გასულ კვირას, საფრანგეთის ხელისუფლებამ იმ ძვირად ღირებული უძრავი ქონების ჩამონათვალი გაასაჯაროვა, რომელიც მან რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ომის დაწყების გამო დააყადაღა – ფრანგი მაღალჩინოსნების დათვლებით, ქონების ჯამური ღირებულება $620 მილიონს აღემატება.
ამ სიახლით ამერიკული Forbes-ი დაინტერესდა, რომელმაც გაარკვია, რომ ამ სიაში შემავალი უძრავი ქონების უდიდესი ნაწილი, ანუ 31 ვილა, სახლი და ბინა – 8 სანქცირებულ რუს მილიარდერს ეკუთვნის. საინტერესოა, რომ ამ 31 აქტივს, Forbes-ი $920 მილიონად აფასებს, რაც ოფიციალური საფრანგეთის დათვლებს საგრძნობლად აღემატება. აღსანიშნავია, რომ დღეს, ეს ქონება დაყადაღებულია, რის გამოც, მილიარდერებს მათი გაყიდვა და გაქირავება არ შეუძლიათ და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სანქციები ევროკავშირში შესვლის აკრძალვასაც მოიაზრებს, ოლიგარქები ვერც ამ სახლებითა და ვილებით სარგებლობას შეძლებენ.
საინტერესოა, რომ ზოგიერთი სანქცირებული უძრავი აქტივის შემთხვევაში, მისი მფლობელის ვინაობა ამ დრომდეც იყო ცნობილი, მაგრამ ზემოთ ხსენებული სიის გამოქვეყნებით, საფრანგეთის ხელისუფლებამ რამდენიმე სიახლესაც მოჰფინა ნათელი. როგორც გაირკვა, ფოლადის მაგნატი ვიქტორ რაშნიკოვი რამდენიმე ბინას ფლობს პარიზის ცენტრში, ელისეს სასახლის მოპირდაპირედ. ამავე კორპუსში ბინას ფლობს რომან აბრამოვიჩის ყოფილი მეუღლე, ირინა მალანდინა, მაგრამ მისი უძრავი აქტივი დაყადაღებული არ არის. პარიზის ერთ-ერთი პრესტიჟულ უბანში რამდენიმე ბინას კიდევ ერთი სანქცირებული რუსი მილიარდერი, ალექსეი კუზმიჩოვიც ფლობს. აღსანიშნავია, რომ დაყადაღებული ქონების უდიდესი ნაწილი უძრავი ქონების ჰოლდინგურ არაკომერციულ ორგანიზაციებზე (ფრან. „Sociétés Civiles Immobilières“ – SCI) მოდის
როგორც უკვე გაუწყეთ, აღნიშნული უძრავი ქონებით ამერიკული Forbes-ი დაინტერესდა, რომელმაც სანქცირებული ქონების დეტალური ჩამონათვალი მოამზადა, რომელსაც ჩვენ, უცვლელად გთავაზობთ.
რომან აბრამოვიჩი
დაყადაღებული უძრავი ქონების სავარაუდო ღირებულება – $340 მილიონი
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი ოლიგარქი, რომან აბრამოვიჩი საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე მდებარე სასახლეს ფლობს, სახელწოდებით Château de la Croë – უშუალოდ ეს 12-საძინებლიანი სასახლე 3000 კვადრატული მეტრის ფართობისაა და ის თითქმის 7 ჰექტრის ზომის მიწის ნაკვეთზე დგას. ცნობისთვის გეტყვით, რომ თავის დროზე, ეს სასახლე დიდი ბრიტანეთის მონარქს, მეფე ედვარდ მე-8-ს ეკუთვნოდა.
ამასთანავე, სანქცირებული უძრავი ქონების სიაში კარიბის ზღვაში მდებარე სენტ-ბარტის კუნძულზე არსებული სასახლე მოხვდა, რომელიც 28 ჰექტრის ფართობის მიწის ნაკვეთზე დგას. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს ერთადერთი უძრავი ქონება არ არის, რომელსაც აბრამოვიჩი კარიბის ზღვის კუნძულებზე ფლობს – მათ შორის, ერთ-ერთის მშენებლობა შეჩერებულია.
ალექსეი კუზმიჩოვი
დაყადაღებული უძრავი ქონების სავარაუდო ღირებულება – $57 მილიონი
საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე უძრავ ქონებას მილიარდერი ალექსეი კუზმიჩოვიც ფლობს – ვილა, სახელწოდებით La Petite Ourse (ქართულად – „პატარა დათვი“) კუზმიჩოვნა $57 მილიონად შეიძინა. საინტერესოა, რომ მილიარდერი ამავე სახელწოდების მქონე ორ იახტას – 22-მეტრიან La Petite Ourse-სა და 16-მეტრიან La Petite Ourse II-ს ფლობს, მაგრამ დღეს, ორთავე დაყადაღებულია.
ამერიკულმა Forbes-მა დაადგინა, რომ კუზმიჩოვი რამდენიმე ბინას პარიზის ცენტრში მდებარე ოთხ კორპუსშიც ფლობს.
ანდრეი მელნიჩენკო
დაყადაღებული უძრავი ქონების სავარაუდო ღირებულება – $80 მილიონი
როგორც საფრანგეთის ხელისუფლების მიერ გასაჯაროებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რუსი ოლიგარქი, ანდრეი მელნიჩენკო საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე მდებარე ვილა Altair-ს ფლობს, რომელშიც არის, როგორც კინოთეატრი, ასევე ღვინის მარანი, საუნა და საცურაო აუზი.
საინტერესოა, რომ ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, მელნიჩენკოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი „აბსურდული და აზრს მოკლებულია“ და დასძინა, რომ მელნიჩენკო მათ გაასაჩივრებს.
ვადიმ მაშკოვიჩი
დაყადაღებული უძრავი ქონების სავარაუდო ღირებულება – $6 მილიონი
როგორც ირკვევა, ვადიმ მაშკოვიჩი ნიცაში მდებარე 4-ჰექტრიან ვილას ფლობს, რომელიც მილიარდერმა 1998 წელს შეიძინა, $3.6 მილიარდად.
ალექსანდრ პონომარენკო
დაყადაღებული უძრავი ქონების სავარაუდო ღირებულება – $176 მილიონი
ოლიგარქი ალექსანდრ პონომარენკო საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე მდებარე ორ უზარმაზარ ვილას ფლობს, რომლებიც მილიარდერმა 2008 წელს, $134 მილიონად შეიძინა.
ვიქტორ რაშნიკოვი
დაყადაღებული უძრავი ქონების სავარაუდო ღირებულება – $200 მილიონი
საინტერესოა, რომ მილიარდერი ვიქტორ რაშნიკოვი ლაჟვარდოვან სანაპიროზე მდებარე ქონებას მისი ქალიშვილის, ოლგა რაშნიკოვას მეშვეობით ფლობს. ამ უძრავი ქონებიდან ერთ-ერთი 16-ოთახიანი Villa Nellcôte-ია, რომელიც ფორმალურად ორ კომპანიას, SCI Nellcote Baie de Villefranche-ს და SCI Baie des Figuiers-ს ეკუთვნის, თუმცა რაშნიკოვის ქალიშვილი, ორთავე კომპანიის 94%-ს ფლობს, თავად რაშნიკოვი კი ამ კომპანიების გენერალურ დირექტორად ირიცხება.
ზემოთ ხსენებული ვილა მე-19 საუკუნის 90-იან წლებში აშენდა და წლების განმავლობაში, რამდენიმე მნიშვნელოვანი მფლობელი გამოიცვალა 1940-იან წლებში, სასახლეში ნაცისტური გერმანიის „გესტაპოს“ ოფისი მდებარეობდა, ხოლო 1971 წელს, მას Rolling Stones-ის გიტარისტი, კით რიჩარდსი ქირაობდა.
არკადი როტენბერგი
დაყადაღებული უძრავი ქონების სავარაუდო ღირებულება – $62 მილიონი
ვლადიმირ პუტინის ბავშვობის მეგობარი და ძიუდოს სპარინგ-პარტნიორი, არკადი როტენბერგი, ლაჟვარდოვან სანაპიროზე მდებარე Villa Shoshana-ს ფლობს, რომელიც მილიარდერმა 2014 წელს შეიძინა, $47 მილიონად.
გენადი ტიმჩენკო
დაყადაღებული უძრავი ქონების სავარაუდო ღირებულება – უცნობია
ოლიგარქ გენადი ტიმჩენკოს მეუღლე, რომელიც ევროკავშირმა სანქცირებულ პირთა სიაში 8 აპრილს შეიყვანა, ლაჟვარდოვან სანაპიროზე ორ სახლს ფლობს. საინტერესოა, რომ იქვე მდებარე ორ ვილას ტიმჩენკოს ქალიშვილი ქსენია ფრენკ-ტიმჩენკო ფლობს. აღსანიშნავია, რომ ოთხივე ზემოთ ხსენებული უძრავი ქონება საფრანგეთის მთავრობამ დააყადაღა.
საინტერესოა, რომ ელენას და ქსენიას სახლები 5-ვარსკლავიანი სასტუმროს, Le Club de Cavalière-ის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამ სასტუმროს 61.9% სწორედ გენადი ტიმჩენკოს მეუღლეს, ელენას ეკუთვნის – მარტივად მისახვედრია, რომ ეს სასტუმროც დაყადაღებულია.
დატოვე კომენტარი