უცხოურმა ორგანიზაციებმა, მაკრონის ეკონომიკური მრჩევლების თქმით, $12.2 მილიარდამდე ახალი ინვესტიციების შესახებ გააკეთეს განაცხადება. Disney-ს $2.4 მილიარდი აქვს გამოყოფილი Disneyland Paris-ის გაფართოებისთვის. გერმანული SAP-ი $2.4 მილიარდს აბანდებს კვლევისა და განვითარების ცენტრებსა და სტარტაპ-აქსელერატორებში; Facebook-ი და Google-ი ფრანგული კაპიტალის აქტიურ ძიებაში არიან, 150 ახალი სპეციალისტი რომ დაიქირაონ ხელოვნური ინტელექტის სფეროში.

საფრანგეთში სტარტაპების ცხოვრებაც უმჯობესდება. მაშინ როცა ბრექსიტის ირგვლივ არსებული გაურკვევლობა ლონდონის ვენჩურ-კაპიტალს ძირს უთხრის, ფრანგულმა ფონდებმა, ბაზრის კვლევის ფირმა Dealroom-ის უახლესი მონაცემების თანახმად, პირველად არსებობის მანძილზე, შარშან მეტი კაპიტალი მოიზიდეს, ვიდრე დანარჩენმა ევროპამ. იანვარში, ლას-ვეგასის Consumer Electronics Show-ზე, ფრანგული სტარტაპები უცხოელებს შორის უმრავლესობას წარმოადგენდნენ და მხოლოდ ექვსი სტარტაპით თუ ჩამორჩებოდნენ ამერიკულებს.

პერსპექტივა კვლავ მნიშვნელოვანია. 2017-ში საფრანგეთში მხოლოდ სამი $1 მილიარდად შეფასებული სტარტაპი იყო, მაშინ როცა ბრიტანეთს – 22, აშშ-ს კი 105 ე.წ. ზღაპრული მარტორქა ჰყავდა. რთულია, ათწლეულებზე გაწელილ კულტურულ ანტიანტრეპრენიორულ სულისკვეთებას უმალ დაესვას წერტილი. მაგრამ ცვლილებებისთვის ხელსაყრელი ინგრედიენტები უკვე მოიპოვება. “ქვეყნები, რომლებსაც ძალიან ნელებად ვთვლით, ახლა ათჯერ უფრო სწრაფი ტემპებით მიდიან წინ, ვიდრე ჩვენ”, – ამბობს Cisco-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ჩემბერსი, რომლის ძალისხმევითაც – ვიდრე 2015-ში თანამდებობას დატოვებდა – ფრანგულ სტარტაპებში $200 მილიონის ინვესტიცია ჩაიღვარა. საფრანგეთს “სწორ დროს სწორი ლიდერი ჰყავს”, – ამატებს ჩემბერსი. ლონდონელი ინვესტორი სოლ კლაინი (რომელმაც, ამას წინათ, წარმატებული ბრიტანული სტარტაპის, Deliveroo-ს შვილობილში დააბანდა კაპიტალი, რომელიც, თავის მხრივ, მზარდ ფრანგულ ბაზარზე გავიდა სანადიროდ) აღნიშნავს, რომ მის ოფისთან პარიზისკენ მიმავალი სარკინიგზო სერვისი Eurostar-ი იმდენად ახლოა, ფეხითაც მიხვალ: პარიზი “უფრო ახლოა, ვიდრე ედინბურგი ან დუბლინი”.

 

ტექნოლოგიურ ეპოქაში, საფრანგეთი არაერთი “დაკარგული თაობის” მომსწრე შეიქნა. თუ გეიტსმა, ჯობსმა და ელისონმა მასკი, ბეზოსი და ცუკერბერგი დაბადეს, საფრანგეთის ანტრეპრენიორულმა ტალანტმა, ადგილობრივი შესაძლებლობებისთვის თვალის შევლების შემდეგ, კალიფორნიის ბილეთი დაჯავშნა და ამერიკელებისთვის შეუდგა მუშაობას. დაახლოებით 60,000 საფრანგეთის მოქალაქე სილიკონის ხეობაში მუშაობს – უფრო მეტი, ვიდრე ბრიტანეთის, გერმანიის ან ევროპის რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეები.

თუმცა ერთი მნიშვნელოვანი გამონაკლისიც არსებობს: ქსავიე ნიელი – საფრანგეთის მერვე უმდიდრესი კაცი, რომლის ქონება $8.1 მილიარდად არის შეფასებული. ქვეყნის 40 მილიარდერს სიმდიდრის ორი ძირითადი წყარო აქვს: ფუფუნება/ვაჭრობა ან მემკვიდრეობით მიღებული ქონება (ან, ბევრის შემთხვევაში, ორივე). ნიელი ერთადერთია, რომლის ფესვებიც ინტერნეტში შეგვიძლია, ვეძიოთ. რამდენადაც საქმე საფრანგეთს ეხება, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მისი თავდაპირველი მიმართულება სიყვარული იყო… გნებავთ – ინტერნეტ-ტერმინებით თუ ვიტყვით – პორნო. ფრანგული ტელეკომუნიკაციების მონოპოლიის წყალობით, საფრანგეთი ერთ-ერთი პირველი გახლდათ, ვინც 1980-იანების ინტერნეტის წინაპარს ეზიარა. 17 წლის ჰაკერმა, ნიელმა, მეორე სატელეფონო ხაზის დამონტაჟების მიზნით, მამის ხელმოწერა გააყალბა და, ფსევდონიმით, სექსზე კონცენტრირებული ვირტუალური ოთახი შექმნა. უკვე 24 წლის ასაკში, ონლაინ საგამომცემლო კომპანია $300,000-ზე მეტად გაყიდა, ხოლო 1994-ში, როცა World Wide Web-ი ფეხს იკიდებდა, მან Worldnet-ი ჩაუშვა – პირველი მეინსტრიმული ინტერნეტსერვისი საფრანგეთში, და, ჟურნალების მეშვეობით, მილიონობით დამაკავშირებელი მოწყობილობების უფასო დისტრიბუცია დაიწყო – ისევე, როგორც შეერთებულ შტატებში ამას სტივ კეისი AOL-ით აკეთებდა. კეისის მსგავსად, ნიელსაც უნაკლოდ შეერჩია დრო: 2000-ში, ზუსტად დოტ-კომის ბუშტის გასკლეცამდე, Worldnet-ი $50 მილიონზე მეტად გაყიდა.

მაგრამ თუ ასეთი ბიოგრაფია სილიკონის ხეობაში ნიელს გმირად აქცევდა, საფრანგეთში, თავისი საშუალო ფენის სოციალური სტატუსითა და ფორმალური განათლების დეფიციტით, ის ფრანგმა ბიზნესმენებმა არ მიიღეს. “ხალხს ანტრეპრენიორები მაინცდამაინც არ უყვარდა, – ამბობს კონფერენცია LeWeb-ის დამფუძნებელი ლოიქ ლე მერი, რომელმაც სილიკონის ხეობაში გახიზვნამდე საფრანგეთში რამდენიმე ტექნოლოგიური კომპანია წამოიწყო. – წარმატებას თუ აღწევდი, ამის გამო არავინ გაქებდა. უფრო პრობლემად აღგიქვამდნენ”. ნიელს პორნოკრატს უწოდებდნენ, აღმასრულებლები კი მასთან ერთად საჯაროდ გამოჩენაზე უარს ამბობდნენ. ამ საკითხზე საუბარი დიდად არ უყვარს. “ცუდი რაღაცები ერთბაშად დამავიწყდა”, – ამბობს იმ პერიოდის შესახებ. მაგრამ მაშინ მშვენივრად ჰქონდა მორგებული მეკობრის მანტია და რაღაც მომენტში მილიარდებიც კი გააკეთა ტელეკომუნიკაციების პროვაიდერ Iliad-ის მეშვეობით, რომელიც, თავისი ფასებგანახევრებული კონტრაქტებით, ბოლო ათწლეულია, საფრანგეთის გაქვავებულ მობილურ ინდუსტრიას გარკვეულ ფორმას აძლევს.

2013-ში, ფანტასტიკურად მდიდარმა ნიელმა $400 მილიონი Iliad-ის აქციათა 3%-ის გაყიდვით იშოვა, შემდეგ კი საფრანგეთში მისი ჯიშის ანტრეპრენიორების გამოყვანას შეუდგა. თუ რეალური ცვლილება საფრანგეთში პოლიტიკური ხელმძღვანელობის გარეშე შეუძლებელია, მაშინ ისიც უნდა ვთქვათ, რომ სამთავრობო პოლიტიკა ვერაფერს შეცვლის, კერძო სექტორი თუ არ იქნება რეაგირებისთვის მზად. ნიელის სახით, მაკრონმა მზამზარეული პარტნიორი იპოვა. საგულისხმოა ნიელის პირველი დიდი გასავალიც: $57 მილიონი, რათა შექმნილიყო 42 – უფასო, არაკომერციული სკოლა პარიზში, სადაც 3,500 მოსწავლეს პროგრამირება აქვს ნასწავლი, ხოლო მათგან 40%-ს სკოლა არც კი დაუმთავრებია. “42 ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი რამ იყო, რაც კი ოდესმე მინახავს”, – ამბობს პროდუქტიულობის გაუმჯობესების აპლიკაცია Evernote-ის თანადამფუძნებელი ფილ ლიბინი (2016-ში, 42-ის წარმატებით შეგულიანებულმა ნიელმა ამ სკოლის გაცილებით დიდი ფილიალი გახსნა სან-ფრანცისკოსთან, ფრემონტში; რაც შეეხება სკოლის სახელწოდებას, ის დაგლას ადამსის ხუმრობას ეფუძნება, რომ “პასუხი სიცოცხლის, სამყაროს შესახებ და საერთოდ ყოველგვარ კითხვაზე 42-ია”).

შემდეგ ნიელმა უკვე Kima Ventures-ი ჩაუშვა – სტარტაპების დაფინანსების მიზნითა და მთავარი ფოკუსით საფრანგეთზე, ხოლო მის მმართველად M&A-ს ყოფილი მრჩეველი, ჟან დე ლა როშბროშარი დანიშნა. დე ლა როშბროშარი მალევე შემოვიდა წინადადებით, მეტი ფული უფრო ნაკლებ სტარტაპში დაებანდებინათ და მოგებიანებზე ორმაგი ძალისხმევით ეზრუნათ – წინადადებაზე ნიელმა უყოყმანოდ თქვა უარი: “არ მჭირდება მეტი ფული. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მაგარია, სასარგებლოა და სხვა არავინ აკეთებს”. Kima-ს დღეს პრეტენზია აქვს, მსოფლიოში ყველაზე აქტიური ე.წ. ანგელოზი ფონდი იყოს: Pitchbook-ის თანახმად, ბოლო რვა წელიწადში მას 518 ინვესტიცია აქვს განხორციელებული. დე ლა როშბროშარის თქმით, ნიელს წელიწადში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ თუ ხედავს, მაგრამ მას მუდმივად ეკონტაქტება, ხანდახან ბიზნესსკოლის აუდიტორიას სთხოვს ხოლმე, ნიელს ი-მეილი მისწერონ და ნახონ, ორი საათის განმავლობაში თუ უპასუხებს. “ყოველ ჯერზე პასუხობს”, – ამბობს დე ლა როშბროშარი.

ასობით ფრანგული ინვესტიცია ერთ დროს აბსურდული პერსპექტივა იქნებოდა მუშაობის არმოსურნეთა სამსახურში ჩამდგარი, ჭარბად პროტექციონისტული კანონების ქვეყანაში. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სრულიად მოუქნელი კანონების გამო, პარიზში ბინის იჯარით აღებაც კი ბრძოლას უდრის; თუ ანტრეპრენიორი ან სტარტაპის თანამშრომელი ხართ და გაკლიათ ქაღალდის ნაგლეჯი, რომელიც ადასტურებს, რომ საფრანგეთის ერთ-ერთ წმინდა კონტრაქტზე – სრულ განაკვეთზე დასაქმების ხელშეკრულებაზე – ხელი გაქვთ მოწერილი, შესაძლოა, ბინის ქირაობა ძალიან გაგიჯანჯლდეთ, და ეს საკმაოდ ხშირად ხდება. დაქირავებულებს, სამსახურიდან წასვლა თუ უნდათ, დამქირავებლებს თითქმის ორი თვით ადრე უნდა აცნობონ ამის შესახებ, დამქირავებლებს კი, მეორე მხრივ, მათდამი წნეხად ქცეული ლოიალობა მართებთ. სულ ახლახან, მაკრონის ინაუგურაციამდე რამდენიმე თვით ადრე, საფრანგეთმა მიიღო “კავშირის გაწყვეტის უფლება”, რომელიც დაქირავებულებს ლეგალური მანდატით – და წახალისებით – უზრუნველყოფს, იგნორირება გაუკეთონ გვიან ღამე მოსულ ი-მეილებს.

გარდა ამისა, საფრანგეთში არავითარი ცენტრი არ იყო ანტრეპრენიორული აქტივობისთვის. ამასთან ყველაზე მიახლოებული, რასაც კი პარიზში ნახავდით, სანტიე გახლდათ – მოდის უბანი, სადაც ვაჭრობის შესუსტებული პერსპექტივები სივრცეთა მოკლევადიან დაქირავებას ხდიდა შესაძლებელს. ეს ნგრევის პირას მისული ვიწრო სივრცეები უფრო ხასიათს ქმნიდნენ, ვიდრე სინერგიას.

დაახლოებით ამ პერიოდში ნიელმა ვარზა გაიცნო – ახალგაზრდა კალიფორნიელი, რომელიც საფრანგეთში Microsoft-ის სტარტაპ-პროგრამას, Bizspark-ს ხელმძღვანელობდა. 2013 წლის ივლისში ნიელმა მას ი-მეილი გაუგზავნა, subject-ში “Bonjour Roxanne” ჩაწერა და შესთავაზა, მსოფლიოში საუკეთესო სტარტაპ-სივრცეებს თუ მოიძიებ, თანხას მე გამოვალო. ვარზამ ნიელს ფოტოები და შენიშვნები გაუგზავნა, ამ უკანასკნელმა კი ეს ი-მეილი თავის არქიტექტორს, ჟან-მიშელ ვილმოტს დაუფორვარდა და სთხოვა, საუკეთესო მხარეები კიდევ უფრო დაეხვეწა.

ნიელი ერთადერთი დამფინანსებელია. მან $300 მილიონზე მეტი დახარჯა Station F-ისა და ახლომდებარე ბინათა სამი კომპლექსის ასაშენებლად, რომელსაც 600 ანტრეპრენიორის დატევა შეუძლია. კიდევ “რამდენიმე ასეული [მილიონი]” იქვე ხუთვარსკვლავიანი და ეკონომიური სასტუმროს მშენებლობისთვის გაიღო. “ეს სრული ქველმოქმედებაა, – ამბობს ჯეფ კუნსის ფერად ნამუშევართან მდგომი, რომელსაც რეზიდენტმა ანტრეპრენიორებმა “ზღაპრული მარტორქის ყაყა” შეარქვეს. – ეს საჩუქარია”.

Station F-ში მოსახვედრად, სტარტაპებს განაცხადი 32 თემატური პროგრამიდან ერთ-ერთზე შეაქვთ: Microsoft-ი ხელოვნური ინტელექტის ათ სტარტაპს იყვანს, Facebook-ი – მონაცემთა 15 სტარტაპს და ა.შ. “მათ სტარტაპთან წვდომის საშუალება მიეცათ, ჩვენ – მათ მონაცემებთან”, – ამბობს ჯანმრთელობის ციფრული დაზღვევის ანტრეპრენიორი ჟან-შარლ სამუელიანი, რომელმაც, როგორც ეს ამ აპრილს გახდა ცნობილი, Facebook-ის ამ პროგრამას $28 მილიონი მოუზიდა. საკუთრივ Station F-ის პროგრამაზე დაახლოებით 4,000-მა სტარტაპმა შეიტანა განაცხადი 50 ქვეყნიდან; 200 მიიღეს.

მთელი ამ აქტივობის ფონზე, ინვესტორები გარშემო დაფუსფუსებენ, სერვისის პროვაიდერები ყველაფერს აკეთებენ, გადაზიდვებით დაწყებული, 3-D ბეჭდვით დასრულებული, ხოლო საფრანგეთის მთავრობამ რაღაც კონსიერჟის სივრცის მსგავსი შექმნა, სადაც ანტრეპრენიორები იოლად და სწრაფად კვეთენ ჭარბი ბიუროკრატიის საზღვრებს, ბიზნესის ლიცენზია და საგადასახადო ბლანკები ერთსა და იმავე ადგილას რომ მოიპოვონ. “ეს ისეთ ამერიკულ რესტორანს ჰგავს, მანქანიდან გადმოუსვლელად რომ იღებ მომსახურებას”, – ამბობს ტონი ფედელი – Apple-ის ლეგენდარული აღმასრულებელი, რომლის დახმარებითაც iPod-ი გამოიგონეს. სწორედ იმ პერიოდში, მეორე მნიშვნელოვანი საქმის სახით, ფედელმა დააფუძნა და გაყიდა ($3.2 მილიარდად) თერმოსტატის კომპანია Nest-ი, მერე კი, 2016-ში, ცხოვრების მესამე მსხვილი საქმისათვის, ის ოჯახთან ერთად პარიზში გადავიდა. ფედელი სრულიად ახლებური ტიპის ექსპატრიანტია; ის Station F-ში არის ჩართული და სტარტაპებში კაპიტალს აბანდებს და ფრანგულის არცოდნა ოდნადავაც არ უქმნის დაბრკოლებებს. ამავენაირად, Evernote-ის ლიბინსაც გადაწყვეტილი აქვს, ევროპული სტარტაპის სახელოსნო Station F-იდან დააფუძნოს: “არის ამ კულტურაში რაღაც ისეთი, რაც ნამდვილად გამორჩეულ ინდივიდებს აღმოაცენებს”.

 

როცა კამერების ჩხაკუნისა და უხვად შეკრებილი ხალხის ლაქლაქის ხმებს Station F-ში, მისი გახსნის დღეს, ექო გაჰქონდათ, მუქ კოსტიუმში გამოწყობილმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე ახალ და წარმატებულ ანტრეპრენიორს, ანტუან მარტენს, ჰკითხა, როგორ შეძლო ადგილმდებარეობის გამკვალავი Zenly-ს შექმნა, რომელიც ის-ისაა, Snap-ისთვის $213 მილიონად მიეყიდა. ეს არ იყო ადვილი, – აუხსნა მარტენმა ფრანგულად, – რაღაც მომენტში მთელი ბიზნესის შემობრუნება (pivot) მოუხდა.

“შემობრუნება?” – სიტყვა გააწყვეტინა პრეზიდენტმა.

ნიელმა, რომელიც ახლომახლო იდგა, უმალ განმარტა საქმის არსი. ეს კი იმიტომ გახდა საჭირო, რომ “შემობრუნება”-ს (pivot) ფრანგულში მხოლოდ ფიზიკური მოძრაობის კონოტაცია აქვს და არა ბიზნესსტრატეგიის შეცვლისა. ნახევარ საათში, როცა მაკრონი Station F-ის მთავარი ბინადრების – ასობით სტარტაპის დამფუძნებლისა და პროგრამული ინჟინრის – და მათ ხელში მომარჯვებული ტელეფონების წინაშე წარდგა, მოჰყვა ისტორიას, თუ როგორ დაჰპირდა ცოლს სამი წლის წინ, ანტრეპრენიორი გავხდებიო. მაგრამ რაღაც-რაღაცები შეიცვალა.

“Je pivote le business model”, – თქვა და აუდიტორიაში სიცილი და მხიარულება გამოიწვია.

მაკრონი ცალსახად სწრაფია ახალი ცოდნის ათვისებაში. და აშკარად იცის, როგორ უნდა შეცვალოს სტრატეგია ანუ იცის pivot, ეს კი მას აძლევს შანსს, გააკეთოს ის, რაც მისმა წინამორბედებმა ვერ შეძლეს.

ექიმების ვაჟი და იმ უნივერსიტეტების პროდუქტი, სადაც საფრანგეთის მმართველი ელიტა იწრთობა, მაკრონი იმგვარი ისტებლიშმენტური ნდობით სარგებლობს, ნიელს რომ არასდროს ჰქონია. კარიერის ადრეულ ეტაპზე ის პოლ რიკერის ასისტენტად მუშაობდა – ფრანგი ფილოსოფოსისა, რომლის ცხოვრების საქმე ექსტრემალურად დაპირისპირებულ შეხედულებათა შორის ბალანსის პოვნაში მდგომარეობდა. ამ გამოცდილებით აღჭურვილმა, მაკრონმა Rothschild-ში ბანკირად დაიწყო მუშაობა, სადაც 34 წლის ასაკში უკვე $3 მილიონზე მეტი გამოიმუშავა: სამომხმარებლო ნაწარმის შვეიცარიულ გიგანტ Nestlé-ს კონსულტირებას უწევდა, როცა ეს უკანასკნელი Pfizer-ს ბავშვთა კვების ბიზნესში $11.8 მილიარდს სთავაზობდა; მეტიც, მაკრონმა ამ საქმეს ფრანგული Danone-იც კი ჩამოაშორა. შემდეგ ის სოციალისტური მთავრობის მმართველ გუნდს შეუერთდა, რომელსაც ფრანსუა ოლანდი ხელმძღვანელობდა.

თავიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გენერალური მდივნის მოადგილე იყო, მაგრამ 2014-ში ეკონომიკის მინისტრად დაასახელეს და სწორედ მაშინ დაიწყო იმ რეფორმათა ადრეული ვერსიების გატარება, დღეს რომ ბოლომდე მიჰყავს. ამ ორი სახელმწიფო ვალდებულების შუალედში, საგანმანათლებლო სტარტაპის შექმნაზე დაიწყო მუშაობა. “ვფიქრობ, ანტრეპრენიორებისა და რისკიანი ხალხის საკმაოდ კარგად მესმის”, – ამბობს პრეზიდენტი.

მაკრონმა თავისი ხანმოკლე სახელმწიფო საქმიანობა ეფექტიანად გამოიყენა. “აინტერესებდა, რა ხდიდა სილიკონის ხეობას ასეთ წარმატებულს”, ამბობს ჩემბერსი და იმ სადილს იხსენებს, მაკრონისა და ფრანგული სტარტაპების დამფუძნებლებისთვის რომ გამართა პალო-ალტოში. საუბრობდნენ, რატომ დაეკარგა ბოსტონის Route 128-ს ტექნოლოგიური ცენტრის გვირგვინი და რატომ დაედგა ის თავზე სან-ფრანცისკოს ყურის ოლქს. “სწავლობდა. ისრუტავდა ინფორმაციას”.

მაკრონმა პოლიტიკური პარტია En Marche-ი იმ “ბლოკადის” აღმოსაფხვრელად დააფუძნა, რომელიც საფრანგეთის წინსვლას უშლის ხელს. მალევე აღმოაჩინა, რომ საოცრად იღბლიან პოზიციაში იყო. მის ცენტრისტულ პლატფორმას მემარცხენე-მემარჯვენე პოლიტიკურ უძრაობაში გარკვეული ძვრები შეაქვს, რაც მას საშუალებას აძლევს, ვთქვათ, შრომითი ბაზრის რეფორმა გაატაროს და, ამავე დროს, მოწყვლადი ფენების სუბსიდირებას მიჰყოს ხელი. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის და მისი საკანონმდებლო უმრავლესობა 2022-მდე სათავეში იქნებიან, მას შეუძლია, გრძელვადიანი გადაწყვეტილებები მიიღოს ისევე, როგორც ამას მარადიული პრეზიდენტები – მაგალითად, ჩინეთის სი და რუსეთის პუტინი – აკეთებენ ხოლმე, მაგრამ დასავლელი კაპიტალისტისთვის დამახასიათებელი დემოკრატიული, თავისუფალი ბაზრის იდეალებით.

მაკრონის დასავლური კაპიტალიზმი – თვისება, რომელიც მისი ვაშინგტონური ვიზიტის დროს ყურადღების მიღმა არავის დარჩენია – მისი და პრეზიდენტ ტრამპის ურთიერთობაში ბუნებრივ ურთიერთსიმპათიებს აჩენს. “მისი პიროვნული თვისებები ჩემთვის სრულიად გასაგებია, – ამბობს მაკრონი. – თუ მას გამრიგებლის ამპლუაში აღიქვამ, რასაც წარმოადგენს კიდეც, ყველაფერი ძალიან ლოგიკური ხდება. სწორედ ამიტომ მომწონს ის… სწორედ აქ დამეხმარა მნიშვნელოვანწილად ბიზნესმენის წარსული”.

მაგრამ ამ ორის ბიზნესწარსული საკმაოდ განსხვავებულია. ტრამპის უძრავი ქონების გარიგებებს მუდამ თან ახლდა მე-ვიგებ-შენ-აგებ-ტიპის ეთოსი მაშინ, როცა მაკრონს, ბანკირის რანგში, კოალიციების ხელშეწყობა უწევდა. “ჩვენ განსხვავებული ხედვა გვაქვს მიმდინარე გლობალიზაციის ფილოსოფიისა და კონცეფციების თვალსაზრისით”, – ამბობს მაკრონი. ამას კი თავის სასიკეთოდ იყენებს. მას მერე, რაც შარშან ტრამპმა განახლებადი ენერგიისთვის ზურგის შექცევა იწყო, მაკრონმა ამაზე საჯაროდ მოახდინა კაპიტალიზაცია – მწვანე ტექნოლოგიის ანტრეპრენიორებს საფრანგეთში სთხოვა დაბრუნება და ირონიულად აღნიშნა, “დავუბრუნოთ ჩვენს პლანეტას მწვანე დიდება”. თანამდევი 1,822 საგრანტო აპლიკაციის ორი მესამედი შეერთებული შტატებიდან მიიღეს. “თუ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობ, სადაც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სტრატეგია მკაფიო არ არის, ეს არაერთი სტარტაპისთვის დიდ პრობლემად იქცევა”, – ამბობს მაკრონი, რომელიც არანაკლებ სიტყვაუხვი იყო ბრიტანული ფინანსური ფირმების შემოტყუების თაობაზე. საფრანგეთს განზრახული აქვს, ამ სფეროებში პროაქტიური იყოს.

 

 თუ SATION F-ი ფრანგული ანტრეპრენიორობის რენესანსს წარმოადგენს, მაშინ სადილის დრო Station F-ში უკვე მოსალოდნელი დაბრკოლებების ილუსტრაციას იძლევა. იქაურობა “საღამოს 7 საათისთვის ცარიელდება”, – ამბობს კარენ კო, რომელიც პარიზში ბიზნესადმინისტრირების მაგისტრატურისთვის (M.B.A.) ჩავიდა, ახლა კი ნიელის გიგანტურ ინკუბატორში მზრუნველობის სახლებისთვის განკუთვნილი მონაცემთა ანალიზის სტარტაპის მართვაში იღებს მონაწილეობს. “8 საათისთვის აქაურობა, პრაქტიკულად, მოჩვენებათა ქალაქს ემსგავსება”. ამასობაში კი პარიზში მდებარე Inbound Capital-ის დევიდ შერმონი აღნიშნავს (და ის ნამდვილად ერთადერთი სტარტაპ-მრჩეველია, ვინც ასეთ რამეს ამბობს): “ხალხი უნდა შეეშვას სტარტაპებზე ფანტაზიორობას. ეს ძალიან რთულია. დასაძინებლად წასულს, თავში ისევ საქმეები გიტრიალებს”.

ჰკითხეთ ნებისმიერ ადამიანს ფრანგულ სტარტაპში და ის გეტყვით, რომ კულტურული და სახელმწიფო ჩვეულებები რჯულზე უმტკიცესია. როცა გასულ წელს ანტონ სულიემ პარიზში Mission Food-ი შეიტანა, ყველაფერი ერთობ იოლად მიდიოდა. მაგრამ შემდეგ ფოსტით გადასახადი მოვიდა. მის საკვების ადგილზე მიტანის სტარტაპს თითქმის $2,000 უნდა გადაეხადა დასაქმების გადასახადის სახით… და ეს მმაშინ, როცა ერთი ადამიანიც კი არ ჰყავდა დაქირავებული. “სიგიჟეა”, – ამბობს ის. საფრანგეთში დე ფაქტო ლეგალური გადასახადი არსებობს და, ამ ყოვლად ჩახლართულ რეგულაციებში ნავიგაციის მიზნით, ყველა სტარტაპს კარგი იურისტი სჭირდება, წელიწადში, თავის მხრივ, $30,000-ზე მეტს რომ საჭიროებს. როცა ახალბედა კომპანიები, ბოლო-ბოლო, პერსონალს ქირაობენ, სხვადასხვა შენატანის წესდების გამო, ყოველი თანამშრომლის სახელფასო ხარჯი ორმაგდება. ცალკე უნარია ხელფასის ამსახველი საბუთების გაფიშვრა, რომლის 25 ხაზზე გამოქვითვები და რიცხვებია დატანილი.

პრეზიდენტ მაკრონის თქმით, ის ამ საკითხზე მუშაობს. “ფაქტობრივად, ვსპობთ ჩვენი ანტრეპრენიორებისთვის დაწესებულ არაერთ პატარა გადასახადს”, – ამბობს ის. მაგრამ ზოგი ანტრეპრენიორი სკეპტიკურადაა განწყობილი და თვლის, რომ აჟიოტაჟი რომ ჩაცხრება, ცვლილებების განხორციელება, შესაძლოა, შეწყდეს. სულიე ამბობს, რომ მაკრონის რეფორმებს Mission Food-ზე გავლენა არ ჰქონია, და აღნიშნავს, რომ შრომით კანონში ზოგიერთი ცვლილება, 2002-ში რომ იქნა მიღებული, მხოლოდ ახლა ხორციელდება, 15 წლის თავზე.

საფრანგეთის წინა მთავრობები ძველმოდური ბიზნესების, მაგალითად, ტაქსის ბიზნესის, ხელშეწყობითაც იყვნენ ავად განთქმულები მაშინ, როცა უფრო ახალ ბიზნესმოდელებს, მაგალითად, მგზავრობის გაზიარებას, არ წყალობდნენ. “მინდა, ეს ქვეყანა ძირგამომთხრელი და ახალი მოდელებისადმი გახსნილი იყოს, – ამბობს მაკრონი და იდეალისტურად ამატებს, რომ გამოსავალი კომპრომისშია. – ჩემი სტარტაპები გარკვეულ პრობლემებს უქმნიან ჩემს დიდ კომპანიებს, როგორიც EDF-ია”, – ელექტრომომარაგების ფირმას გულისხმობს, – მაგრამ ჩემთვის ეს ნორმალურია. EDF-ს ვუთხარი, ამ კომპანიაში უნდა ჩადოთ თანხები-მეთქი, შესაძლოა, ძირი გამოგითხარონ და, ამდენად, საუკეთესო გზა პარტნიორობაა-მეთქი”.

შესანიშნავი იდეაა, მაგრამ სახელმწიფოს გაუჭირდება, ყოფილ მონოპოლისტებს სტრატეგია უკარნახოს. “[მაკრონს] სიტყვები ქმედებებად არ უქცევია”, – ამბობს მაკრონის იმედგაცრუებული გულშემატკივარი იან ასკოე, რომელიც Uber-ის მეტოქე Chauffeur Privé-ს თანადამფუძნებელია. 2017-ში მისმა სტარტაპმა თავისი 15,000 მძღოლის ლამის მესამედი დაკარგა, როცა კანონმდებლებმა თეორიის ულტრართული გამოცდა დააწესეს; ეს ძველი ტაქსის მძღოლებისთვის გამოცხადებული აშკარა მხარდაჭერა იყო, რომელთა პროტესტი პარიზის ქუჩებს მოსდებოდა. – გადაწყვიტა, ამ საკითხს არ შეეხოს”.

მაკრონის კიდევ უფრო დიდი პრობლემა დანარჩენი მთავრობის (და კარგად დამკვიდრებული ბიზნესების, მაგალითად, ტაქსის ბიზნესის, მტკიცე მხარდამჭერი ჯგუფების) საქმეში ჩართვაა. ცინიკოსი ნიელი, რომელიც აცხადებს, რომ არჩევნებზე არ დადის და არც თვით მაკრონისთვის მიუცია ხმა, თვლის (და ეს გასაგებიც არის), რომ რეალური რეფორმა ანტრეპრენიორებიდან დაიწყება. მაგრამ რეფორმას ხმაური სჭირდება, ფრანგ ანტრეპრენიორებს კი ამგვარი ხმაურის გამოწვევა მაინცდამაინც არ მოსწონთ. ფულს კვლავ “ნეგატიური კონოტაცია აქვს”, – ამბობს Zenly-ს მარტინი, რომლის თქმითაც, ის და მისი თანადამფუძნებლები, მას მერე, რაც Snap-ს მიეყიდნენ, “მზის სხივებს მიღმა” რჩებიან. ბოლო სამ წელიწადში ნიკოლა სტიგმანმა თავისი სტარტაპი Stupeflix-ი GoPro-ს მიჰყიდა; პიერ ვალადმა Sunrise-ი Microsoft-ს მიჰყიდა; და ჟან-დანიელ გიომ Captain Train-ი – Trainline-ს. ყველა მათგანი “ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, – ამბობს მარტინი. – – არადა, ყველამ ცხრაციფრიანი გარიგება დადო”.

უცხოელები თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ საჯარო ყურადღების ობიექტთა რანგში და პროგრესსაც ამჩნევენ. “აქ გარკვეული არაფორმალური ატმოსფეროა, – ამბობს Station F-ის შუაგულში მოთავსებულ ლაიმისფერ ბალიშებიან სკამზე მოკალათებული კო. – ეს ძალიან არაფრანგულია. შეგიძლია, აქ ისეირნო, დიალოგი წამოიწყო და საკუთარი თავი სხვებს გააცნო. ეს მომწონს, რადგან თავს ისე მაგრძნობინებს, თითქოს შინ ვიყო”.

ფედელის თქმით, სილიკონის ხეობა ძლევამოსილ პლატფორმად იმიტომ იქცა, რომ მისი “კურსდამთავრებულები” ყოველ ახალ თაობას გაზრდაში ეხმარებოდნენ. “Station F-იცა და პარიზიც იმავე გამრავლების ეფექტი მოწმენი გახდებიან”. ახალი “კურსდამთავრებულებიდან”, Criteo-ს (რეკლამების ტექნოლოგიური გიგანტი, რომელიც საჯარო ბაზარზე 2013-ში გავიდა და დღეს $1.9 მილიარდადაა შეფასებული) და მგზავრობის გაზიარების აპლიკაცია BlaBlaCar-ის (რომელიც ჯერაც კერძოა, მაგრამ $1.4 მილიარდად არის შეფასებული) ვარსკვლავიდამფუძნებლები უკვე იქცნენ ე.წ. ანგელოზ ინვესტორებად პარიზული სტარტაპების ახალი თაობისათვის.

ეს ყველაფერი როდია: International Station F-ის აპლიკანტები განაცხადის შეტანის მოტივად სილიკონის ხეობის ხარჯებს, დონალდ ტრამპსა და ბრექსიტს ასახელებენ – სამ ფაქტორს, რაც ჯერჯერობით არ შეიცვლება. ისტორიულად, ამგვარ საჩუქრებს საფრანგეთი უაზროდ გაანიავებდა; სწორედ ამიტომაა, რომ მაკრონი ასეთ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. “ლიდერები, მეტწილად, რეფორმებს მანდატის ბოლოს ატარებენ”, – ამბობს ის. მაგრამ მან საპრეზიდენტო ვადის საწყისი ეტაპი დატვირთა მთავარი ინიციატივებით. “ის, რისი მიღწევაც დღესვე შეგვიძლია, ხვალისთვის არ უნდა გადავდოთ, – ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი. – სხვაგვარად, ძალიან დაგვიანებული იქნება”.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *